უმრავლესობამ ვენეციის კომისიის „ვერდიქტს“ დაასწრო

უმრავლესობამ ვენეციის კომისიის „ვერდიქტს“ დაასწრო

რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა გამოქვეყნდება. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ორ დათმობაზე მიდის.

ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებას გაახმოვანებდა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი შეიმუშავეს, რომელიც მმართველ პარტიასა და ვენეციის კომისიას  გადაეგზავნა.

დოკუმენტში დაფიქსირდა, რომ პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები რიგ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებენ. მათთვის მიუღებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადება, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, ასევე ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უმრავლესობა შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება - ცვლილებათა თანახმად, ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ;

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მეორე ცვლილება ყბადაღებულ „ბონუსებს“ ეხება - მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, აღნიშნული ცვლილებებით მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი გადადგა

როგორც ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დაიწყო, ძალიან ბევრი კომპრომისი გასწია მმართველმა გუნდმა, ძალიან ბევრი საკითხი დათმო ოპოზიციისთვის. ვინაიდან მათგან გრძელდებოდა მოთხოვნები, უმრავლესობამ გადადგა კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი.

„ბლოკების დაშვება 3%-იან ბარიერთან ერთად კომბინაციაში ერთჯერადად მოხდება 2020 წლის არჩევნებისთვის“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

იქიდან გამომდინარე, რომ პირველი და მეორე მოსმენის საკითხების შეცვლა რეგლამენტის მიხედვით ახლა შეუძლებელია, მესამე მოსმენით შინაარსობლივი ცვლილებების შეტანა სეუძლებელია, ამიტომმოხდება ახალი პროექტისინიცირება, რომელშიც მხოლოდ ეს ორი საკითხი იქნება მოცემული.

ჩუგოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ მმართველი გუნდი კვლავ რჩება კონსტრუქციულ რეჟიმში, ხოლო ოპოზიცია და პრეზიდენტი იყვნენ დესტრუქციულები.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ე.წ. ბონუსების სისტემა და საარჩევნო ბლოკები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. მისივე განმარტებით ეს არის ცვლილებები, რომელიც არ დააზიანებს ქვეყნის ინტერესს, ხოლო საზოგადოებას ექნება კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას.

რაც შეეხება მთავარ თემას, რომელიც ვენეციის კომისიამ ამოატივტივა და ბოლოს ისევ უმრავლესობას შეატოვა გადასაჭრელად, მდინარაძის თქმით, კონსენსუსი თავად ოპოზიციის მიზანი არ არის.

როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ოპოზიციას ბევრი არაფერი აქვს სათქმელი, თუმცა პოზიციას არ თმობს და ხელისუფლებას კვლავ აკრიტიკებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ თვლის რომ ამით ხელისუფლებას სურს, თავი მოიწონოს და საზოგადეობის წინაშე ეს ცვლილებაგაასაღოს, როგორც საკუთარი ინიციატივა და არა, როგორც დათმობა ვენეციის კომისიის მოთხოვნებისადმი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავრი მოთხოვნა იყო 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ჩაწერა კონსტიტუციაში. გოცირიძე თვლის, რომ ოპოზიციის არც ერთი პრინციპული მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის.

არასაპარლამენტო ოპოზიციაც თვლის, რომ მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება რეალურად არაფერს ცვლის.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მათ აინტერესებთ როგორ ჩატარდება არჩევნები 2020 წელს.

„2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დატოვებას ისედაც გვპირდებოდნენ, აქ სიახლე რა არის? ჩვენ ვიცით ერთი რამ - ამ ხელისუფლებამ ხალხთან განიხილა არჩევნების პროპორციული სისტემა, მაგრამ მიიღეს შერეული სისტემა, ანუ ხალხი მოატყუეს. ახლა იქ ბლოკს დატოვებენ თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული, მოატყუა საკუთარი მოსახლეობა, მოატყუა ევროპა და ამ რაღაცით ცდილობს თავი გაიმართლოს“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ის რამდენიმე დღეში დაიდება და როგორც უმრავლესობა იმედოვნებს, ისეთივე პოზიტიური იქნება, როგორც წინა შემთხვევაში იყო.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნაში შესაძლოა, საუბარი იყოს საარჩევნო სისტემის შემოღების ვადებთან დაკავშირებით.

„ეს არ არის პრინციპული საკითხი სამართლებრივ თემაზე. ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც ბუნებრივია, არის მნიშვნელოვანი. ჩვენი დათქმა, რომ არ მივიღებთ არც ერთ ნორმას, რომელიც სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღდეგება, ბოლომდე ძალაში რჩება. კონსტიტუციაში არც ერთი წინააღმდეგობრივი ნორმა არ იქნება“, - აცხადებს ბესელია.

მისივე განმარტებით, ყოველთვის იარსებებს პოლიტიკური შინაარსის საკითხები, რაც პოლიტიკური ძალების მხრიდან იქნება საკამათო და ეს ჩვეულებრივი პროცესია.

უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განმარტებით კი, საქართველოში დღეს კონსტიტუცია მოქმედებს, რომელიც 2010 წელს ე.წ. კონსენსუსით იყო მიღებული.

„ვიცით, რომ ეს ყველაფერი ერთ ადამიანზე იყო მორგებული. დღეს ძალიან კარგი დოკუმენტი გვაქვს და ტექსტი ძალიან კარგია, რასაც ვენეციის კომისია ადასტურებს. მართალია, რომ კონსენსუსის ხარისხი ვერ გაფართოვდა და გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რაც ოპოზიციის იმ პროვოკაციული მოქმედების შედეგად იყო, რაც მათ ამ თვეების განმავლობაში განახორციელეს. ვინაიდან, ტექსტი კარგია, კონსენსუსი უმრავლესობის შიგნით შედგა და საკონსტიტუციო უმრავლესობით მიღებულ კონსტიტუციას არანაირი პრობლემა არ ექნება. ის იქნება დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის წარმატებული ისტორიის ნაწილი იქნება“, - მიიჩნევს მდინარაძე.

უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ თუკი პრეზიდენტის მხრიდან ვეტო იქნება დადებული, ამ ვეტოსაც წარმატებით გადალახავენ.

ექსპერტ, ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, ყველასათვის ნათელია, რომ საქმე ეხება ცვლილებების შინაარსს და არა პროცედურებს.

„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება არც ამჯერად გაითვალისწინებს ოპოზიციის წინადადებებს, მაგრამ კონსტიტუციის მიღებით საპროტესტო პროცესი არ უნდა შეწყდეს, უბრალოდ, უნდა მოიძებნოს ახალი ფორმები მის გამოსახატად“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებისთვის მიუღებელია იმ ცვლილებების შინაარსი, რასაც ოპოზიცია ითხოვს. მისთვის ჯერ კიდევ საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე იყო ცნობილი თუ რა იქნებოდა უთანხმოების მთავარი საკითხი და რომ ნდომოდა, თავად მოახდენდა მის ინიცირებას, მაგრამ არ გააკეთა.

მოკლედ, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კვლავ პინგ-პონგის თამაში მიდისსაკონსტიტუციო თემებზე და როგორც ექსპერტთა ერთი ნაწილი თვლის, ოპოზიციას ეს ხმაური კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უფრო სჭირდება რეიტინგის გასაზრდელად, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როდესაც შესაძლოა, სულ სხვა ტიპის მოთხოვნები გახდეს აქტუალური.