თვითმმართველობის არჩევნებამდე 29 დღით ადრე, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიის ათეული გამოაქვეყნეს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის პროპორციული სიის ათეული წარადგინა - მარიკა დარჩია, ბექა დავითულიანი, თინათინ ნიბლოშვილი, ირაკლი ზარქუა, დათო რურუა, გიორგი ჩაკვეტაძე, დავით უჯმაჯურიძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ჯაფარიძე და გიორგი ალიბეგაშვილი.
პარტიულ სიაში ასევე, მოხვდნენ თედო ისაკაძე, ლევან დარახველიძე, ერეკლე კუხიანიძე, ანა ლაშხი, ლევან არველაძე, ლევან ჟორჟოლიანი, ნინო რუხაძე, მიხეილ მესხი, ბორის ფირცხელიანი, გიორგი კიკნაველიძე, ბექა სივსივაძე, მამუკა ხაბარელი, ირაკლი ქუთათელაძე, ლევან ფიფია და მარიამ კანდელაკი.
კალაძის თქმით, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად უნდა იზრუნონ თბილისის განვითარებისთვის, განსაზღვრონ დედაქალაქის პრიორიტეტული მიმართულებები და პოლიტიკა. კალაძე დარწმუნებულია, რომ დეპუტატობის კანდიდატები არჩევნებში გაიმარჯვებენ და თბილისის მთავრობასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ და პრობლემების სისტემატურად გადაწყვეტის გზებსაც დასახავენ.
„ეს ადამიანები იქნებიან მოქალაქეთა ინტერესების დამცველები თბილისის საკრებულოში. მათთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად ვაქცევთ თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად - ქალაქად, სადაც შექმნილი იქნება პირობები მოქალაქეთა დასაქმების, რეალიზებისა და დაფასებისთვის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, რომელიც წარდგენილი სიის მე-10 ნომერია, ამბობს, რომ კანდიდატისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სიის რომელი ნომერი იქნები, მთავარია გუნდთან ერთად, სწორი გადაწყვეტილებაა მიიღო. ალიბეგაშვილმა ჯერ არ იცის იქნება თუ არა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ის ამბობს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და ყველა გუნდის გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
„წინა მოწვევის დროს ვიყავი მესამე ნომერი. არ არის მთავარი, რომელი ნომერი იქნები, მთავარია გუნდთან ერთად სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და თბილისს წინსვლის საშუალება მისცე. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კი კონსულტაციები გაგრძელდება. აქამდე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
„ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, სიის პირველი ნომერი, ჟურნალისტი მარიკა დარჩია აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მთავარი თბილისის მიმართ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ჩემთვის. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობას, არ ყოფილა ჯერ ამაზე საუბარი. მე არ ვარ პარტიული, ვარ უბრალოდ მხარდამჭერი და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალშიც იქნება ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ და არამარტო მან ის გააკეთოს, რომ არასდროს არ დაგვწყდეს რაღაცაზე გული. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რომ მოქალაქეობრივი პასიხისმგებლობა არ დავკარგოთ ამ ქალაქის მიმართ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა მარიკა დარჩიამ.
„ევროპული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი გოკა გაბაშვილია. მისი თქმით, სია ამომრჩევლების მხარდაჭერით დაკომპლექტდება.
„მე ვარ სიის პირველი ნომერი. ამის შემდგომ სია არის პირობითი, ეს არის ძალიან დიდი სიახლე. სიის ნუმერაცია არის პირობითი და საკრებულოში შევლენ ისინი ვინც მიაღწევენ ყველაზე მეტ შედეგს პროპორციული სისტემით არჩევისას. ფაქტიურად თვითონ ამომრჩეველი დაწერს დააკომპლექტებს ჩვენს სიას“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
„ევროპული საქართველოსგან“ განსხვავებით პროპორციული სიის ათეული უკვე დააკომპლექტა „ნაციონალურა მოძრაობამ“. სიის პირველი ნომერი ნიკა მელია არის, შემდეგ მოდიან ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, მარიკა დათუკიშვილი, თორნიკე ბიკაშვილი, კოტე იოსელიანი, ნინო კვიტაშვილი და მარიამ გერსამია.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია შეიტანეს ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა. სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, ბესიკ დანელია, თენგიზ ომინაძე, როინ ხიჯაკიძე, მამუკა აჩბა, ნინო ჯურხაძე, ლია ცხვარიაშვილი, ზაზა ვაშაკიძე, ქეთევან ჩქარეული და თამარ ფაჩულია.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, გარდა წესიერებისა და პატიოსნებისა, „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წევრები გამოირჩევიან პროფესიონალიზმითაც და ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ისედაც დასუსტებულ თვითმართველობებს, ახლა როგორც არასდროს სჭირდება ეფექტური მმართველობა.
„ჩვენი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვიდნენ ისეთი ადამინები, რომელთაც სტკივათ და უყვართ ის ადგილები, სადაც კენჭს იყრიან, რომელთაც შესწევთ იმის ძალა, რომ შეასრულონ მიცემული სიტყვა და გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 17-მა საარჩევნო სუბიექტმა შეიტანა, მერობის 14 კანდიდატმა კი რეგისტრაციის გავლის მოთხოვნით მიმართა.კანონმდებლობის თანახმად, სიის შემოტანიდან ორი დღის ვადაში, საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური შეამოწმებს წარმოდგენილ სიებს და იმ შემთხვევაში თუ ამ სიებში არ იქნება დაფიქსირებული რაიმე ტიპის ხარვეზი, მაშინ სია რეგისტრაციას გაივლის.
„ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კი, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ანა მიქელაძე განმარტავს,ეს წერილობით ეცნობება საარჩევნო სუბიექტს.
„მათ მიეცემათ ორდღიანი ვადა აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად. თუკი კანონმდებლობის თანახმად იქნება წარდგენილი აღნიშნული სიები, სამი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია გაატარებს მათ რეგისტრაციაში. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ სიებში, ან მეორედ წარდგენილ სიებში აღმოჩნდება რაიმე ტიპის უზუსტობა ან კანონთან შეუთავსებლობა, წარმოდგენილი სია ვეღარ გატარდება რეგისტრაციაში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.