გაერო საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთს უპირისპირდება

გაერო საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთს უპირისპირდება

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერი განცხადებები გაკეთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან. მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა გაეროს ტრიბუნიდან კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე და ამ ფონზე რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა დაგმეს. თურქეთი, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ლიტვა - ამ ქვეყნებმა გაერო-ს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარადაჭერა საქართველოს.

რუსეთის მიმართ კრიტიკული იყო ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, რომელის განცხადებით, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია და პირდაპირ მონაწილეობს ომში აღმოსავლეთ უკრაინაში.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მოვალეობებში მთელ მსოფლიოში მშვიდობის დაცვა შედის, ის საქართველოს დაესხა თავს, ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და მონაწილეობს უკრაინის აღმოსავლეთში გაჩაღებულ ომში, რითაც პირდაპირ არღვევს გაეროს ქარტიას.

ჩემი სიტყვების ერთ-ერთი დადასტურება რუსულ-ბელარუსული სწავლებებია. ეს სწავლებები იმაზე მიანიშნებს, რომ კრემლი დასავლეთის მიმართ საკუთარ სიძულვილს ვერ უმკლავდება. ამ სწავლებების დროს კრემლი საკუთარ არმიას დასავლეთზე თავდასხმას ასწავლის. მოგიწოდებთ, ყურადღება მიაქციონ აღმოსავლეთ ევროპას, სადაც რუსეთი შანტაჟის, დაცინვის და აგრესიის მეთოდებს იყენებს“, - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებზე გაამახვილა ყურადღება ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა და ამ კონტექსტში ისაუბრა უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე. როგორც კალიულაიდმა აღნიშნა, ყირიმის ნახევარკუნძული, ისევე როგორც საქართველოს ნაწილი, ოკუპირებულია.

„აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო აგრესიას მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან, გარდა ამისა, გარდაცვლილთა შორის არიან ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისიის წევრები. ყირიმის ნახევარკუნძული ოკუპირებულია, ისევე როგორც - საქართველოს ნაწილი. გარდა ამისა, კონფლიქტია დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბახში“, - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.

სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტმა, რომელმაც გაეროს ტრიბუნიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება რეგიონული სტაბილურობის საფუძველია.

„მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტების მოგვარება რეგიონული სტაბილურობის საფუძველია. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ მთიანი ყარაბაღის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებისთვის“, - აღნიშნა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერ განცხადებებს აფასებენ თბილისში. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გაერო-ში გაკეთებულ განცხადებებს ნუ შევხედავთ როგორც მხოლოდ ტრიბუნიდან ნათქვამ სიტყვებს, იქ მსოფლიოს დამოკიდებულება ყალიბდება.

„საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ არის მნიშვნელოვანი. ეს მსოფლიოს დამოკიდებულებას გამოხატავს იმ მწვავე თემასთან მიმართებაში, რომელიც მსოფლიოს აწუხებს და მათი შეშფოთების, კონკრეტული მოქმედების თუ პოლიტიკური სტრატეგიის რაღაც სეგმენტს წარმოადგენს. ეს არის მნიშვნელოვანი. ნუ შევხედავთ ამას როგორც მხოლოდ ტრიბუნიდან ნათქვამ სიტყვებს. მსოფლიოს დამოკიდებულება ყალიბდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოსების შეფასებით, იშვიათი მოვლენაა, როდესაც წამყვანი ქვეყნები საქართველოს შესახებ საუბრობენ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს სახელის ხშირად მოიხსენიება, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია როდესაც თვით თურქეთის პრეზიდენტი ეხმაურება რუსეთის მიუღებელ ქმედებებს და ამასვე აფიქსირებენევროპის ქვეყნები, რომლებიც სრულიად მკაფიოდ საუბრობენ აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე.

„გაეროზე უფრო მაღალი ტრიბუნა მსოფლიოში არ არსებობს.საქართველოს მხადამჭერი განცხადება, რომ მხოლოდ ერდოღანს გაეკეთებინა, მაშინ ცალკე განხილვის საგანიიქნებოდა, მაგრამ როდესაც ლიტვის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე რომ რუსეთი უკვე სხვადასხვა ქვეყანაზე თავდასხმის სქემებს გამოიმუშავებს, რასაკვირველია ეს უკვე მიმანიშნებელია იმაზე, რომ რუსეთის ქმედების მიმართ ყურადღება გაიზრდება.

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრობლემების გაჟღერება, რასაკვირველია მიანიშნებს იმაზე, რომ მიტოვებულნი არ ვართ, რისი განცდაც ჩვენ 2008 წელს გვაწუხებდა და როდესაც, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი სრულიად მკაფიო არის ჩვენთან დამოკიდებულებაში, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი. ეს ყველაფერი  რასაკვირველია ოპტიმიზმის გარკვეულ შესაძლებლობას აძლიერებს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო მკვლევარი თამარ კიკნაძე განმარტავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სოლიდური ტრიბუნიდან, როგორიცარის გაერო, საქართველოს პრობლემის გაჟღერება.

„მორალური მხარდაჭერა მივიღეთ. ვუსმენდი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის  პრობლემები რეგიონისთის არის საფრთხის შემცველი და საჭიროა ამის მოგვარება. ანალოგიური განცხადება გააკეთა ლიტვამ, რომელიც ჩვენი პარტნიორი და მხარდამჭერი ქვეყანაარის. მაგრამ დროა უფრო აქტიურად დაიწყოს ამ საკითხზე ლაპარაკი.

განცხადებები კარგია,მაგრამ ამას პარალელურად უნდა ქმედება.ყველა ეს ქვეყანა მაინც უწევს ანგარიშსს რუსეთის სიძლიერეს. ამიტომ, ვთვლი, რომ თანამგობრობასთან ერთად საჭირო არის დიალოგზეგასვლა და აი ამ დიალოგისა და ვაჭრობის დროს,ასეთი მხარდამჭერი განცხადებები შეიძლება ჩვენს  სასარგებლოდ იყოს გამოყენებული.

მე, მომხრე ვარ იმისა, რომ დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკება. ჩვენ, რომ მას არ ველაპარაკებით,ეს აწყობს რუსეთს, ვიდრე ჩვენ. მოლაპარაკებას არასოდეს არა აქვს ალტერნატივა. მოლაპარაკების პროცესში რაღაცა შანსი მაინც ჩნდება. რუსეთი ჩვენზე გაცილებით ძლიერია, დიდია და რასაც უნდა იმას აკეთებს. გარდა მორალური მხარდაჭერისა, საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს“, - ამბობს თამარ კიკნაძე.