„კონსტიტუციის რეფორმის პროცესში გვსურს ვიხილოთ კონსტიტუციაში ასახული ვენეციის კომისიის დასკვნები“, - აცხადებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა, რომელმაც მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროეტის მომზადების პერიოდის განმავლობაში მთელი ეს დიალოგი იძლევა საფუძველს იფიქრონ, რომ რეფორმების პროგრამა შეესაბამება არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის, არამედ ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების ხედვას.
„ჩვენ კონსტიტუციის რეფორმის პროცესში გვსურს ვიხილოთ კონსტიტუციაში ასახული ვენეციის კომისიის დასკვნები. ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და მისმა თავმჯდომარემ ასეთი დაპირება მოგვცეს“, - განაცხადა საჯად კარიმმა.
მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული დოკუმენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტი არ აურჩევია ხალხს, როგორც კანონმდებელი, პრეზიდენტი არ არის კანონმდებელი.
დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტი სცდება თავის კომპეტენციას და იჭრება საკანონმდებლო საქმიანობაში.საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არსებული სახით მესამე მოსმენით იქნება მიღებული, პრეზიდენტის ვეტო კი დაიძლევა.
„კიდევ უფრო გაუგებარია ამ პროცესს რა მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს ან საერთაშორისო საზოგადოებაში ან ხალხთან. ჩვენ გვჭირდება ყველაზე მთავარი მოკავშირის - ხალხის მხარდაჭერა. ხალხს უნდა მოსწონდეს ეს კონსტიტუცია და მნიშვნელოვანია ეს პროცესი გავიაროთ ისე, რომ ქვეყნის ძირითად კანონს ბოლომდე ჰქონდეს მხარდაჭერა“, - განაცხადაეკა ბესელია.
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული დოკუმენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, გიორგი მარგველაშვილს იმედი აქვს, მმართველი გუნდი გაიაზრებს, რომ პულტებით, ხელის გადაგრეხვით თანხმობის დოკუმენტს ვერ მიიღებენ. ოპოზიციასთან ერთად შექმნილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გადაეგზავნა როგორც ვენეციის კომისიას, ასევე უმრავლესობას.
„ძალიან მნიშვნელივანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ის კლიშე, რომ განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვერ თანხმდებიან - დანგრეულია. მე მიხარია, რომ მივედით ერთიან ხედვამდე და იმედი მაქვს, რომ თანხმობის მოტივაცია გადაძლევს იმ სიხისტეს, რომელიც უკვე მერამდენედ ახასიათებს იმ ძალას, რომელსაც გააჩნია პულტები.
უკვე მერამდენედ ეს ძალა არ უყურებს წინა გამოცდილებას, რომ იძულებით რაღაცის მიღება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. ჩვენ უნდა შევქმნათ თანაცხოვრების და თანხმობის დოკუმენტი და არავის უნდა მოვახვიოთ თავს შეხედულება, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. კონსენსუსის მაგალითი უკვე მისცეს პარტიებმა და მე იმედი მაქვს, რომ ამ მაგალითს გაიზიარებს მმართველი ძალაც“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თავის მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას ელოდებიან ოპოზიციაში.საერთო დოკუმენტის გარშემო გაერთიანებული 20 პოლიტიკური ერთეული, საკონსტიტუციო ცვლილებების ერთპარტიულად მიღების შემთხვევაში პასუხისმგებლობას შემდგომ პროცესებზე „ქართულ ოცნებას” აკისრებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, გამოიჩინოს გონიერება და განაახლოს დიალოგი ან დარჩეს საკუთარ ახირებულ პოზიციაზე და ქვეყანას დაუტოვოს კონსტიტუცია, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი შეფერხება იქნება დემოკრატიის განვითარებისთვის.
„მმართველმა გუნდმა ისე წარმართა პროცესები, რომ არ ითვალისწინებს ქართული საზოგადოების მოთხოვნებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით. არ გაითვალისწინა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი, რომ ფართო ჩართულობით იქნებოდა საკონსტიტუციო ტექსტი შედგენილი.
ჩვენ ერთიანი პოზიციის დაფიქსირებით ვეხმიანებით საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას და ვაფიქსირებთ, რომ პოლიტიკური სპექტრი გარდა „ქართული ოცნებისა“, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვართ მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, შევთანხმდეთ ერთიან პრინციპებზე“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილების არსებული ფორმით მიღება, „ქართული ოცნების“ კრახის დასაწყისი იქნება. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს კონსტიტუცია არ იქნას მიღებული.
„ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს შეასრულოს ივანიშვილის დავალება და არ გაითვალისწინოს სხვა არავის აზრი, იქნება ეს: ვენეციის კომისია, ოპოზიცია, პრეზიდენტი, სამოქალაქო სექტორი თუ ამომრჩეველი. ეს მათ ძალიან საშიშ შედეგამდე მიიყვანს. ეს იქნება მათი პოლიტიკური კრახის დასაწყისი. ამაში დარწმუნებული ვარ. აქ მნიშვნელოვანია არა „ქართული ოცნება“, არამედ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ფორმით ეს კონსტიტუცია არ იქნას მიღებული“, - განცხადა თინა ბოკუჩავამ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ გაიზიარებას პრეზიდენტის და ოპოზიციის ალტერნატიულ პროექტს. მისი თქმით, უმრავლესობისთვის საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე იყო ცნობილი, რომ ოპოზიციას და პრეზიდენტს ამ სახის მოთხოვნები ექნებოდა.
„ეს ყველასთვის ცნობილი იყო ისედაც. ამიტომ პროცესი ჩიხში იმთავითვე შევიდა, როცა საკონსტიტუციო კომისიამ დაიწყო მუშაობა. საკონსტიტუციო უმრავლესობა კენჭს უყრის და მიიღებს კონსტიტუციის იმ ვარიანტს, რაც მისთვის არის ხელსაყრელი, ისევე როგორც 2010 წელს მიიღეს ნაციონალება,1995 წელს შვარდნაძემ და 1991 წელს გამსახურდიამ. ყოველთვის ხელისუფლება ღებულობდა იმ კონსსტიტუციას, რაც მას უნდოდა. არასდროს კონსტიტუცია არ ყოფილა ერთობლივი მთლიანი კონსესუსის საგანი. ასე რომ, ახალი და გასაკვირი აქ არაფერი არ არის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მიუხედავად ყველაფრისა, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ პროცესში გარკვეული სახის სიახლე შვიდა. თუმცა ეეჭვება, რომ ძველი პოზიციის ახალ ქაღალდზე გადმოწერამ რაიმე შეცვალოს.
„მოთხოვნები იგივე დარჩა. პრინციპში არაფერი არ შეცვლილა იმ არენაზე, სადაც აქამდე ვითარდებოდა პროცესები. ანუ, ოპოზიცია თავის მხრიდან კონსესუსზე არ წასულა, მან უბრალოდ მიიჩნია, რომ ერთმანეთში თუ შეთანხმდნენ ეს არის კონსესუსი. კონსესუსი არის სწორედ ის, რომ შეთანხმდე იმასთან, ვისაც აქამდე არ ეთანხმებოდი და მოძებნო დათმობის წერტილები შენი მხრიდან.
ოპოზიციის მხრიდან დათმობის წერტილი, რომ არ იყო მოძებნილი, ამიტომ იყო ჩიხში შესული სიტუაცია. ამ შემთხვევაშიც ოპოზიციის მხრიდან არ არის ნათქვამი, რას თმობენ ახალ დოკუმენტში. შესაბამისად მეეჭვება, რომ ძველი პოზიციის ახალ ქაღალდზე გადმოწერამ მდგომარეობა შეცვალოს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.