„ქართული ოცნება“ გარდაბანში „კაცის კაცს“ წარადგენს?..

„ქართული ოცნება“ გარდაბანში „კაცის კაცს“ წარადგენს?..

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვემო ქართლის მოსახლეობას მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს 30 სექტემბერს წარუდგენს. ეს, შესაძლოა, გარდაბანში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დაშლის საფუძველი გახდეს. მიზეზი კი, გარდაბნის რაიონის გამგებელობის კანდიდატი - რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები არიან.

რამაზ ბუდაღაშვილი ჯერ-ჯერობით ოფიციალურად წარდგენილი არ არის, მაგრამ გარდაბანში საარჩევნო ბანერი უკვე გამოკრულია. ბუდაღაშვილი for.ge-სთან საუბრისას, წინმსწრებად ბანერის გამოკვრას იმით ხსნის, რომ მისი, როგორც გამგებლის კანდიდატის წარდგენა გადაწყვეტილია და ეს 30 სექტემბრეს, რუსთავში მოხდება.

გარდაბანში ბუდაღაშვილის ბანერის გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები ხელისუფლებას ბუდაღაშვილის წარსულს ახსენებენ და მოქმედი გამგებლის, გოჩა ჯამარაულის კანდიდატურის შენარჩუნებას ითხოვენ. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, პოლიტსაბჭო სავარაუდოდ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

ამ დრომდე უცნობია რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ მოქმედი გამგებლის კანდიდატურაზე და რატომ გააკეთა არჩევანი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ რამაზ ბუდაღაშვილზე, რომელსაც გარდაბანში არჩევნების მთავარი გამყალბებლის სახელით იცნობენ.

რაც შეეხება მოქმედ გამგებელს, გოჩა ჯამარაულს, for.ge-ს ინფორმაციით, ჯამარაულსა და ხელისუფლების გარკვეულ წრეებს შორის უთანხმება მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ჯამარაულმა გარდაბნის შესასველში დეკორატიული სვანური კოშკის აშენება დაიწყო. შესაბამისმა სამსახურებმა ჯარამაულის გადაწყვეტილება არაპოლიტკორექტულად მიიჩნიეს, რადგან ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა და ამ მოტივით მშენებლობა შეაჩერებინეს. ამ შეჩერებამ რომ გარდაბნის ეთნიკური ქართველების (მათ უმრავლესობას სწორედ სვანები შეადგენენ) უკმაყოფილება გამოიწვია, ამაზე არავის უდარდია (ალბათ, გამგებლის გარდა).

თუმცა, ეს მხოლოდ ყველასთვის დასანახი ფაქტი იყო, სინამდვილეში ჯამარაულის „ურჩობით“ უკმაყოფილება უფრო ადრეა დაწყებული: ჯამარაული, რომელიც ადგილობრივია და კარგად ფლობს სიტუაციას, როგორც კი გახდა გამგებელი, პირველი რაც გააკეთა, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თანამდებობიდან გათავისუფლება. როგორც for.ge-ს წყარო ამბობს, ამ შემთხვევაშიც მას დაურეკეს „ზევიდან“ და უთხრეს, რომ ეს ხალხი უნდა დარჩენილყვნენ სამსახურში, რაზეც ჯამარაულმა უარი უთხრა, რადგან, საუბარი იყო ადამიანებზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში, მათ შორის მიწების გაყიდვაში. მაშინ ჯამარაულმა თავისი გაიტანა და ყველა გაუშვა სამსახურიდან.

უკმაყოფილების თემა იყო კუმისიც და კერძოდ, იქ დაგეგმილი არაბული სოფელი, რომლის ინფრასტრუქტურის ობიექტების შესახებ განაცხადები დღესაც გამგებლის თანხმობას ელოდება (და ალბათ უსასრულოდ მოუწევდათ ლოდინი, ჯამარაული რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე).

გარდა ამისა, ჯამარაულმა ხელი არ მოაწერა რაიონში მეჩეთის მშენებლობას. იგივე წყაროს ინფორმაციით, ამაზეც ასევე სერიოზულად უსაყვედურეს პარტიიდან, რადგან მეჩეთი „სოკარის“ მხარდაჭერით შენდებოდა და ჯამარაულის გადაწყვეტილება „სოკარის“ უკმაყოფილების მიზეზი გახდა. გარდაბანში „სოკარი“ განაგებს ყველაფერს, ძალიან ბევრ პროექტს აფინანსებს და ამიტომ მთავრობა იძულებულია, ძალიან ბევრ საკითხზე ანგარიში გაუწიოს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლების ინტერესების პირდაპირი გამტარებელია.

for.ge დაუკავშირდა ჯერ კიდევ მოქმედ გამგებელს გოჩა ჯამარაულს, მაგრამ მან ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

გარდაბანში მოსახლეობა ჯამარაულის მხარდასაჭერ აქციებს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პერიოდში ბევრი მიტოვებული პროექტი დასრულდა, მათ შორის - გაზიფიცირება და სასმელი წყლის გაყვანა. ბევრი სხვა გამგებლისგან განსხვავებით, რომლებიც თვეში ორ-ორ პრემია-დანამატს იღებენ, ჯამარაულს თავისი ხელფასიც კი არ აუღია, მთლიანად რიცხავს სპეციალურად შექმნილ ფონდში და უკვე თითქმის 60 ათასი ლარია დახარჯული ხელმოკლე, ავადმყოფი, თუ სხვა პრობლემების მქონე გარდაბნელების პირდაპირ ფინანსურ დახმარებაზე (როგორც ცნობილია, გოჩა ჯამარაული გამგებლის ხელფასის იმედად არ არის - ის წარმატებული ფეხბურთელი იყო, დიდი ხნის განმავლობაში უკრაინასა და შვეიცარიაში თამაშობდა და მაშინ გამომუშავებული ფული საკმაოდ წარმატებით დააბანდა სამედიცინო ბიზნესში - შარშან დივიდენდის სახით რამდენიმე ასეული ათასი ლარი მიიღო).

რაც შეეხება რამაზ ბუდაღაშვილს, ის 2008, 2010,2012 წლებში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაბანში. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, გარდაბანი არჩევნების გაყალბების პოლიგონი იყო, შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალები“ გაყალბების „საპილოტე ცდებს“ სწორედ გარდაბანში ატარებდნენ, ხოლო ამის დიდოსტატი - სწორედ ბუდაღაშვილი გახლდათ, რომელიც „ნაციონალებს“ შორისაც კი გამოირჩეოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აქტიურობით, რაც მათი მაშინდელი ლიდერის მიმართ სახალხოდ უშვერ ლანძღვა-გინებაშიც არაერთხელ გამოხატულა.

ამავე წყაროს განმარტებით, ბუდაღაშვილი და მისი კომისიის წევრები იმდენად გათავხედებულები და თან დაოსტატებულები იყვნენ, რომ  2012 წელს საპარლამენტო არჩევებზე პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუსტად 55,5% დაუწერა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 41%(!). ადამიანი, რომელიც ნაციონალების სასრგებლოდ აყალბებდა არჩვნებს, დღეს „ქართული ოცნების“ კანდიდატია გარდაბანში. ეს ცვლილება ისე მოხდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. უფრო მეტიც: გარდაბანში, პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა ჯამარაულია, წესით კი ახალი კანდიდატი სწორედ ამ ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრი გარდაბანში ზაზა გელოვანი აცხადებს, რომ ცალსახად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის და ამომრჩევლის პოზიცია რამაზ ბუდაღაშვილთან დაკავშირებით. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ბუდაღაშვილთან მიმართებაში გადაწყვეტილებას არ შეცვლის, გარდაბანში „ქართული ოცნების“ მოქმედი გუნდი დაიშლება და პარტია უკვე სხვა კანდიდატზე იმუშავებს.

„რამოდენიმე დღე არის დარჩენილი და იმედი გვაქვს, რომ გონს მოეგებიან. მარტო პარტიის დატოვებზე არ არის საუბარი, ხალხი სხვა პარტიებზე იმუშავეს.  ეს პროცესი დაწყებულია მარნეულში. ჩვენთანაც იგივე განმეორდება. თუ ბუდაღაშვილი დატოვეს, გამოდის, რომ „ნაციონალები“ გაათეთრეს გარდაბნის რაიონში და ჩვენ რა გვესაქმება იმ ადამიანებთან, რომლებიც ნაციონალების დროს გვებრძოდნენ?!

მე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავართ, ძალიან კარგად ვიცი, რას აშავებდნენ და როგორ აფუჭებდნენ. იგივე ხალხი თუ შემოიყვანეს, მაშინ ჩვენი ადგილი იქ არის - გამორიცხულია. რადაგან, ეს აღარ იქნება „ქართული ოცნება“, ეს იქნება „ნაციონალური ოცნება“. ჩვენ კი, ვიმუშავებთ კარგი ადამიანების სასრგებლოდ.

ბუდაღაშვილი გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ მედროშე, საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე, ყველა გაყალბებული არჩევნების ავტორი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ 55,5% დაუწერა, „ქართულ ოცნებას“ 41% - ამაზე მეტი დაცინვა რა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. აი ასეთი ადამიანი შემოგვთავაზა პოლიტსაბჭომ გამგებლის კანდიდატად. შეურაცხყოფილები ვართ“, - აცხადებს ზაზა გელოვანი.

როგორც გელოვანი აცხადებს, მისთვის უცნობია, რატომ გააკეთა პოლიტსაბჭომ ბუდაღაშვილზე არჩევანი და ვინ იყო მისი რეკომენდატორი. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებთან საერთოდ არ საუბრობენ პოლიტსაბჭოს წევრები, მიუხედავად ამ უკანასკნელთა მხრიდან დაკავშირების არაერთი მცდელობისა:

„ჩვენივე გუნდშია პრობლემები მოსაგვარებელი. ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და ცენტარლურ ოფისს, სადაც ეს კულუარული შეხვედრები მიმდინარეობს. ბუდაღაშვილთან ერთად საკრებულოს წევრად წარდგენილი არიან ის ადამიანები, ვინც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებული კანდიდატები იყვნენ და რომლებსაც ბუდაღაშვილმა მაღალი პროცენტები „დაუსვა“. ზუსტად ის ხალხი შემოვიდა ახლა მაჟორიტარებად სოფლებში.

2-3 ადამიანის გარდა, უმრავლესობა ბუდაღაშვილის და ფეიქრიშვილის სამეგობრო არიან. გამგებლობისა და მერობის კანდიდატებს ტრენინგებს უტარებენ ცენტრალურ ოფისში. წარმოიდგინეთ: ბუდაღაშვილი ტრენინგებზე დადიოდა ისე, რომ ჩვენ - პარტიამ, მისმა თავმჯდომარემ და საკრებულოს ფრაქციამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით! ჩუმად „შემოგვიცურეს“ ბუდაღაშვილის კანდიდატურა და უკვე ფაქტის წინაშე დაგვაყენეს! ხალხად არ ჩაგვთვალეს...“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაზა გელოვანი.

ბრალდებას უარყოფს რამაზ ბუდაღაშვილი, რომელის განცხადებით, სისულელეა საუბარი იმაზე, რომ ნაციონალების სასარგებლოდ აყალბებდა არჩევნებს. კითხვაზე, როგორ მოხდა ისე, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში 55,5% მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 41% „ქართული ოცნებამ“, ბუდაღაშვილი შემაჯამებელი ოქმის ნახვას გვირჩევს:

„მე რა დავსვი?! ეგ არის სისულელე. ცესკოს საიტზე ატვირთულია შემაჯამებელი ოქმი და თქვენ თვითონ გაარკვიეთ. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის როგორი სისულელე იცით? ხომ შეიძლება ერთი ფაქტი დაასახელონ. ჭორებებზე და სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აცხადებს რამაზ ბუდაღაშვილი.

for.ge-სთან ბუდაღაშვილი აცხადებს, რომ მისი კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა - ცენტარლურმა ხელისუფლებამ, რადგან ის გარდაბნის მუნიციპალიტეტში 1990 წლიდან მუშაობს და გამოცდილი კადრია (რამდენად საამაყოა 90-იან წლებში, ან თუნდაც „ნაციონალების“ დროს, სახელისუფლებო სტრუქტურებში მუშაობა, ეს მკითხველმა გადაწყვიტოს).

რამაზ ბუდაღაშვილის, როგორც გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, საქმიანობას კარგად იცნობს „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და ადასტურებს, რომ სწორედ ბუდაღაშვილის მანიპულაციების გამო წააგო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან:

„ჩემთვის უცნობია, რატომ გაკეთდა ეს არჩევანი. ვფიქრობ, რომ ბუდაღაშვილს ლობირებდა ის ჯგუფი, რომელსაც მუდმივად „ეკუთვნოდა“ გარდაბნის რაიონი. ეს არის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლილუაშვილი-ფეიქრიშვილის ტანდემი. 90-იან წლებიდან მოყოლებული ასეა. თემურ ფეიქრიშვილმა, რომელიც 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობის“ სიით იყრიდა კენჭს, სწორედ რამაზ ბუდაღაშვილის დამსახურებით გაიმარჯვა. ის იყო კომისიის თავმჯდომარე და მან დაუმტკიცა ეს გაყალბებული არჩევნები“, - აცხადებს მამუკა არშეიძე.

მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ფეიქრიშვილმა და მისმა გუნდმა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ძალიან ახლოს მიუჩოჩდნენ „ქართულ ოცნებას“. როგორც არშეიძე ამბობს, ფეიქრიშვილი საერთოდ გავიდა ფრაქციიდან და შეუერთდა „კონსერვატორებს“.

„ჩემთვის ცნობილია, რომ ეს ჯგუფი ძალიან ახლოს იყო პარლამენტის ერთ-ერთ სპიკერთან, ზვიად ძიძიგურთან. ერთი პერიოდი „კონსერვატორებში“ შესვლაც უნდოდათ. არა მხოლოდ ფეიქრიშვილი, არამედ გარდაბნის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრებიც დაესწრნენ კონსერვატორების ყრილობას.

თუმცა, შემდეგში კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობამ აღარ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ისინი დარჩნენ უპარტიო მხარდამჭერებად. იმ პერიოდში მათ ნამდვილად ეხმარებოდა ზვიად ძიძიგური. დღეს არ ვიცი, როგორი მდგომარეობაა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს იმ პერიოდის თანამშრომლობის  გამოძახილია. არ არის გამორიცხული, რომ ძიძიგური სულ არ იყოს ჩარეული ამ გადაწყვეტილებაში და ფეიქრიშვილმა მოახერხა სხვა ნავში გადახტომა, რითაც თავისი ადამიანის (ანუ ბუდაღაშვილის) დაწინაურება მოახერხა.

ეს ფეიქრიშვილი იყო ვაჟა ლილუაშვილის კაცი, ბუდაღაშვილი კი ფეიქრიშვილის კაცი იყო. კაცის კაცი, რა უნდა იყოს წარმოგიდგენიათ?!

მოქმედი გამგებელი ძალიან დაახლოებული იყო „ქართულ ოცნებასთან“. როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული რამ მოხდა კულუარებში, რამაც განაპირობა ის, რომ უარი თქვეს ჯამარაულზე და არჩევანი გააკეთეს ბუდაღაშვილზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.