გიორგი კახიანი: „პრეზიდეტის სურვილია მუდამ პოლიტიკურ ეპიცენტრში იმყოფებოდეს“

გიორგი კახიანი: „პრეზიდეტის სურვილია მუდამ პოლიტიკურ ეპიცენტრში იმყოფებოდეს“

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტის მომზადების ინიციატივით ვეტოსთვის ემზადება. როგორც კახიანი აცხადებს, პრეზიდენტის პოლიტიკური დღის წესრიგი გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტი, რომელსაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიმუშავებენ, პარლამენტს ვეტოს ფარგლებში, მოტივირებული შენიშვნების სახით წარუდგინონ.

for.geგიორგი კახიანს ესაუბრა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელზეც პრეზიდენტი და ოპოზიცია შეთანხმდნენ, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას, მმართველ ძალას და ვენეციის კომისიას წარუდგენენ. როდესაც პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციაზე საუბრობს, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ საკონსტიტუციო პროექტი, რომლის მესამე მოსმენით მიღებისთვის ემზადება პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს დაადებს?

გიორგი კახიანი: როდესაც პრეზიდენტი ამგვარი ინიციატივით მოუწოდებს ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ შეიკრიბონ და ერთიანი კონსტიტუციური კანონის პროექტი შეადგინონ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ინიციატივით პრეზიდენტი ვეტოსთვის ემზადება. რა მიძლიერებს ასეთ მოსაზრებებს – რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას მესამე მოსმენით არ მივიღებთ მანამ, სანამ არ იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე.

შენიშვნები, რომელიც ჰქონდა ვენეციის კომისიას, გაითვალისწინა მმართველმა გუნდმა? სწორედ ამას გედავებათ ოპონენტები, რომ არ გაითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები...

– ის შენიშვნები, რაც ვენეციის კომისიას თავდაპირველ რედაქციაზე ჰქონდა, ფაქტიურად სრულად გავითვალისწინეთ. ნაკლებად ველოდები, რომ რაიმე სამართლებრივი შენიშვნა ექნება ვენეციის კომისიას მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე.

მათ შორის ეს ეხება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხსაც?

– რა თქმა უნდა. რადგან ვენეციის კომისია თავის დასკვნაში ღიად საუბრობს იმაზე, რომ წარმოდგენილ კონსტიტუციურ მოდელს არ შეესაბამება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ანუ, ის რაც ჩვენ დავადგინეთ, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, ვენეციის კომისიამ ამას მხარი დაუჭირა. ეს რა თქმა უნდა, პრეზიდენტისთვის არ იქნებოდა მისაღები. დიდი გათვლა არ სჭირდება იმას, რომ ამ საკითხთან მიმართებაში მეორე მოსმენის შედეგად მიღებულ კონსტიტუციურ კანონპროეტზეც ანალოგიური დასკვნა იქნება.

ეს საკითხი სენსიტიურია პრეზიტენტისთვის. ამიტომ ფიქრობს, რომ საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ვეტოს გამოყენებამდე. კერძოდ, შეკრიბოს ოპოზიციური ჯგუფები და შეადგინონ კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელშიც სავარაუდოდ სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იქნება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე. ამ ფორმით პრეზიდენტი იძლიერებს თავის პოზიციას.

ამიტომ, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტის ალბათ ძალიან კარგად ესმის, რომ იმ იმ რეალური მცდელობების შემდგომ, რომელიც ჩვენ გვქონდა და სამწუხაროდ ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ, დღესაც ამ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია და დარწმუნებული ვარ პრეზიდენტიცასე ფიქრობს. თუმცა, ერთის მხრივ, პრეზიდენტის ეს მცდელობა შიძლება ამოფარებულია იდეას, რომ თუ კიდევ არსებობს ამის შანსი, იქნებ რაღაცნაირად კონსენსუსი იქნეს მიღწეული.

მაგრამ, ჩემი აზრით, რეალურად ეს არის მცდელობა იმისა, რომ ვეტოზე მოიპოვოს ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა. თუ გავითვალისწინებთ ვეტოს სპეციფიკას,   პრეზიდენტი ვალდებულია წარმოადგინოს თავისი კანონპროექტი. კერძოდ,
პრეზიდენტის პოლიტიკური დღის წესრიგი სავარაუდოდ გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტი, რომელსაც ოპოზიციასთან ერთად შეიმუშავებს, შეიძლება, მის მიერ წარმოდგენილ ვეტოში შენიშვნების სახით იყოს. ვფიქრობ, რომ ეს ამ მიზანს ემსახურება.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს,  ხარვეზები არის, მაგრამ საერთო ჯამში უნიკალური კონსტიტუციური პროექტია. მაგრამ ასე არ მიიჩნევს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ დაიდო „რაღაცა დოკუმენტი“, ამიტომ უნდა მოხდეს ახალი ვერსიის შემუშავება. შესაძლებელია, რომ უმრავლესობამ გაითვალისწინოს პრეზიდენტის ვერსია?

- ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა მთელ ამ პროცესში, რასაც კონსტიტუციული რეფორმის პროცესი ჰქვია, ვერ შეძლოპოზიტივის შეტანა. პრეზიდენტი ერთადერთი იყო, რომელიც ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი და გაუგებარი მიზეზით, თავიდანვე გაემიჯნა კონსტიტუციური რეფორმების პროცესს. მე ვთვლი, რომ მისი ამ ძალიან დიდი შეცდომით და ამ გადაწყვეტილებით, თავისი თავი ჩააყენა ასეთ მდგომარეობაში, რომ ნებიმიერი ინიციტივა, კომენტარი, თუ განცხდება, სამწუხაროდ, არანაირი პოზიტივის მომტანი არ იყო ამ პროცესისთვის.

პირიქითაც შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტს ჰქონდა თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და იმ პროცესებს, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აწარმოებდა, თავისი პოლიტიკური გათვლები ჰქონდა. ვფიქრობ,ამ შემთხვევაშიც პრეზიდეტი ხვდება, რომ კონსენსუსის მიღწევა არის შეუძლებელი. იმიტომ, რომ კონსენსუსის მისაღწევად რეალური ნაბიჯები გადავდგით. თუმცა ჩვენს ნაბიჯებზე პასუხად მივიღეთ სრული დესტრუქცია. უფრო მეტსაც გეტყვით, ულტიმატუმები მივიღეთ.ასეთ ვითარებაში,ვიდრე ოპოზიცია სწორად არ გაიაზრებს კონსენსუსის აზრს და მნიშვნელობას, წარმოუდგენელია რაიმე კონსენსუსსზე საუბარი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა შანტაჟისა და ხელის გადაგრეხვით მოქმედებს. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა. აშანტაჟებთ მართველი გუნდი მაჟორიტარებს?

- ვერ ვხვდები რას ვაშანტაჟებთ. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესთან მიმართებაში  უკვე იმდენად არარელევანტურია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებები, რომ მისიგანცხადებების მოსმენის ინტერესიც არ მაქვს. ყოველთვის ჩვენ ინიციატივას ვამაგრებდით ძალიან მყარი სამართლებრივი არგუმენტებით. ამის საწინააღმდეგოს ვერ ვისმენდით. ჩვენს სამართლებრივ და საკმაოდ ძლიერ არგუმენტებს,მეორე მხრიდან უპირისპირდებოდა დემაგოგია, პოპულიზმი და ფაქტიურად სამართლებრივი არგუმენტები საერთოდ არ უხსენებიათ, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს.

გვაქვს ძალიან კარგი კონსტიტუციური კანონის პროექტი და თქვენ ბატონი ავთო ახსენეთ, რომელიც ამბობს რომ ეს არის უნიკალური კონსტიტუცია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ უნიკალურ კონსტიტუციას არა აქვს კონსესუსი. ე.ი აქ სხვა რაღაცაშია პრობლემა. აქ პოლიტიკურ სიბრტყეშია პრობლემა და არა კონსტიტუციური კანონის პროექტში. იმიტომ, რომ პირველ რიგში პროექტი არის სამართლებრივი აქტი და თუ მას კონსესუსი არა აქვს, უკვე პრობლემა იქ უნდა ვეძებოთ, თუ რატომ არ აქვს.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ აქვს პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერა ამ კონსტიტუციურ პროექტს?

- თუ რატომ არ უჭერდა პრეზიდენტი მხარს ამ პროცესს, პირველ რიგში მას უნდა ჰკითხოთ.

პრეზიდენტი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხალხთან არ უსაუბრიათ, სადღაც გადაწყდა და თვლის, რომ ამ ცვლილებას ქვეყანა უკან მიჰყავს...

- თუმცაგანსხვავებული შეფასება აქვს ვენეციის კომისიას. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საწინააღმდეგო არგუმენტად შეიძლება გამოდგეს ვენეციის კომისის დასკვნა. არ არის პოლიტკურად ანგაჟირებული, დასკვნა კეთდება კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში. სწორედ ეს არის სამართლებრივი დასკვნა. პრეზიდეტს ალბათ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ის არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი და როგორც ასეთი, რაიმე განსაკურებული უფლებამოსილებები, აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში არ გააჩნია.

ეს არის 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმის შედეგად არსებული ინსტიტუცია. ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, მას განსხვავებული სტატუსი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდეტის სურვილია მუდამ პოლიტიკურ ეპიცენტრში იმყოფებოდეს. არსებული უფლებამოსილებები ამის შესაძლებლობას არ აძლევს. ამიტომ, ამ პოლიტიკურ ზედაპირზე ყოფნას სახელისუფლებო ინსტიტუციებთან კინკლაობით ახერხებს.

თავის დროზე მსგავსი ვითარება იყო მთავრობასთან მიმართებაში, შემდეგ ამ პროცესმა გადმოინაცვლა პარლამენტში და დაუკავშირდა კონსტიტუციურ რეფორმას. ისეთი განცდა მრჩება და ასეც არის, რომ ასეთი ფორმით სურს ეპიცენტრში ამყოფოს საკუთარი თავი. ჩემი აზრით, პრეზიდენტს სხვა პოლიტიკური გათვლები აქვს და ამაზე უკვე ვისუაბრე.

სავარაუდოდ როდის მიიღებს პარლამენტი ახალ კონსტიტუციას?

- კონსტიტიციური კანონის პროექტი ორი მოსმენით მიღებულია. კანონმდებლობის მიხედვით, მეორე და მესამე მოსმენებს შორის მინიმუმ სამთვიანი ინტერვალი უნდა იყოს, რათა პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილოს და მიიღოს კონსტიტუციური კანონპროექტი. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო.

ეს იმას ნიშნავს, რომ 24 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელია პარლამენტმა მესამე მოსმენით, საკონსტიტუციო კანონი განიხილოს. ძალიან დიდი ალბათობით, პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე, მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და გვექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულყოფილ, გამართულ კონსტიტუციურ სისტემას დააფუძნებს.