კლარენს კლემონსი გარდაიცვალა

კლარენს კლემონსი გარდაიცვალა

ორი დღის წინ, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი საქსოფონისტი კლარენს კლემონსი.

 

წინა კვირას მუსიკოსმა თავი შეუძლოდ იგრძნო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა  ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს. მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ბოლო წლების განმავლობაში კლარენს კლემონსი მომღერალ ბრიუს სპრინგსტინთან თანამშრომლობდა და მის ჯგუფ “E-Street Band”-ში გამოდიოდა.

 

კლარენს კლემონსმა მონაწილეობა მიიღო სპრინგსტინის საქვეყნოდ პოპულარული კომპოზიციების “Born to Run” და “Jungleland” ჩაწერაში.

 

კლემონსი მუსიკით ცხრა წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც მამამ დაბადების დღეზე საქსოფონი აჩუქა.

 

“ბავშვობაში სათამაშო მატარებელზე ვოცნებობდი, მაგრამ მამამ დაბადების დღეზე საქსოფონი მაჩუქა. ამ მუსიკალური ინსტრუმენტით თავიდანვე დავინტერესდი და ეს გატაცება თანდათან მომავალ პროფესიაში გადამეზარდა. პროფესიონალ მუსიკოსად ჩამოვყალიბდი და ფაქტობრივად საკონცერტო სცენაზე დავსახლდი. სცენა ჩემთვის მეორე სახლია. მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია და არც მსურს” – განაცხადა 1989 წელს კლარენს კლემონსმა.

 

იმ ინტერვიუში მუსიკოსს ერთი ფაქტის აღნიშვნა გამოეპარა. ახალგაზრდობაში ამერიკული ფეხბურთითაც გახლდათ გატაცებული, მაგრამ ერთ-ერთი მატჩისას მიღებულმა ტრავმამ აიძულა სპორტი მუსიკით ჩაენაცვლებინა.

 

ბრიუს სპრინგსტინის ჯგუფის გარდა, კლარენს კლემონსი თანამშრომლობდა რინგო სტარის “All Stars Band”-თან, აგრეთვე არეტა ფრანკლინთან, როი ორბისონთან და ჯექსონ ბრაუნთან.