ნიკანორ მელიამ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ამდენი ხანი ვერ შეძლო საქართველოს პროკურატურამ

ნიკანორ მელიამ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ამდენი ხანი ვერ შეძლო საქართველოს პროკურატურამ

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ ნაციონალებისთვის, ბევრად საშიშია უწინარესად პოლიტიკური კეთილგანწყობის დაკარგვა დასავლეთის მხრიდან, რადგან, კეზერაშვილი, წარმოადგენს ძალზედ კარგ ობიექტს იმიჯური ომის წარმოებისთვის. მისი თქმით, კეზერაშვილის კრიმინალური რეპუტაცია ცნობილია დასავლეთისთვისაც და შესაბამისად, შეტყობინება „ყაჩაღი“ კეზერაშვილის შესახებ, რომელიც აფინანსებს „ევროპულ საქართველოს“ ალბათ,  სააკაშვილის და მელიას გათვლით, ევროპელების თვალში, ძირითადი პოლიტიკური ოპონენტის რეპუტაციისთვის ზიანის მომტანი იქნება.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, დავით კეზერაშვილმა, რომელმაც „ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით“ იშოვა ფული, დღეს „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს. როგორ ფიქრობთ, რატომ წამოწია ეს საკითხი დღეს, წინასაარჩევნოდ მელია? მით უმეტეს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კეზერაშვილი „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს დიდ ხანია არსებობს...

ვალერიან გორგილაძე: უკანასკნელი დღეების განმავლობაში მზეზე შეინიშნებოდა ძლიერი აფეთქებები, რომელიც,ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დედამიწის მაგნიტურ ველსაც ემუქრება. მართალია, ნაციონალური მოძრაობა უკვე დიდი ხანია, რაც პოლიტიკურ გრავიტაციას გასცდა, მაგრამ მზის ენერგიის ასეთი ძლიერი გათავისუფლება კოსმოსში განლაგებულ ობიექტებსაც უქმნის დიდ პრობლემებს. შეიძლება ნაწილობრივ ამით აიხსნას ეს ფრიად ეგზოტიკური განცხადება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკეთებს.

თუმცა, მელიას ეს განცხადება გარკვეულ მღელვარებას პოლიტიკურ პროცესში უდავოდ შეიტანს. ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარ ამოცანას, საქართველოში წარმოადგენს მეორე და ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის სტატუსის შენარჩუნება. ამოცანის ამგვარი გადაწყვეტა მას ზურგს უმაგრებს უკრაინაში მთავარი მიზნის მიღწევაში. სააკაშვილის ძირითად კონკურენტს, ამ თვალსაზრისით, წარმოადგენს „ევროპული საქართველო“.

ეს კონკურენცია შეიცავს ბევრ ასპექტს, მაგალითად - დასავლეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას, დაფინანსებას, გრანტებს, გავლენას და ა.შ. ამიტომაც, სააკაშვილი მიზანმიმართულად ქმნის რევოლუციონერის, პოსტსაბჭოური სივრცის განმათავისუფლებელი, ევროპული ღირებულებების და ცივილიზაციის გამავრცელებელი გმირის იმიჯს, რომლისთვისაც დაბრკოლებას არც საზღვრები და არც სხვა ქვეყნის კანონები წარმოადგენს.

სააკაშვილის პიარ-კონცეპციაში, ამ პასიონარულ-რევოლუციურ რომანტიკას უპირისპირდებიან „რუს ოლიგაქრთან“ შეკრული კოლაბორაციონისტები, ყაჩაღები და  ქურდები, უწინარესად - ბოკერიას და უგულავას თამადობით, რომლებიც წარმოადგენენ „ევროპულ საქართველოს“. ამდენად, ნიკანორ მელიას თითქოსდა ჰიპნოზის შედეგად წარმოთქმული გამოცხადება კეზერაშვილის კრიმინალური ბუნების შესახებ, რომელიც დანარჩენი საქართველოსთვის დიდი ხანია რაც ცნობილია, არის სააკაშვილის განწყობის გადმოცემა.  

მელია ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი და კიდევ სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილნი „ნაციონალური მოძრაობისა“ და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე. მეტიც, ამბობს, რომ კეზერაშვილი როცა ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა ძარცვავდა ხალხს. მელია წარმოადგენს სააკაშვილის პარტიას, გამოდის, რომ სააკაშვილს უთხრა უარი კეზერაშვილმა?

- თავისთავად, კეზერაშვილი ყოველთვის წარმოადგენდა „მოლარეს“ უგულავა - ბოკერიას ჯგუფისთვის. როდესაც ცხადი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემდეგ კეზერაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ მონღოლურ ტუგრიკსაც ვერ მიიღებდა, ამის შემდეგ, სააკაშვილის პირადი „რემბო“, „ქვეყნის ფინანსური მდგრადობის გარანტი“, ჩვეულებრივ მძარცველად და ყაჩაღად იქცა.

ის, რომ სააკაშვილს და მის ჯგუფს კეზერაშვილის სახით მთავარი დამფინანსებელი მოაკლდა, ეს რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობისთვის?

- ნაციონალური მოძრაობას ჰყავს თავისი „მარტინ ბორმანი“ ადეიშვილის სახით. გარწმუნებთ, რომ ამ დანაკლის, ვგულისხმობ კეზერაშვილს, ის ადვილად გადაიტანს. ნაციონალებისთვის, ბევრად საშიშია უწინარესად პოლიტიკური  კეთილგანწყობის დაკარგვა დასავლეთის მხრიდან. კეზერაშვილი წარმოადგენს ძალზე კარგ ობიექტს იმიჯური ომის წარმოებისთვის.

კეზერაშვილის კრიმინალური რეპუტაცია ცნობილია დასავლეთისთვისაც, ამდენად შეტყობინება „ყაჩაღი“ კეზერაშვილის შესახებ, რომელიც აფინანსებს „ევროპულ საქართველოს“, ალბათ, სააკაშვილის და მელიას გათვლით, ევროპელების თვალში, ძირითადი პოლიტიკური ოპონენტის რეპუტაციისთვის იქნება ზიანის მომტანი.

თქვენ ბრძანეთ, რომ მელიას განცხადებას შეუძლია მღელვარების გამოწვევა ქართულ პოლიტიკაში, რას გულისხმობდით?

- როდესაც ვთქვი, რომ მელიას ამ განცხადებას შეუძლია გარკვეული მღელვარების გამოწვევა პოლიტიკურ პროცესში, ვგულისხმობდი არა მხოლოდ საქართველოს. ცნობილია, რომ „ყაჩაღი და ქურდი“ დავით კეზერაშვილი აგვისტოს ომის დროს იკავებდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. ისმის კითხვები, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯარი და რა ზიანი მიადგა ქვეყნის უსაფრთხოებას კეზერაშვილის „ყაჩაღობის და ქურდობის“ მმართველობის პერიოდში?

როგორ გამოიყენებს რუსეთი საქართველოსთან წარმოებულ დავას იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, იმის გათვალისწინებით, რომ თავად, იმ დროს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღიარებს იმ ფაქტს, რომ ამ კონფლიქტის დაწყების და მიმდინარეობის დროს საქართველოს არმიას ხელმძღვანელობდა ელემენტარული კრიმინალი, რომლისთვისაც კანონის, მათ შორის საერთაშორისო სამართლის დარღვევაც, არ წარმოადგენდა პრობლემას?

და მთავარი: ნიკანორ მელიამ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ამდენი ხანი ვერ შეძლო საქართველოს პროკურატურამ. მან აღიარა, რომ წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ქვეყნის ფინანსურ და უსაფრთხოების საკვანძო ინსტიტუტებში მძვინვარებდა სისტემური დანაშაული.