უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განმარტებით, 26 ივლისის განკარგულებაში, რომლის თანახმად, სააკაშვილს მოქალაქეობა შეუჩერა, ნათლად არის დაფიქსირებული ფალსიფიცირების ფაქტები და არასწორი ინფორმაციის მოწოდება მოქალაქეობის მიღების დროს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, სააკაშვილს შეეძლო უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაესაჩივრებინა, რაც მან თვენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში არ გააკეთა.
„ამის ნაცვლად, ჩადენილია დანაშაული, ვინაიდან საზღვრების ურღვევობის კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა. ეს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის სულერთია, ვინ არღვევს საზღვარს, აღმოსავლეთში „ბოევიკები“ თუ დასავლეთში პოლიტიკანები. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა“, - აცხადებს პეტრო პოროშენკო.
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღძრა - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პირთა არაკანონიერი გადაყვანა) და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (ხელისუფლების, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელისთვის წინააღმდეგობის გაწევა). ამჟამად მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო ქმედებები. ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებს ემუქრებათ არის თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი, დეპუტატი ანტონ გერაშენკო იმ პარლამენტარებს ასახელებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად საზღვარი გადაკვეთეს - იულია ტიმოშენკო, სერგეი ვლასენკო, იური დერევიანკო, პაველ კოსტენკომ და დიმიტრი დობროდომოვმა. ამას გარდა, მათთან ერთად იმყოფებოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვალენტინ ნალივაიჩენკო.
როგორც გერაშენკო აცხადებს, დეპუტატის ხელშეუხებლობა არ ვრცელდება სისხლის სამართლის დანაშაულზე - უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონო გადაყვანაზე. მისივე თქმით, ამჟამად გამოძიება მუშაობს, დაადგინოს დანარჩენი პირების ვინაობა, რომლებმაც ასევე უკანონოდ გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი. როგორც გერაშენკო ამბობს, მათ კანონის შესაბამისად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.
გარდა ამისა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის მიერ საზღვრის გარღვევის დროს 10-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა. შესაბამისად, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანი, ოლეგ სლობოდიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს სამართალდამცავებისა და სამხედროებისთვის სხეულის დაზიანებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
უკრაინის რადას საპარლამენტო უმრავლეოსაბაში შემავალი პარტია „სახალხო ფრონტის“ წევრები იმ დეპუტატების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის სახლმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
„ჩვენ ვითხოვთ სამართალდაცმავი ორგანოებიდან, დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იყოს მიცემული ყველ ის პირი, რომელიც ძალის გამოყენებით უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაში არის კავშირში, ასევე ვითხოვთ განიარაღებულ იქნას და დაკავებულ იქნან ის ბანდფორმირებები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საზღვრის შტურმში. დეპუატებმა, რომლებიც კავშირში იყვნენ ამ უკანონობასთან, პასუხი უნდა აგონ და მათ სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა მოეხსნათ“, - ნათქვაია სახალხო პარტიის განცხადებაში.
უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი ამბობს, რომ პროვოკაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა - უსისხლოდ, და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ავაკოვი სააკაშვილს მოუწოდებს უკრაინაში შესვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში გააფორმოს.
„თითოეული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საზღვრის დარღვევაში და მესაზღვრეებზე და პოლიციელებზე თავდასხმაში, პასუხს აგებს კანონის საფუძველზე. სააკაშვილმა და ყველამ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიონ: მივიდნენ „შეგენის“ გამშვებ პუნქტზე და პროცედურები გაიარონ, ან საიმიგრაციო სამსახურის დანაყოფს ეწვიონ. საზღვრის გარღვევის ყველა მონაწილე, მათ შორის დეპუტატები, პოლიციაში უნდა მოვიდნენ ჩვენების მისაცემად“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.
თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დარჩენის გზა მოიფიქრა და ამტკიცებს, რომ პასპორტი, რომელიც ავტობუსში ჰქონდა, პოლიციამ მაშინ მოიპარა, როდესაც ავტობუსი გაჩხრიკა. მეტიც, სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოს დაცვის უზრუნველყოფას თხოვს და ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორაზე კანონიერად იმყოფება.
„პოლონეთის საზღვარი გადავკვეთე კანონიერი უკრაინული პასპორტით. პოლონელმა მესაზღვრეებმა მასში შტამპი ჩამირტყეს. როცა უკრაინულ მხარეს გადმოვედით, უკრაინელ მესაზღვრეებს მივაწოდე პასპორტი, რათა მათ ან უარი ეთქვათ მასზე ან ამ დოკუმენტით გავეტარებინე. მათ მითხრეს - „თქვენს პასპორტს არ ავიღებთ“.
მაშინ შევთავაზე - მიიღეთ განცხადება, თუმცა ამაზეც უარი მითხრეს. მას შემდეგ, კი, რაც ხალხმა ხელში ამიტაცა და საზღვარი ისე გადმომატარეს, ჩემი პასპორტი ავტობუსში დარჩა. როცა პოლიცია მოვიდა და ავტობუსი გაჩხრიკა, მათ ჩემი პასპორტი მოიპარეს. სად არის ახლა პასპორტი, არ ვიცი. ახლა უკვე უკრაინაში კანონიერად ვიმყოფები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის მიმართვა უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომ სცნონ პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება, სააკაშვილის ადვოკატის მარკიან გალაბალას განცხადებით, ეს მოთხოვნა იურიდიული თვალსაზრისით შეაჩერებს მის ექსტრადირებაზე მოთხოვნის შესრულებას.
„აღნიშნული განაცხადის შეტანამ საიმიგრაციო სამსახურში უნდა შეაჩეროს ქართული მხარის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე. ამჟამად მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე პირის სტატუსი აქვს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში.
რათა არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, ჩვენ გვსურს მისი სტატუსის დამატებით გაძლიერება სხვა სამართლებრივი სტატუსით, რაც არის „პირი, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება“. საუბარი არ მიდის დაცვის ფიზიკურ საშუალებებზე, არამედ სტატუსის მიღებაზე“, - განმარტა მარკიან გალაბალამ.
მარკიან გალაბალა ამბობს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს არაფერი შეუტყობინებიათ იმის შესახებ, რომ უკრაინის პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მხრიდან სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე დამატებითი მოთხოვნა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ქართულ მხარეს შესაბამისი წერილით უკრაინამ მიმართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ მოთხოვნები დღესაც ძალაშია. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრატირების მოთხოვნით დამატებით 1 სექტემბერს მიმართა.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას არ გამორიცხავს, მისი ქართველი ადვოკატი ბექა ბასილაია, რომლის განმარტებით, ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება, რომ სააკაშვილი ქართულ მხარეს უნდა გადმოეცეს.
„გვახსოვს მინისტრ მღებრიშვილის ჩანაწერები. შესაბამისად, დღეს უმრავლესობის წევრების მხრიდან გულზე მჯიღის ცემა, რომ ჩვენ საქართველოში უნდა მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია და ა.შ. ეს არის ფარისევლობა, თუმცა რამდენადაც არსებობს შეთანხმება ქართულ ხელისუფლებასთან, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოეცეს საქართველოს, მოულოდნელი ეს არ იქნება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.