დავით ნარმანია დიპლომატიურ ასპარეზზე?

დავით ნარმანია დიპლომატიურ ასპარეზზე?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება 25 ივლისს ამოწეურა. აუდიტის ხელმძღვანელის მოვალოებას ამ დრომდე ნინო ლომჯარია ასრულებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, საკანონმდებლო ორგანო კი, წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით ირჩევს.

ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტი 20 სექტემბრისათვის აირჩევს, ხოლო გუშინ ირაკლი კობახიძე პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელძღვანელად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელის, ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას შეთავაზა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალ ხელმძღვანელად, თბილისის მოქმედი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურას განიხილავდა. უმრავლესობა ამ ინფორმაციას ადასტურებდა.  ინფორმაციას და კონსულტაციებს არც უარყოფდა და არც ადასტურებდა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.

ამ ეტაპზე უცნობია რატომ შეცვალა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ნარმანიასთან მიმართებაში გადაწყვეტილება უმრავლესობამ კონსულტაციების შემდეგ შეცვალა. კერძოდ, საქმე ეხება კორუფციულ სკანდალებს, რომელშიც თბილისის მერია არის გახვეული.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ გადაჭარბებულია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნარმანიას ასოცირება ხდება კორუფციასთან. მაგრამ რაც შეეხება მერიას და მერიის სტრუქტურას, მისი თქმით, ეს პრობლემა აშკარაა.

„ნარმანიას მიმართ პრეტენზია არის, მაგრამ არა ის, რომ კორუფციაშია ჩართული, არა. არამედ ის, რომ სისტემური რეფორმა, რაც თბილისში იყო განსახორცეილებელი, ამას თავი ვერ მოაბა. მმართველობის სისტემა, რაც ქალაქს სჭირდებოდა და რაც კორუფციის რისკს შეამცირებდა, ამას თავი ვერ მოაბა დავით ნარმანიამ. ბევრი ისეთი სტრქუქტურაა შენარჩულებული მერიაში, რომელიც ვერ ხვდები რისთვის არსებობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება ჯერ კიდევ მოქმედი მერის მომავალ კარიერას, ზარდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნარმანიაისევ დაუბრუნდეს აკადემიურ სფეროს.

„კარგი მკვლევარი გახლავთ, საკმაოდ პრესპექტიული. დაბრუნდება იქ, საიდანაც მოვიდა. ამ მიმართულებით გააჩნია როგორც გამოცდილება, ასევე პრესპექტივაც“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პოლიტიკაში რეალობას არ აქვს იმხელა მნიშვნელობა, რამდენიც ლეგენდას. თუკი ლეგენდა და მითი შეიქმნა ადამიანის გარშემო, შემდეგ უკვე ის მითი იწყებს მოქმედებას და ამ ადამიანის რეალური ისტორია ძალას კარგავს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ანალოგიური მდგომარეობაა ნარმანიასთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ არ იყო გარეული კორუფციაში, მაგრამ ასეთი მითის შექმნის საშუალება მისცა ქალაქს და ქალაქში ეს თემა დამკვიდრდა. მერე უკვე დამტკიცებას - ეს სწორია თუ არა, თითქმის აღარ აქვს მნიშვნელობა. აი ეს ხინჯი, რომ კორუფციაში ეჭვმიტანილი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს კორუფციის ყველაზე დიდი რისკის მქონე ადგილას, როგორიც არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ეს ხინჯი ყოველთვის იქნებოდა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, როდესაც ნარმანიას თემა ტრიალებდა, ელოდა, რომ კორუფციული სკანდალების გადამფარავი ინფორმაცია ჭარბად შემოვიდოდა საინფორმაციო სფეროში და ნარმანიას დანიშვნის საფუძველს ცოტა უფრო გაამყარებდა.

„მაგრამ ასე არ მოხდა. არ ვიცი ასეთი გადათამაშების რეალური მიზეზი, მაგრამ ნარმანიას დანიშვნაში ეს რისკი, რომ იყო და ყოველთვის იქნება სალაპარაკო თემა როგორც კი ნარმანიაზე შეტევა დასჭირდებათ. აი ასეთი შეტევისთვის ნარმანიას სახით აქილევსის ქუსლი გააჩნია ხელისუფლებას. შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უარი თქვეს ნარმანიას კანდიდატურაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

რატომ შეცვალა ხელისუფლებამ დავით ნარმანიას კანდიდატურა, უცნობია  იურისტი ლევან ალაფიშვილისთვის, რომლის განცხადებით, ბოლო კომენტარებში თვითონ დათო ნარმანია ადასტურებდა მხოლოდ კანდიდატურის განხილვას.

„ეს ჩემთვის ნიშნავდა იმას, რომ დათო ნარმანია ერთ-ერთი იყო და არა ერთადერთი. დანარჩენი, როგორ მიიღება გადაწყვეტილება პარტიის შიგნით, ეს პროცესი გაუმჭვირვალეა, ისევე როგორც სხვა პარტიებთან მიმართებაში და შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით. გაუმჭვირვალეობაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ამ შემთხვევას.

იგივე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები, მერობის თუ გამგებლობის კანდიდატები, გადახედეთ სიას და დასვით ერთი კითხვა ყველა პარტიის მიმართ - როგორ შეირჩევა ესა თუ ის კანდიდატები. ხშირ შემთხვევაში პარტიის წევრებმაც კი არ იციან. ასე რომ, ჩვენი გაუმართავი პარტიული სისტემა, თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე სხვა მსჯელობის და დასკვნის საშუალებას არ მაძლევს. იმიტომ, რომ პროცესი არის გაუმჭვირვალე. არ ვიცი ვინ იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას, რომელი ორგანო, თუ პირთა ჯგუფი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

ამასობაში, For.ge-მ შეიტყო, რომ დავით ნარმანიამ, შესაძლოა, მოღვაწეობა დიპლომატიურ ასპარეზზე გააგრძელოს, კერძოდ - საქართველოს სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სავარძელი, ძალიან მალე, კიდევ ერთხელ გათავისუფლდება და არ არის გამორიცხული, რომ თსუ-ს რექტორის კაბინეტში დავით ნარმანია ვიხილოთ. რაც შეეხება მოქმედ რექტორს, როგორც გვითხრეს, მას აშშ-ში საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივა გადაეშალა და გული ოკეანის გაღმა მიუწევს.