„ერდოღანს შეუძლია თურქეთი შეატრიალოს ისლამური სახელმწოფსკენ“

„ერდოღანს შეუძლია თურქეთი შეატრიალოს ისლამური სახელმწოფსკენ“

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი თურქეთისთვის უვიზო რეჟიმს ოქტომბრამდე არ დააწესებს, ანკარა მიგრანტების საკითხზე შეთანხმებას აღარ შეასრულებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ  თურქეთის მთავრობა ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის დაწესების კონკრეტულ თარიღებს ელოდება.

ამის მიუხედავად, ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, შესაძლოა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში შევიდეს. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, შტეფან ზაიბერტი ამბობს, რომ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე თურქეთთან ურთიერთობების თემა იქნება გამოტანილი. მისი თქმით, გერმანიის კანცლერს სურს კოლეგებთან მოლაპარაკებების შეწყვეტის საკითხის განხილვა.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ამბობს, რომ ახლა თურქეთი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს და ვიდრე პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელისუფლებაშია, თურქეთი ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, რადგან თურქეთის მთავრობა ერდოღანის მმართველობისას ევროპის საპირისპირო მხარეს მიემართება.

„ამჟამად თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის. მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და არც არასოდეს ვხედავდი. თურქეთი საოცრად შორდება ევროპას, მაგრამ გერმანია თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. ასეთივე პოზიცია აქვს ავსტრიას. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ თურქეთის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ერთად ანკარას ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელი იქნება. თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაუარესდა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ევროკავშირს მოუწოდა, პირდაპირ განაცხადონ, სურთ თუ არა თურქეთის წევრად მიღება. ერდოღანმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება. გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობებში ფარისევლობისა და პოლიტიკური ზნედაცემულობის განხორციელებაში დაადანაშაულა.

„ევროკავშირმა უნდა გადადგას ნაბიჯები. ისინი ან შეასრულებენ თავიანთ პირობას და ან იტყვიან, რომ არ სურთ ჩვენთან ერთად ერთ გზაზე სიარული. სხვა არჩევანი არ არსებობს. ჩვენ იმედებს გავუცრუებთ მათ, ვისაც თურქეთის საარჩევნო ინსტრუმენტად გამოყენება სურს.

ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირის ორგანოებმა და წევრმა ქვეყნებმა გულწრფელად და ღიად ისაუბრონ თურქეთთან მიმართებაში თავიანთ პოლიტიკაზე. რაც შეიძლება მალე მიიღეთ გადაწყვეტილება. თუ თქვენ ვერ იტანთ თურქეთთან ურთიერთობების ამჟამინდელ ფორმატს, მაშინ გამოაცხადეთ მისი დასრულება და ეს მამაცურად გააკეთეთ. ეს ყველას დაანახებს თქვენს ჭეშმარიტ სახეს“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლების რეაქცია, როდესაც გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთმა ოპონენტების მასობრივი დაკავებები დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, თურქეთი უარს არ ამბობს სიკვდილით დასჯის შემოღებაზე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თუ მერკელის განცხადებას დავეყრდნობით, რომ იგი ვერასოდეს ხედავდა თურქეთს ევროკავშირის წევრად, ამ შემთხვევაში სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ევროპა პირფერობდა თურქეთის მიმართ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში პირდებოდა თურქეთს, რომ თუკი თურქეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა, მას გაეხსნებოდა ევროკავშირის კარი.

„ამიტომ სავარაუდოა, რომ ის, რაც დღეს ხდება, ეს არ არის დღეს დაწყებული პრობლემა. ევროპას მთლიანობაში არ ჰქონდა გააზრებული და დალაგებული თურქეთთან ურთიერთობის გეგმა, უფრო პრობლემის გადავადებაზე იყო ორიენტირებული და ახლა ეს ვადები მოუწია. ევროპა შეცდომას თავიდანვე უშვებდა და ამ შეცდომის მეორე მხარე იყო ის, რომ ამავე დროს მიგრაციული პოლიტიკა ჰქონდა. თურქებით ივსება ევროპული ქვეყნები, კერძოდ - გერმანია. ამიტომ უჭირს ევროპას იმაზე დათანხმება, რომ თვითონ თურქეთიც გახდეს ევროკავშირის წევრი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც საყვარელიძე ამბობს, დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ უშვებს თუ არა შცდომას ევროპა, უკვე გვიანია, რადგან, მან შეცდომა დაუშვა ადრე. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ევროპისთვის უმჯობესი იყო გაგრძელებინა რბილი პოლიტიკა და თურქეთისთვის გაეხსნა ევროკავშრის კარები და ამის შემდეგ ეცადა თურქეთის ევროპიზირება ადამიანთა უფლებებისა და სხვა საკითხებში.

„ამ მკვეთრმა ნაბიჯმა შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს ადამიანის უფლებების თემა თურქეთში, რადგან ისლამიზაციიკენ თუ წავიდა, ადამიანის უფლებებმა შეძლება სხვა საფეხურებზე გადაინაცვლოს. ასე რომ, ევროკავშირს პრობლემები გაუმძაფრდება. მაგრამ ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ და ადრევე უნდა შემუშავებულიყო ისეთი პოლიტიკა, რომელიც ასეთ პრობლემებს არ დააგროვებდა თურქეთის გარშემო.

დღეს, როცა პროცესი კედელთან მივიდა, იძახიან, რომ არ შემოვუშვებთო. დღეს სხვა საფრთხეა, ერდოღანს შეუძლია თურქეთი შეატრიალოს ისლამური სახელმწოფსკენ. ამ ფონზე ერდოღანისთვის კარის ჩაკეტვა ნიშნავს რომ, ისლამური სამყარო და აგრესიული ისლამი შეიძენს ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც თურქეთია, რაც სახიფათო იქნება მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

„საქართველოს ატნალტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ევროკავშირს ცალსახად და მკაფიოდ დადგენილი კრიტერიუმები აქვს, ევროკავშირის წევრობის და შემდგომი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების, რომელიც ქვეყანას ორგანიზაციაში გაწევრიანების რეალურ პერსპექტივას მისცემს.

„ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. აქ არის ძალიან ბევრი მუხლები, რომელზეც მიდის მოლაპარაკებები. წევრმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ეს კრიტერიუმები. ყველა ქვეყნისთვის ერთია ეს კრიტერიუმები, როგორც საქართველოსთვის, ასევე თურქეთისთვის. ევროკავშირი ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ამ ღირებულებების კუთხით გატარებული რეფორმების შესაბამისად აფასებს კანდიდატ ქვეყნებს და ამ ქვეყნების პერსპექტივაც ამის მიხედვით ფასდება“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.

მისი თქმით, სამწუხაროდ, თურქეთში დემოკრატიული განვითარება არ ხდება და რეფორმიების კუთხით უკუსვლა აქვს. მუჩაიძე ფიქრობს, რომ ევროპის რეაქციაც შესაბამისია.

„ეს ჩვენთვისაც კარგი მაგალითია, თუ რამდენად პირდაპირპროპორციულია შიგნით არსებული დემოკრატიული პროგრესი, რეფორმების გატარება, ევროპული პერსპექტივის გაზრდა-შემცირებასთან. მოგეხსენებათ, რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და თურქეთის და საბერძნეთის ურთიერთობები არ ყოფილა მთლად მშვიდობიანი. სერიოზული კონფლიქტი ჰქონდათ, მაგრამ მას მერე, რაც ორივე ქვეყანა ნატოს წევრი გახდა, სერიოზული სამხედრო კონფრონტაცია მათ შორის არ მომხდარა. ანუ ნატო არის ის გარემო, ის ორგანიზაცია, სადაც ნებიემიერი შიდა უთანხმოებაც კი, აუცილებლად მოგვარდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.