დემურ გიორხელიძე: „რატომ უნდა ვუყუროთ ამ არშემდგარი პარტიებით დაკომპლექტებულ პარლამენტს?!”

დემურ გიორხელიძე: „რატომ უნდა ვუყუროთ ამ არშემდგარი პარტიებით დაკომპლექტებულ პარლამენტს?!”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მორიგი დისკუსია და დებატები საშემოდგომო სესიის ფარგლებში გაიმართება; სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს საშუალება ექნება თვალი მიადევნონ ამ პროცესს და მონაწილეობა მიიღონ მესამე მოსმენის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საკონსტიტუციო ცვლილებებზე მესამე მოსმენის ფარგლებში გასამართ დისკუსიაში არასამთავრობო სექტორის ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მესამე მოსმენის დროს მხოლოდ რედაქციული ტიპის ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი და დისკუსიაში არასამთავრობო სექტორის მიწვევით ხელისუფლება ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

„მათ, ისევე როგორც ჩვენც, გვინდა ასეთი სერიოზული დოკუმენტი მიღებული იქნას კონსენსუსით. კონსენსუსის შეუძლებლობა განაპირობა ჩვენი ოპონენტების დაუოკებელმა სურვილმა, რომ როგორმე შეინარჩუნონ პოზიცია პოლიტიკურ ველზე და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ ისე, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული. ვენეციის კომისიას რომ ჰქონდეს შენიშვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ამ თემას შესაძლებელია დავუბრუნდეთ ბევრჯერ და ჩაღრმავებულად ვისაუბროთ... კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ეს პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს. ნახევარ წელზე მეტია ამ საკითხების განხილვა მიმდინარეობს. არის ქვეყნის ინტერესები და არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც საკუთარ ინტერესებს აყენებენ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა“, - აცხადებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი.

რა ინტერესები იკვეთება პროცესში, რომელიც უკვე აბსურდის თეატრს დაემსგავსა - ამ თემაზე ექსპერტი, დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.

დემურ გიორხელიძე: როგორც მოქალაქეებმა, ყოველგვარი სიმპათია-ანტიპათიის გარეშე რომ შევაფასოთ მთელი ეს პროცესი, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც აბსურდულია. ყოველ შემთხვევაში, არ ქმნის იმ კონსტრუქციას, კონსტიტუციის სახით, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება საყრდენი ქართული სახელმწიფოსი.

პოლიტიკური ინტერესების დონეზე საკუთარ თარგზე მოჭრა კონსტიტუციებისა, არის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი და ჩვენ ეს ვნახეთ. მთავარი შეცდომა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა არის ვენაციის კომისიის გაფეტიშება და მათგან თანხმობის მიღებისა ყველაფერზე, რასაც ისინი ითხოვენ, მაგრამ ვენეციის კომისიას და ბუკიკიოს რა ხელი აქვს საქართველოს კონსტიტუციასთან?!

ხელისუფლების შეცდომა ის არის, რომ ეს არ იყო მხოლოდ კონსტიტუციური უმრავლესობის საქმე. ეს უნდა იყოს ფართო, პოლიტიკური შეთანხმების შედეგი, რადგან თუ კონსტიტუციაზე არ არსებობს პოლიტიკური თანხმობა, ვენეციის კომისიის მოთხოვნები ჩანს უსუსური პოლიტიკური მოღვაწეების მხრიდან რაღაც საყრდენების ძებნად იქ, სადაც საყრდენები არ არსებობს.

ანუ საკონსტიტიციო პროცესი, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან არასწორად წარიმართა?

- ერთის შეცდომაა ის, რომ უმრავლესობაშია და რასაც უნდა იმას აკეთებს და მეორის ის, რომ ვერ ერევა ხელისუფლებას, რადგან თვითონ ძალას არ წარმოადგენს.

რატომ უკეთებს ხელისუფლება იგნორირებას პოლიტიკურ ძალებს გნებავთ, პარლამენტს შიგნით და გნებავთ, მის გარეთ? იმიტომ, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა რეალურ ძალას არ წარმოადგენს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხელისუფლებას თავისი პრობლემები აქვს და გრძელვადიან პერსპექტივაში ვერც ის იქნება პოლიტიკური ძალა.

რაკი ქვეყანაში არ არსებობს დაბალანსებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთმანეთს ანგარიშს გაუწევენ და ანგარიშის არგაწევის შემთხვევაში ყველაფერი ცუდად დამთავრდება, ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ხელისუფლება, რაკი უმრავლესობაშია, იგნორირებას უკეთებს პოლიტიკურ სპექტრს, რადგან კარგად იცის, რომ მისგან არაფერი ემუქრება.

თუკი ქვეყანა დაუშვებს იმას, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთად მოითხოვოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იმის საპირისპიროდ, რასაც ხელისუფლებაში მყოფი ერთი პოლიტიკური ძალა ითხოვს, ეს პოლიტიკური ძალა მაშინვე დამარცხდება, ვგულისმობ სახელისუფლებო ძალას - ასეა ევროპაშიც და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაშიც, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ნორმალური ქვეყანა და არ გვყავს პოლიტიკური სპექტრი.

ყველაზე დიდი პრეტენზია სააკაშვილის მიმართ არის ის, რომ მან პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც დაფხრიწა კონსტიტუცია, რომელიც 1995 წელს, ურთულეს პირობებში, უდიდესი პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად იყო მიღებული.

რა თქმა უნდა, იმ კონსტიტუციას ორი სერიოზული დეფექტი ჰქონდა - არ იყო გამოკვეთილი მთავრობის და, ასევე, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხები, სხვა მხრივ ის იყო ძალიან კარგად დაბალანსებული კონსტიტუცია სადაც პრეზიდენტის ხელისუფლებისა და პარლამენტის ძალაუფლებები 50/50-ზე იყო - მათ კრიზისულ სიტუაციებში ერთმანეთის ბლოკირება შეეძლოთ და ასეც მოხდა 2001 წელს, როდესაც პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა შეძლეს უდიდესი კრიზისის თავიდან აცილება და ბალანსის მიღწევა.

დღეს ასეთი მყარი კონსტრუქციის დანახვა შეუძლებელია; მეორე მხრივ, ოპოზიციური ძალების არასწორმა მოთხოვნებმაც კიდევ უარესი სურათი შექმნა.

რა იგულისხმება ოპოზიციის არასწორ მოთხოვნებში?

- ჯერ ერთი, 2020 წელს შევა ძალაში თუ 2024 წელს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნისთვის, მთავარია იყოს ის კონსტრუქცია, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუცია ჰქვია.

როდესაც შენ შენი ინტერესების შესაბამის ულტიმატუმებს უყენებ, თანაც სუსტი ხარ, არ შეგიძლია ულტიმატუმის ბოლომდე მიყვანა. ნახეთ 30 პოლიტიკური პარტია ერთად ზის და ერთ მშვიდობიან დემონსტრაციას ვერ აკეთებენ, რომ აჩვენონ საზოგადოების განწყობა ხელისუფლების მოქმედების წინააღმდეგ.

საზოგადოებას არ ჯერა იმ პროცესისა, რომელიც წმინდა სატელევიზიო პროცესია. თითქოსდა, პოლიტიკური პარტიები დასხდებიან ხელისუფლებას რაღაცას სთხოვენ, მაგრამ მათ უკან  ძალა არ არსებობს.

არასამთავრობო სექტორიც აკრიტიკებს მთელ ამ პროცესს და თითქოს უკმაყოფილოა, განხილვებში რომ ვერ ჩაერეთვება...

- საკონსტიტუციო პროცესში  სამოქალაქო სექტორის ჩართულობა აბსოლუტურად უადგილოა იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსს აღწევენ, ეს პოლიტიკური პარტიები საკუთარ ამომრჩეველს ეყრდნობიან - საზოგადოება იქ თავისთავად ჩართულია. ამიტომ, მესამე სექტორის უსუსური განცხადებები კონსტიტუციას სრულიად არ ჭირდება. მათ აქვთ უფლება, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ მსოფლიოში არსად არ ხდება, რომ მესამე სექტორი, როგორც მხარე, ამ პროცესში მონაწილეობდეს.

ყველაზე დიდი მხარე აქ არის საზოგადოება და მესამე სექტორი არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ზედმეტი პრივილეგია არ გააჩნია. პოლიტიკური პარტიები ცოტა სხვა წარმონაქმნია, რომელსაც პოლიტიკურ პროცესზე უდიდესი გავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს. ეს ვერ ხერხდება.

ხელისუფლება არასწორად იქცევა, როდესაც ამ კონსტიტუციას იღებს, რადგან ძალიან  მოკლევადიანია და როგორც კი პოლიტიკურ განლაგებაში ოდნავი ცვლილებები მოხდება, პირველი, რაც დაინგრევა, იქნება ის კონსტიტუცია, რომელიც შეიძლება სექტემბერში მიიღონ.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონსტიტუციის მისაღებად საჭირო სიძლიერის პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ უმრავლესობა აცხადებს, და ამას ყველა ეთანხმება, რომ კონსტიტუცია, რომლითაც ვცხოვრობდით, იყო გაუმართავი. კონსტიტუციონალისტებმა მასზე ბევრი იმუშავეს და საბოლოოდ მივიღეთ სამართლებრივად გასწორებული დოკუმენტი...

- კონსტიტუციონალისტები იმ დოზით უნდა ჩაერთონ, რომ კონსტიტუცია იურიდიულად  მოიყვანონ წესრიგში მას შემდეგ, რაც პოლიტიკური კონსენსუსი იქნება. კონსტიტუციონალისტების საქმე არ არის კონსტრუქციის შექმნა. ისინი იურისტები არიან და პროფესიონალური თვალსაზრისით უნდა გამართონ დოკუმენტი, მაგრამ კონსტიტუციას იღებენ პოლიტიკური პარტიების შეთანხმების შედეგად საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესის გათვალისწინებით.

ჩვენ ეს ფუნდამენტი არ გვაქვს, ცხადია, 2010 წლის კონსტიტუცია უვარგისი იყო, ისევე, როგორც 2004 წლის, რომელიც მოარგეს იმ რევოლუციურ სიტუაციას. დღევანდელი კონსტიტუციური ცვლილებებიც არაფერს ცვლის, იგი არ ქმნის პოლიტიკური თამაშის წესებს, სისტემას, რომელშიც გრძელვადიან პერსპექტივაში ვიცხოვრებთ.

ვინც იცის ამერიკის ისტორია, ეცოდინება, როდის, რა ხალხის მიერ და რა პასუხისმგებლობით იყო მიღებული კონსტიტუცია, რომლითაც ქვეყანა ცხოვრობს ლამის 250 წელია.

საქართველოში ისეთი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ჯგუფები არ მოიძებნა, რომელიც ამერიკელი დამფუძნებელი მამების პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ საკუთარ სახელმწიფოს. ამიტომ არის ეს პროცესი ცუდი სანახავი, რომ სერიოზულობასაც მოკლებულია და საქმესაც. პირად პოლიტიკურ ინტერესებზე მოკლევადიან სარგებლობის მიღების მიზნით მიმდინარე პროცესია.

ნეგატიურად ვიყავი განწყობილი დასაწყისიდანვე და კიდევ უფრო ნეგატიური განწყობა მაქვს, რადგან ეს არ არის კონსტიტუცია, რომელსაც სახელმწიფო შეიძლება დაეფუძნოს.

თქვენც აღნიშნეთ და ვენეციის კომისიის ერთადერთი შენიშვნაც ის არის, რომ საჭიროა კონსენსუსი. როგორ წარმოგიდგენიათ  ჩვენი პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსი?

- ვერ გამოდის ეს კონსენსუსი იმიტომ, რომ კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტიები ვერ ჩამოყალიბდნენ, რომლის უკან საზოგადოების ნაწილი იქნება - თითოეულ პარტიას ეყოლება თავისი ამომრჩეველი, ანუ ძალა. პოლიტიკაში ანგარიში შეიძლება გაეწიოს მხოლოდ ძალას. ის, რაც არ არის ძალისმიერი, ანუ როცა პოლიტიკური ორგანიზაციის უკან პოლიტიკური ძალა არ დგას, რომელსაც შეუძლია შენს მცდარ ნაბიჯებზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს და პრობლემები შეგიქმნას, ვიღებთ იმგვარ სიტუაციას, რაც გვაქვს დღეს.

პოლიტიკური პარტიები არის მხოლოდ ნიუსებში და ტელევიზიაში ატეხილი ხმაური - რომ ვიღაცეები სადღაც იკრიბებიან, პროტესტს გამოთქვამენ და ა.შ.

რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია რაღაც საკითხი დასვას და გაიტანოს, ანდა მას ანგარიში გაეწიოს არ არსებობს. პოლიტიკური თვალსაზრისით ხელისუფლება სარგებლობს თავისი მდგომარეობით და არაშორსმჭვრეტელურად იქცევა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მონათესავე პარტიების განცხადებებით, ამ კონსტიტუციის მიღებით ქვეყანა ჩიხში შედის, ევროპისკენ მიმავალ გზას იჭრის და ა.შ. გამომდინარე მათი განცხადებებიდან, რამდენად ობიექტურად ფასდება არსებულისიტუაცია?

- „ნაციონალური მოძრაობის“ ეს განცხადებები რბილად რომ ვთქვა - არასერიოზულია, ხისტად რომ ვთქვა - სასაცილოა. ჯერ ერთი, არავინ ევროპისკენ მიმავალ გზას არ იჭრის, ასეთი განცადებები არის უსუსური და პოლიკურად არშემდგარი.

რაც შეეხება ამ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ქვეყანას თავზე დაამხო კონსტიტუცია, სამართალი და ყველაფერი, არ მგონია, რომ მის განცხადებებს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს.

ხელისუფლებამ რომ გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნები, ყველა, ვინც ხმაურობს, კმაყოფილი დარჩება და პრობლემაც ამოიწურება?

- დავუშვათ და, გაითვალისწინა ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნა... რატომ უნდა ვუყუროთ ამ არშემდგარი პარტიებით დაკომპლექტებულ პარლამენტს, რომელსაც ამ მოწყობაში არაფერი გამაწონასწორებელი არ ექნება და მთელ საკანონმდებლო ბერკეტს ხელში ჩაიგდებენ?! რატომ უნდა ვუყუროთ ამ წარმომადგენლებს, როდესაც არ არის რეგიონული ინტერესები, არ არის სახელმწიფო ინტერესები?

პარტიული ინტერესების დომინირება, როდესაც გამაწონასწორებელი და შემაკავებელი არაფერია, შეცდომაა. ამიტომ არის ოპოზიცია მცდარი თავის მოთხოვნებში.

პარლამენმტში მოხვედრა უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი შრომაა. ეს არ არის რომელიღაც ჯგუფების კეთილდღეობისთვის მოსახვედრი ადგილი. ისეთი პარტიებით იქნება დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც განმკითხავი არავინ ეყოლება.

ხელისუფლებას რეფერენდუმზე რომ გამოჰქონდეს ეს საკითხი, ვერ შევედავებოდით, საზოგადოება დღეს არის მზად ამისათვის. ამას არ აკეთებს ხელისუფლება, სარგებლობს რა მდგომარეობით, რომელიც ხალხისგან მიიღო.პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი კი აყენებს პოლიტიკურად არშემდგარ მოთხოვნებს, რ ომელსაც ქვეყნის მომავლისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი სიტუაციაა და ამიტომაც გვაქვს ის, რაც გვაქვს.