„საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის დაკავების ინტერესი არ აქვს“

„საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის დაკავების ინტერესი არ აქვს“

საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას უკრაინისგან მესამედ ითხოვს. უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სერგეი პეტუხოვმა განაცხადა, რომ მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის სახელზე.

მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურამ გარანტია მისცა უკრაინის გენერალურ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნის მიზანი მის მიმართ პოლიტიკური მოტივით დევნა არ არის.

„უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქართული მხარისგან გარანტიები მიიღო, რომ პირი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ დანაშაულზე, რომელიც ექსტრადირების მოთხოვნაში ჩამოთვლილი არ არის. ასევე უკრაინის თანხმობის გარეშე ის არ იქნება გადაცემული მესამე სახელმწიფოსთვის და მასთან მიმართებაში დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები“, - განაცხადა სერგეი პეტუხოვმა.

მისი თქმით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ქართული მხარის მოთხოვნას და შესაბამის დოკუმენტებს საექსტრადიციო გამოკვლევისთვის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აგზავნის. მაშ ასე, საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის 4 საქმეში, კერძოდ - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევა, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება;

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც ჩადენილია ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა.

ეს გახლავთ იმ სისხლის სამართლის საქმის ჩამონათვალი, რომლის საფუძვლეზე პროკურატურა სააკაშვილის დაკავებას და ექსტრადირებას ითხოვს. იურისტი ლია მუხაშავრია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის დაკავების ინტერესი არ აქვს. მისი თქმით, გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ მათ მიმართეს უკრაინას, ფაქტობრივად  არის სააკაშვილის გაფრთხილება, რომ არ ჩავიდეს უკრაინაში.

„ეს განცხადება რომ არ გამოექვეყნებინათ და ისე გაეკეთებინათ ეს მიმართვა, უფრო რეალისტური იყო, რომ 10 სექტემბერს, როგორც გვპირდებოდა სააკაშვილი ჩავიდოდა უკრაინაში და დააკავებდნენ. ამიტომ, პროკურატურის ეს საჯარო განცხადება ცალსახად და გამოკვეთილად ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის დაპატიმრება. ახლა უნდა მოსახლეობის მოტყუება, რომ თითქოს ამას ცდლილობს მთელი ძალით და არ გამოსდის“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

თავის მხრივ, სახალხო დამცველისთვის გაუგებარია, რატომ აქტიურდება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემა წინასაარჩევნო პერიოდში. უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი სამართლებრივ საკითხზე არ მიუთითებს.ნანუაშვილი პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობს.

„ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, რატომ აქტიურდება ხოლმე ეს თემა წინასაარჩევნოდ. რამდენჯერმე იყო ეს მოთხოვნა გაგზავნილი და დაველოდოთ შედეგებს. ეს სამართლებრივ მხარეზე არ მიანიშნებს“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ეს პროცესი გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ღია დევნაზეა გადასული.

„პოროშენკოს მთავრობა და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, ეს ორი წარმონაქმნი ერთმანეთთან თანამშრომლობენ. შესაბამისად, ჩვენ არ გვიკვირს, რომ მაინცდამაინც ახლა გაიგზავნა ექსტრადიციის მოთხოვნა უკრაინაში, იმიტომ, რომ ეს ცალსახად უკავშირდება 10 სექტემბერს და არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცედურებთან“, - აცხადებს ბექა ბასილაია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, რომან გოცირიძის შეფასებით,  სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ხელმეორედ მოთხოვნის გაგზავნა მისი უკანონო დევნის გაგრძელებაა. როგორც გოცირიძეაცხადებს, სააკაშვილი ქვეყანაში არც საქართველოს და არც უკრაინის ხელისუფლებას არ ჭირდება, რადგან უფრთხიან ძლიერ კონკურენტს და პოლიტიკურ ძალას.

„ეს არის ორი ქვეყნის ხელისუფლების მიერ წარმოებული უსამართლო და ველური ნადირობა ადამიანზე, რომელსაც ძალიან უფრთხიან, რადგან უნდათ თბილი სახელისუფლო სავარძლის შენარჩუნება. ისინი ძლიერ კონკურენტს უფრთხიან. ეს არის მშიშარა ხალხი“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ბრალდებას უარყოფს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის  განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა კანონის შესაბამისად მოქმედებს. როგორც ვოლსკი აცხადებს, სააკაშვილის მიმართ ბევრი კითხვა აქვს როგორც გამოძიებას, ასევე საზოგადოებასაც.

„უფრო ვრცელ განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. ის, თუ რა არის პოლიტიკურად მიზანშეწონილი და რა არა, ეს ექსპერტების და პოლიტიკის მოყვარულთა სადისკუსიო თემაა. სააკაშვილთან ბევრი კითხვა აქვს როგორც გამოძიებას, ასევე საზოგადოებას“, - ამბობს გია ვოლსკი.