ცხელი შემოდგომა - ტრამპი რუსეთს ულტიმატუმს უყენებს

ცხელი შემოდგომა - ტრამპი რუსეთს ულტიმატუმს უყენებს

დიპლომატიური ომი, რომელიც აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაიწყო, მწვავდება. აშშ-მა რუსეთისგან სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულო ობიექტების დახურვა 2 სექტემბრამდე მოითხოვა. ეს არის პასუხი კრემლის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად მოსკოვმა აშშ-ს რუსეთში დიპლომატიური მისიის შემცირება მოსთხოვა.

მას შემდეგ, რაც კონგრესმა ხმათა უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, მოსკოვმა აშშ-ს მოუწოდა, რუსეთში თავისი დიპლომატიური და ტექნიკური პერსონალი ნახევარზე მეტით, 455 ადამიანამდე შეამციროს.

აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, აშშ შეეცდება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოძებნას.

„ჩვენ მტკიცე და აწონილი ნაბიჯები გადავდგით რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომელიც სინანულს იწვევს. ჩვენ გვსურს უკეთესი ურთიერთობებისკენ წავიდეთ. ჩვენ ამის შესაძლებლობებს ვეძებთ“, - განაცხადა სარა სანდერსმა.

რუსეთის საწინააღმდეგო ზომების მიუხედავად, აშშ რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას არ აპირებს. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულო ობიექტები, რომელთა დახურვა აშშ-მა რუსეთს მოსთხოვა, სავაჭრო წარმომადგენლობის შენობებია. რაც შეეხება სან-ფრანცისკოს, აქ საუბარია გენერალური საკონსულოს შენობასა და ოფიციალურ რეზიდენციაზე.

ამერიკის მიერ რუსეთისთვის დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვის მოთხოვნის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივან, რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებაზე რეაგირებას მოახდენს. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ საჭიროა გზების ძიება ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, უცნობია. პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ეს დიპლომატიური ომი ამერიკამ დაიწყო და არა რუსეთმა, როდესაც ქვეყნიდან გაუშვა რუსი დიპლომატები.

„რუსებმა საპასუხო რეაქცია განახორციელეს იმ ქმედებებზე, რაც ამერიკამ გააკეთა. ძალიან დაძაბულ ფაზაში შედის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, გვესმის ტრამპის რიტორიკა იმის შსახებ, რომ რუსებთან ურთიერთობები დარეგულირდება.

1 სექტემბრამდე ამერიკის ვიზების გაცემა შეჩერებული იყო, მაგრამ არ აღდგენილა. ამ ფონზე ძალიან გაიზარდა ვიზების გაცემის რაოდენობა ევროპის მიმართულებით. ვფიქრობ, ცივი ომის პირობებში გადადის რუსეთთან ურთიერთობები. დიდი ალბათობით რუსეთშიც დაიხურება ამერიკული საკონსულოები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ რუსული რეაქცია უფრო ღრმად წავა და რუსეთის რამოდენიმე ქალაქში მოითხოვენ გენერალური საკონსულოების დახურვას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საელჩომ აკრძალა ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე, მათ უწევთ ჩამოსვლა, მათ შორის - თბილისშიც და აქ მოქმედი ამერიკის საკონსულო-სამმართველოში მიიღონ ვიზები.

„ამერიკის საელჩომ ფაქტობრივად, დე-ფაქტოდ გააუქმა საკონსულო მომსახურეობა რუსი მოქალაქეებისთვის, რაც პოლიტიკის ნაწილია. კერძოდ, შემცირდეს რუსი მოქალაქეების გამგზავრება ამერიკაში. მას შემდეგ, რაც კონგრესმა ხმათა უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, ამ სანქციებში მოჰყვნენ რუსეთის დიპლომატიური მისიის წამომადგენლები. როგორც ამერიკული მხარე აცხადებს, რუსი დიპლომატები ერეოდნენ ამერიკის პოლიტიკის შიდა საქმეებში.

მისი მოთხოვნა, რომ 3 ქალაქში 2 სექტემბრამდე დაიხურება რუსეთის გენერალური საკონსულო, ეს უკვე დიპლომატიური ომია. გენერალური საკონსულოს დახურვა დაკავშირებულია იმასთან, რომ ამერიკელები ცდილობენ შეამცირონ რუსი დიპლომატების რაოდენობა და დაიყვანონ იმ რაოდენობაზე, რომ ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლები მეტი იყვნენ, ვიდრე რუსეთის“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

როგორც მაისაია აცხადებს, რუსული რეაქცია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და დიდი ალბათობით, სირიის მიმართულებით შეუქმნის პრობლემებს ამერიკას.

„არ ვიცით როგორ იქნება სირიის მიმართულებით თანამშრომლობა, ესეც გაურკვეველია. იმიტომ, რომ თანამშრომლობა უკვე გადადის საპირისპირო ქმედებაში. მით უმეტეს, თუ ტრამპი დაამტკიცებს ირანის სტრატეგიას, რაც, სავარაუდოდ, ოქტომბერ-ნოემბერში მოხდება, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სირიის მიმართულებით რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა შეწყდება, რადგან ამერიკელები ირანის მიმართულებით ისეთივე ოპერაციას განახორციელებენ, რასაც ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით ახორციელებენ. ირანის სტრატეგია კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას სირიაში და ერაყში. ასე რომ, ამერიკა-რუსეთს შორის არსებულ ეკონომიკურ ომს, დაემატა დიპლომატიური ომი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.