ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ცივი ომის მორიგი ეტაპი დასრულდა - ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო და სტრასბურგში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის გარეშე მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს. შესაბამისად, მორიგ ბრძოლას სწორედ პარლამენტში ველოდებით.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, აზრს მოკლებულია სტრასბურგში ულტიმატუმების მოსმენა, ამიტომ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე 6 სექტემბერს, სტრასბურგში არ გაემგზავრება. მმართველი გუნდი ვენეციის კომისიას მოდერატორობისთვის მადლობას უხდის, თუმცა შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ კონსტიტუციაზე პოლიტიკური შეთანხმება შემდგარიყო.
„საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ არა კონკრეტიკას, არამედ ულტიმატუმის ენით საუბარს, მიზანმიმართულ მცდელობას, რომ სიტუაციის პოლარიზება მოხდეს... ვცდილობთ, ის კონსტიტუცია, რომელიც ექსპერტებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად შევიმუშავეთ, იყოს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული და არა ულტიმატუმებით ვიღაცის ინტერესებს დაქვემდებარებული“, - აცხადებს სესიაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო.
„სწორედ ამიტომ, უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით“, - ნათქვამია უმრავლესობის განცხადებაში.
ოპოზიციას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ვენეციის კომისია მხარს დაუჭერდა და უმრავლესობის მხრიდან აღნიშნული განცხადების გავრცელებისთანავე, ვენეციის კომისია საქმის კურსში ჩააყენა.
„ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელი გახდა კონსენსუსის მიღწევისთვის საკმარისი ბაზისის გამონახვა“, - აღნიშნა ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა.
მისივე შეფასებით, შექმნილ ვითარებაში დამნაშავე მხოლოდ ერთი პოლიტიკური მხარე არაა.
„ვფიქრობ, ორივე მხარეს სურს კონსენსუსის მიღწევა, ოღონდ თავიანთი პირობების საფუძველზე. არა მგონია, რომ მხოლოდ ერთი მხარე შეგვიძლია დამნაშავედ გამოვიყვანოთ“, - აცხადებს ტომას მარკერტი.
ვენეციის კომისიის მდივანი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მმართველმა გუნდა ქართულ საზოგადოებასთან ერთად ვენეციის კომისიაც მოატყუა.
„მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ მოტყუებულნი ვართ. ჩვენ გაკვირებულნი ვიყავით, როდესაც მეორე მოსმენით ცვლილებები იყო შეტანილი საარჩევნო სისტემაში. უსიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ტექსტი ამგვარად შეცვალეს“, - განაცხადა ტომას მარკერტმა.
ტომას მარკერტის თქმით, შექმნილი ვითარება იდეალური არ არის, თუმცა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უარესი არ არის. მარკერტი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებამდე ტექსტში გარკვეული ცვლილებები შევა.
ხელისუფლება კი თვლის, რომ მატყუარა სწორედ ოპოზიციაა - „კარგი იქნებოდა კონსენსუსი გაფართოებულიყო, მაგრამ ოპოზიციამ ეს არ ინება, ძალიან ცუდია, რომ დღეს ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ეს არის ხელისუფლების ბრალი“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.
როგორც მდინარაძე აცხადებს, ოპოზიცია შეგნებულად ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას და მათ აქვთ მიზანი, რომ ჩაიშალოს მოლაპარაკებები.
ასე არ ფიქრობს არასაპარლამენტო ოპოზიცია და როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, ხელისუფლება თავს იჭრის მთელი მსოფლიოს წინაშე, ხოლო მისი პარტია აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც ქვეყნის ავტორიტარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
„ცუდი ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, როდესაც არ არის გათვალისწინებული არც ერთი ოპოზიციური პარტიის მოსაზრება“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ თუ კონსენსუსი ამ საკითხზე ვერ მოხერხდა, ამაზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.
„ხელისუფლების მხრიდან დიალოგის კარი ყოველთვის ღია იყო. სამწუხროდ, კონსენსუსი რომ შედგეს, ოპოზიციის შიგნითაც უნდა იყოს ერთიანობა, რომელსაც ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ უმრავლესობა სტრასბურგში წასვლას შეუშინდა.
„ოცნება“ მიხვდა, რომ მათ ოცნებას აღსრულება არ ექნება, თუ საქმეში ჩაერევიან ევროპის ის სტრუქტურები, რომლებიც აღიარებულია, როგორც ყველაზე ძლიერი საკონსტიტუციო სივრცეში. ჩვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ დასაწყისში მოინდომა, რომ არ გვქონოდა მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ უცებ, ძალიან მარტივად აუკრეს პირი და იმ სისტემის რიგით მონად გახადეს, რომელშიც ის აღზევდა. სირცხვილია სხვა თუ არაფერი. ჩვენს სახელმწიფოს აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოდიში მოვუხადოთ ევროპას და დავადგეთ ისეთ გზას, რომელზეც არ გვეტყვიან, რომ „მურა შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ იყო და თავიდანვე ჩანდა, რომ ხელისუფლებას ერთპარტიული კონსტიტუცია სურდა.
„მმართველმა პარტიამ საზოგადოებას, ვენეციის კომისიას, ყველას გაუცრუა იმედები ჩვენს გარდა. მას ერთპარტიული კონსტიტუცია უნდოდა, რასაც ახლაც აპირებს. რა თქმა უნდა, ეს მცდელობა იქნება ძალიან ხანმოკლე და პოლიტიკურად ძვირი გამარჯვება. ამ დოკუმენტს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება. რეალურად, კონსტიტუცია არ შეიძლება იყოს ერთპარტიული დოკუმენტი, „ქართული ოცნება“ ოლიგარქის დავალებით კი სწორედ ამას აკეთებს“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა.
ნაციონალების პოზიციას, რა თქმა უნდა, არ იზიარებს უმრავლესობა და როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, ოპოზიციას სიტუაციის არევა უფრო უნდოდა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა.
როგორც კილაძე აღნიშნავს, მმართველ გუნდს ნამდვილად ჰქონდა განზრახული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადებულიყო კონსენსუსის ფარგლებში.
„გასაგებია, რომ ოპოზიციაა, მაგრამ როცა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება საქმე, როგორიც კონსტიტუციაა, ქვეყნის ძირითადი კანონია, აქ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული“, - აცხდებს კილაძე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი თვლის, რომ „საკონსტიტუციო უმრავლესობამ, მორიგ ჯერზე, კონსტიტუციური ჩიხისთვის გაწირა ქვეყანა, რაც კიდევ რამდენიმე წლით გადადებს სახელმწიფოს ინსტიტუციურ განვითარებას“.
მოკლედ, უმრავლესობის მხრიდან განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც მან ახსნა მიზეზები, რატომ წყვეტს დიალოგს, ოპოზიციის მხრიდან უხვად გავრცელდა ხელისუფლების კრიტიკა. დღის ბოლოს კი, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო -კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას წერილით მიმართა.
წერილში ნათქვამია, რომ კვალიფიციური ოპოზიციური პარტიები კვლავ ადასტურებენ მზადყოფნას, გააგრძელონ პოლიტიკური დიალოგი და მონაწილეობა მიიღონ 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებაში.
„როგორც მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის შუამავლობით 6 სექტემბერს სტრასბურგში დაიგეგმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტიტუციური რეფორმის საკითხზე შეხვედრა. აგვისტოს თვეში, ხელისუფლების ინიციატივით, თბილისში მოეწყო მმართველი პარტიის და ოპოზიციის წინასწარი კონსულტაციები. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტიკურ პარტიებს სთხოვა წარმოედგინათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები საარჩევნო თემატიკიდან, რის ასახვასაც ისურვებდნენ კონსტიტუციური შესწორების პროექტში.
ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი დღის წესრიგი, კერძოდ უმთავრესი საკითხი: პარლამენტის მაჟორიტარული სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით; გარდა ამისა, აგრეთვე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები: ბარიერის შემცირება 5%-დან 3%-მდე; საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობის შენარჩუნება; პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი;
დღეს მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომ ცალმხრივად წყვეტს მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან და მე-3 მოსმენით იგივე პროექტი იქნება დამტკიცებული, რაც მე-2 მოსმენით იქნა მიღებული.
ჩვენის მხრივ კვლავ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ პოლიტიკური დიალოგი და მონაწილეობა მივიღოთ 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებაში“, - ნათქვამია ვენეციის კომისიისადმი მიწერილ წერილში.
თუმცა, კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების შრომა წყალში ჩაიყარა, რადგან ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განცხადება გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს სტასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართულ მხარეს ეკისრება შემდგომი მოლაპარაკებების ჩატარება და ვენეციის კომისიის ჩარევა ამ პროცესში საჭირო არ არის“, - წერს ბუკიკიო.
როგორც ჩანს, ოპოზიცია სერიოზული ბრძოლისათვის ემზადება, თუმცა როგორ იქნება ეს ყველაფერი გამოხატული, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ცოტა ხნის წინ ნაციონალები საკონსტიტუიციო საკითხებზე სამოქალაქო მღელვარებითაც იმუქრებოდნენ.
რაც შეეხება ვენეციის კომისიასა და უმრავლესობას, ვენეციის კომისიის განცხადებებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ მას დიალოგი ჰქონდა უმრავლესობასთან, რადგან ვენეციის კომისია დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციაში კვლავ შევა ცვლილებები და ეს არ იქნება ის ვარიანტი, რაც მეორე მოსმენით ჩასწორებებისას იყო მიღებული. კონკრეტულად რა შესწორებებზეა საუბარი, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც დებატები კვლავ პარლამენტის შენობაში გადაინაცვლებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ განცხადების გამოქვეყნებამდე ვენეციის კომისიასთან დიალოგი შედგა.
„ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელებდით, ბუნებრივია, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მაღალი შეფასება აქვს მიცემული.
„ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელებდით, მანამდე, ბუნებრივია, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს შორის. სწორედ ასეთი კონსულტაციების შემდეგ გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადება.
რაც შეეხება პროცესებს, ჩვენ ოპოზიციის მხრიდან უმარტივეს კითხვაზე მოვითხოვეთ პასუხის გაცემა. პასუხის მიუღებულობის შემდეგ შეუძლებელი გახდა დისკუსიის წარმოება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩიხში შეიყვანა პროცესი. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, კონსენსუსის არმიღწევა როგორც ჩანს, იყო ოპოზიციის თვითმიზანი. ვენეციის კომისიამ დოკუმენტის ხარისხი შეაფასა მაღალ დონეზე და რადგან ოპოზიცია ხარისხზე ვერაფერს ამბობს, ისინი ყურადღებას ამახვილებენ კონსენსუსის არარსებობაზე. მათ ეგონათ, რომ ისინი მოგებულები დარჩებოდნენ, თუმცა ქართველი ხალხი დარჩა მოგებული, რომელმაც დახვეწილი კონსტიტუცია მიიღო“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.