13 ივნისს სტიქიის შემდეგ, რომელსაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასევე მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი და ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ანალიტიკოსები უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის და კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმებას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, კრიზისების მართვის საბჭომ არაფექტურობა გამოავლინა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თბილისის წყალდიდობის შემდეგ, კრიზისების მართვის საბჭომ არაფექტურობა გამოავლინა ბორჯომის ხეობაშიც. მათივე განცხადებით, ქვეყანა სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შეხვდა, რაც შესაბამისი უწყების მხრიდან მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
კრიზისების მართვის საბჭოს არაეფექტურობასა და არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შეფასებით, მინდია ჯანელიძეს ყველაზე ძვირადღირებული საჯარო მოხელეა, თუმცა, ამის მიუხედავად ის კრიზისების მართვაზე ორიენტირებული არ არის.
ბრალდებას არ ღებულობს კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი და აცხადებს, რომ კრიზისების მართვის საბჭომ ეფექტურად და კანონმდებლობის ფარგლებში იმუშავა.
„ჩვენი სამსახური ჩაერთო მაშინ, როცა უნდა გამოჩენილიყო. ჩვენი სამსახური კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მუშაობს. როცა ვითარება დამძიმდა და საჭირო გახდა მობილიზება უფრო მეტი რესურსების, ვიდრე შსს-ს გააჩნია, მაშინ ჩვენ ჩავერთეთ“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
რამდენად ეფექტურია კრიზისები მართვის საბჭო, ამაზე მმართველი გუნდი ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა კრიზისების საბჭოს სტრუქტურის გამოწვევებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა და გიორგი კვირიკაშვილმა სისტემური ცვლილებებიც არ გამორიცხა.
„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მომავალი სისტემური ცვლილებები, რომელიც დაგვჭირდება, ეს არის ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელ დღეს, გლობალური დათბობის პირობებში ხედავთ რა სიტუაციაც არის მთელი ევროპის, მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად ასეთი გამოწვევებისთვის.
ვფიქრობ, ასეთი ტიპის გამოწვევებთან როგორიცაა ინფრასტრუქტურული აღჭურვილობის განახლება, ასევე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა, არის აუცილებელი. ამიტომ პირველივე დღიდან, როდესაც აბასთუმნის ცეცხლი ჩაქრება, ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობა მოგვიწევს.
წელს რაც შესაძლებელი იქნება და ალბათ, უფრო მომავალი წლის ბიუჯეტში, საჭირო იქნება ამ რესურსის გამოყოფა და ამავე დროს, გასატარებელი იქნება ის სისტემური ცვლილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მოიყვანს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის მზადყოფნაში ასეთი ტიპის გამოწვევებთან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ კრიზისების მართვის საბჭო ბრიტანული „კობრას“ ანალოგია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შესაძლოა, მისი ტრანსფორმირება იმ გამოწვევების კვალდაკვალ მოხდეს, რაც ქვეყნის წინაშეა.
„რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, ისინი ვერ ერკვევიან ამ სისტემის მნიშვნელობაში და ამიტომ აკეთებენ არაპროფესიონალურ და არაკვალიფიციურ განცხადებებს. საბჭო არის არა ტაქტიკური გამოყენების ინსტიტუტი, არამედ ეს არის საკოორდინაციო მექანიზმი. საბჭოს არანაირი ტექნიკა, აღჭურვილობა ან მსგავსი ტიპის საშუალებები არ გააჩნია. რაც შეეხება პროცესში მისი ჩართულობის პერიოდს, არაკვალიფიციურად იქნა გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები. აქაც არსებობს საერთაშორისო დონის სტანდარტები, რომელიც განსაზღვრავს კრიზისების დონეებს და კრიზისების მართვის საბჭო, როგორც საკოორდინაციო ორგანო ერთვება მხოლოდ მაშინ, როცა ეროვნული დონის რისკები წარმოიშვება“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.