ხელისუფლების და ოპოზიციის მორიგებას საკონსტიტუციო საკითხებზე ვენეციის კომისია შეეცდება. როგორც ცნობილია, ვენეციის კომისიამ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე, შესაძლოა, გარკვეული შეთავაზებით მიმართოს.
როგორც ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა აღნიშნა, მხარეებს გადაწყვეტილებებს ვერ დაუწესებენ, თუმცა, შესაძლოა, მიმართონ შეთავაზებით, რათა მხარეები უფრო დამთმობები იყვნენ.
„ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამ შეთავაზებების გახმოვანებისგან“, - განაცხადა მარკერტმა.
სულ ცოტა ცნობისმოყვარეობის გამო მაინც მიიღებენ პარტიები დადებით გადაწყვეტილებას და სტრასბურგს ეწვევიან, თუმცა საბოლოო თანხმობა სტრასბურგში ვიზიტისა და მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვის შესახებ, პარტიებს ვენეციის კომისიისთვის ჯერ არ უცნობებიათ.
„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია საბოლოო დასტური უმრავლესობისა და ოპოზიციის მხრიდან 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხს უახლოეს პერიოდში ველოდებით, რადგან შეხვედრის თარიღი ახლოვდება“, - აღნიშნა ვენეციის კომისიის მდივანმა და ხაზი გაუსვა, რომ სტრასბურგის შეხვედრამ, თუკი ის 6 სექტემბერს შედგება, საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე კონსენსუსის მიღწევის პროცესს ხელი უნდა შეუწყოს.
ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალმა ოპოზიციურმა პარტიებმა როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიიღეს და განაცხადეს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან.
როგორც ჯგუფის წევრმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა არ უნდა ჩაიშალოს.
„ოპოზიციური პარტიებისგან გვესმის პოზიცია, რომ ისინი არ აპირებენ ჩასვლას სტრასბურგში. რა არის, რას ჰგავს ეს სიტუაცია? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოლაპარაკებების ჩაშლაში დახმარების გაწევა ხდება ხელისუფლებისთვის, რომელსაც არაფრით არ უნდა მოლაპარაკებების ჩატარება?“, - ეჭვობს მამუკა კაციტაძე.
შეხვედრაში მონაწილეობის თაობაზე ჯერჯერობით უცნობია საპარლამენტო ოპოზიციის საბოლოო პოზიცია, მაგრამ ვიდრე ინტერპარტიული ჯგუფი გადაწყვეტილებას მიიღებდა, საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ვენეციის კომისიისთვის გასაგზავნი წერილის მომზადებას ერთობლივად შეუდგნენ.
მათი მიზანი ვენეციის კომისიის საქმის კურსში ჩაყენება იყო, იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ დიალოგის მაგიდა დატოვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია მოითხოვს, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და არჩევნები 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარდეს. ამასთან ერთად, ისინი მოითხოვენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით ხალხმა აირჩიოს.
როგორც ჩანს, აზრი ორად გაიყო ოპოზიციაშიც, ეს კი ნიშნავს, რომ კამათი, კომპრომისი და შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ როგორც ჩანს, იმედი უკვე გადაწურული აქვს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არ ცვლის ულტიმატუმის პოზიციას, რაც საბოლოოდ გამორიცხავს დიალოგის შესაძლებლობას და ყველაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
„რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ შევთავაზეთ ოპოზიციას დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მივსულიყავით კონკრეტულ შედეგებამდე. ნაცვლად ამისა, მივიღეთ ულტიმატუმები, ისიც დიალოგის დაწყების პირობად. ამან შეუძლებელი გახადა უმრავლესობის შიდა კონსულტაციებიც კი.
მიუხედავად ამისა, მაინც დავტოვეთ ღია სივრცე დიალოგისთვის, თუმცა ვხედავთ, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ გააგრძელოს რეალური დიალოგი - უპირისპირდებიან ერთმანეთს, ვერ თუ არ ყალიბდებიან საერთო პოზიციაზე, აკეთებენ სხვადასხვა განცხადებებს იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს მოლაპარაკების პროცესი და რაც მთავარია, არ ცვლიან ულტიმატუმის პოზიციას, რაც საბოლოოდ გამორიცხავს დიალოგის შესაძლებლობას“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
რატომ არ აწყობს ოპოზიციას მოლაპარაკებები, როგორც ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე ამბობს, ამას თავისი, საკმაოდ სერიოზული მიზეზები აქვს.
„როგორც ჩანს, რთულია საკონსტიტუციო პროცესი იმითაც, რომ იგი გადახლართულია საარჩევნო ინტერესებთან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა რეიტინგი აქვს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას“,- მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
მისივე შეფასებით, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ ხელსაყრელი რეიტინგები. მათი მძაფრი დამოკიდებულების მიზანი არის ის, რომ მოსახლეობას თავი მოაჩვენონ როგორც შეურიგებელმა მხარემ და არა ის, რომ კონსტიტუციის რომელიმე ვარიანტი არის ქვეყნისთვის ან თუნდაც მათთვის მომგებიანი.
„მეეჭვება, რომ დაფიქრდნენ და ვერ მიხვდნენ, პროპორციული სისტემით თითქმის არ აქვთ შანსი, რადგან პროპორციულ არჩევნებს დაბალრეიტინგიანი პარტიები ვერ იგებენ. ბევრი პარტიისთვის შესაძლოა, მაჟორიტარული წესი უფრო მომგებიანიც იყოს, მაგრამ ეს გვერდზე გადადეს, იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირების მკაფიო საბაბი ჰქონდეთ და ამით აიღონ ე.წ. ხელისუფლებით უკმაყოფილოთა ხმები“,- თვლის რამაზ საყვარელიძე.
მოახერხებენ თუ არა ხელისუფლებით უკმაყოფილოთა ხმები მოინადირონ, ამას ოქტომბერში ვნახავთ, მაგრამ რამდენად შეიძლება დაზიანდეს ასეთი პოლიტიკური თამაშებით საკონსტიტუციო პროცესი, ალბათ, იმაზე გაცილებით სერიოზული თემაა ქვეყნისათვის, ვიდრე ერთი რომელიმე პარტიის საკრებულოში მოხვედრა.
საინტერესოა, თუკი ეს ყველაფერი მართლაც ხმების მონადირებას ემსახურება, დასრულდება თუ არა დავა არჩევნების შემდეგ და კონსტიტუციის რა ვარიანტით გავაგრძელებთ ცხოვრებას, თუმცა, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ მოლაპარაკების იმედი არჩევნების შემდეგაც არ უნდა გვქონდეს.
„არც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მგონია, რომ დიდი შანსი გაჩნდეს მოლაპარაკებების, რადგან მალე ისევ მოდის არჩევნები და ფაქტობრივად, სულ საარჩევნო რეჟიმში ვართ. თან ეჭვი მაქვს, მაჟორიტარების ამხედრება უნდათ და ასე დაჟინებით ამიტომაც ითხოვენ პროპორციული სისტემის შემოღებას, ანუ მაჟორიტარების მხარდაჭერა მიმდინარე სიტუაციაში რომ გამოაცალონ ხელისუფლებას.
თუკი იმ მიზეზებს რაც ვთქვით, ეს ამოცანაც ემატება, იგი ძალაში დარჩება არჩევნების შემდეგაც, თუმცა, ვფიქრობ, დიალოგი უფრო ნაკლები ემოციების ფონზე წარიმართება, ვიდრე ახლაა. არჩევნების და კონსტიტუიციის ერთმანეთისთვის დაპირისპირება კი მგონია, რომ ძალზე წამგებიანია ქვეყნისათვის“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ნაკლებად სავარაუდოა, შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებით მოგებული დარჩეს ოპოზიცია, თუმცა ხელისუფლება ნამდვილად წააგებს. ასე რომ, ალბათ, დასაფიქრებელია, მსგავსი პოლიტიკური თამაშები ვის წისქვილზე ასხამს წყალს.