ბობ დილანს ლონდონში აწყენინეს

ბობ დილანს ლონდონში აწყენინეს

ცნობილ ამერიკელ მომღერალს, უბერებელ ბობ დილანს მიმდინარე წლის 24 მაისს დაბადებიდან სამოცდაათი წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საკუთარი ახლობლებისათვის და თაყვანისმცემლებისათვის ივლისის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ერთი საზეიმო ღონისძიების ჩატარება ჰქონდა ჩაფიქრებული.

 

ბობ დილანს ლონდონის ჰარინგეის რაიონში სახლი აქვს შეძენილი. მუსიკოსს ძალიან დაძაბული სამუშაო გრაფიკი გააჩნია, ამიტომ ინგლისში მდებარე სახლს იშვიათად სტუმრობს.

 

დიდ ბრიტანეთსა და მის ყოფილ კოლონიებში დღემდე ერთი ტრადიციაა შემორჩენილი. ნებისმიერ ცნობილ პიროვნებას უფლება აქვს, ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის ადგილობრივ საბჭოებს მიმართოს და განსაკუთრებულ შემთხვევებში, ქუჩებში საზეიმო მსვლელობის ორგანიზება მოითხოვოს. საბჭოში შემავალი ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ამ განცხადებას გულდასმით იხილავენ და შესაბამის ვერდიქტსაც ღებულობენ.

 

მიმდინარე წლის ივლისის პირველ რიცხვებში ბობ დილანს ჰარინგეის ქუჩებში საზეიმო მსვლელობის მოწყობა ჰქონდა დაგეგმილი. სამწუხაროდ ამ უბნის ადგილობრივი საბჭოს წევრებმა მუსიკოსს ამ საზეიმო ღონისძიების ჩატარების ნებართვა არ მისცეს. მიზეზად ის მოიტანეს, რომ ბობ დილანი ლონდონში იშვიათად ჩამოდის და “მშობლიური” უბნის კეთილდღეობისათვის არაფერი გაუკეთებია.

 

ამერიკელი მომღერლის განცხადებით, ის მისი პიროვნების მიმართ ასეთ სასტიკ მოპყრობას ნამდვილად არ ელოდა და ამიერიდან ლონდონში მდებარე სახლის გაყიდვისათვის იზრუნებს.

 

ბობ დილანი  1941 წლის 24 მაისს დაიბადა მინესოტას შტატის ქალაქ დულეტში. აქტიური მუსიკალური მოღვაწეობის ხუთი ათეული წლის განმავლობაში პოპულარული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ჩამოყალიბდა.

 

ჟურნალ “Rolling Stones” გამოკითხვის მიხედვით, ბობ დილანი ჯგუფი “The Beatles” შემდეგ თანამედროვე როკ-ისტორიის მეორე უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

 

მისი პირველი ალბომი “Bob Dilan” 1962 წელს გამოვიდა. რიგით 34-ე სტუდიური ნამუშევარი “Christmas In The Heart” კი 2009 წელს.