თამარ კიკნაძე: „სააკაშვილი პოლიტიკურ გვამად იქცა“

თამარ კიკნაძე: „სააკაშვილი პოლიტიკურ გვამად იქცა“

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება, უკრაინელ მესაზღვრეებს კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების სრული უფლება აქვთ. იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილი შეეცდება უკრაინის საზღვრის დარღვევას, ასეთ შემთხვევაში „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო მოუწოდებს უკრაინელ მესაზღვრეებს, ცეცხლი გაუხსნან ნებისმიერს, ვინც უკრაინის საზღვრის გარღვევას შეეცდება.

ქართული მხარის მიერ ძებნილი და უკრაინული მხარის მიერ მოქალაქეობაჩამორთმეული სააკაშვილი აცხადებს, რომ ყურადღებას არ მიაქცევდა ლიაშკოს ისტერიულ განცხადებას, მაგრამ ამბობს, რომ კარგად ახსოვს, რომ, ფორმალურად, მოქალაქეობა ლიაშკოს მიმართვის შემდეგ ჩამოართვეს. სააკაშვილმა მიმართა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომ რეაგირება მოახდინოს დეპუტატის განცხადებაზე. სააკაშვილის მიმართვის პარალურად, იური ლუცენკომ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირებისთვის დამატებითი მასალები მიიღო.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან მოქალაქეობის შემოთავაზება მიიღო, ამბობს, რომ საქმისა და შემოსავლის გარეშე არ დარჩება, მაგრამ ამის მიუხედავად, უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება.

„პუტინის ბრძანებით, რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რათა ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩავრთულიყავი. ზუსტად ასე, პოროშენკომ გასცა თავისი ბრძანებულება, უკრაინისკენ გზა ჩამიკეტა და პუტინის მოფიქრებული ბრძანებით, საქართველოში ექსტრადირებით მემუქრება.

ამავდროულად, უკრაინის სრული განადგურება მიმდინარეობს. ამის შორიდან ყურებას კი არ ვაპირებ. რა შანსებიც არ უნდა იყოს, მე წავალ ამ ომში, მე დავპირდი უკრაინელებს, რომ ვიქნებოდი მათ მხარეს, მე მაინც არ დავდექი ბარიგების მხარეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არაერთხელ შემომთავაზეს. ასე რომ, თქვენი დიდი იმედი მაქვს. თუ ჩვენ ერთად დავდგებით, ვერაფერს დაგვიშავებენ. შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, მე იმედს არ გაგიცრუებთ. დროებით, შევხვდებით პოლონეთ–უკრაინის საზღვარზე“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა უკრანელებს სოციალური ქსელით.

მიმართვის მიუხედავად, პოლიტოლოგი, საერთაშორისო მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ სააკაშვილი, რომელიც ამერიკული და ევროპული პოლიტიკისთვის გადაქცეულია პოლიტიკური გვამად, ვერ გაბედავს უკრაინის საზღვართან მიახლოვებას.

თამარ კიკნაძე: სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ფიგურა საერთაშორისო პოლიტიკისთვის. როგორც პოლიტიკოსი, ძალიან გაჭირვებულ მდომარეობაშია. ჯერ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, ახლა უკრაინაშიც უარი უთხრეს მოქალაქეობაზე. იცით, შეიძლება მოქალაქეობა ცალკეულმა პიროვნებებმა შესთავაზეს, მაგრამ სინამდვილეში, როგორ გადაწყდება მისი მოქალაქეობის საქმე, ეს კიდევ სხვა საქმეა, რადგან სააკაშვილი უკვე გადაქცეულია პოლიტიკურ გვამად.

ასეთ შემთხვევაში რატომ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი ევროპული ქვეყნები, რომ მისცენ მოქალაქეობა?

- ერთია რას ამბობს თვითონ სააკაშვილი, მაგრამ მეორეა, სინამდვილეში ვინ სთავაზობს მოქალაქეობას. როგორც გითხარით, შეიძლება არიან ცალკეული პირები, რომელთანაც მას მეგობრული კავშირი აქვს, მაგრამ სახელმწიფო დონეზე როგორ გადაწყდება მისი მოქალაქეობა, ეს უკვე სხვა პრობლემაა. შეიძლება ვიღაც კონკრეტულმა პირმა შესთავაზოს, მაგრამ არც ერთი სახელმწოფო არ მისცემს მოქალაქეობას.

სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნის დრო ამოიწურა. მან თავისი ფუნქცია შესრულა და ფატობრივად პოლიტიკურ სანაგვეზეა. სააკაშვილი, როგორც უკრაინის პროექტი,  გლობალური პროექტი იყო. მოგეხსენებათ, რომ უკრაინაში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩაიყვანეს, რომლებიც სხვადასხვა წამყვან პოსტებზე დაინიშნენ, მაგრამ პროექტმა არ გაამართლა.

ახლა უკრაინაშიც არ არის სახარბიელო მდგომარეობა. მიგრაციის მაღალი დონეა, ეკონომიკურად ძალიან შენელდა უკრაინის განვითარება.

მით უმეტეს, რომ ტრამპი ის პოლიტიკოსია რომელიც გლობალიზაციაზე აღარ არის ორიენტირებული...

– რა თქმა უნდა, მისი სლოგანია, რომ ამერიკა გახადოს ისევ დიადი. ფუკუიამა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი გლობალისტი იყო, მანაც აღიარა, რომ გლობალიზაციის პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა. უკრაინის პროექტიც წარუმატებელი გამოდგა და სააკაშვილის ფიგურაც აქტუალური აღარ არის.

აქტუალური არ არის, მაგრამ ამბობს რომ 10 სექტემბერს აუცილებლად გადალახავს საზღვარს. ერთია, რას ამბობს სააკაშვილი და მეორეა, მივა თუ არა ის საზღვრამდე. ანალოგიურ განცხადებას აკეთებდა საქართველოს შემთხვევაშიც, მაგრამ ახლა როდესაც ყველა გზა მოჭრილი აქვს, წავა ამ რისკზე?

– არა. ის მშიშარაა და თუ რეალურ საფრთხეს იგრძნობს, არ მგონია, რომ ის ჩავიდეს უკრაინაში. ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო - აი ასეთ მდგომარეობაშია.

არსებული ინფორმაციით, პოლონეთმა უარი უთხრა სააკაშვილის მოქალაქეობაზე, მათ შორის - ქვეყანაში დარჩენაზე...

- მან ძალიან ბევრი ცუდი რამ გააკეთა, პოლიტიკური ავანტიურისტია და როგორც წესი, ასეთი ადამიანები საერთდ ძალიან ცუდად ამთავრებენ. საკაშვილიც არ არის გამონაკლისი.

სააკაშვილი ამბობს, რომ მას ებრძვის რუსეთი და სწორედ, რომ რუსეთის დავალებით მოქმედებენ ბიძინა ივანიშვილი და პეტრო პოროშენკო. როგორ ფიქრობთ, შეძლებს გაყიდოს ვერსია, რომ მას რუსეთის დავალებით ებრძვიან?

- არ ვთვლი, რომ სააკაშვილი არ ატარებდა რუსულ პოლიტიკას. თუ ჩვენ ომის შედეგებს გადავხედავთ, ვინ დარჩა მოგებული? მისი რიტორიკა იყო ანტირუსული. ეს არის ჩვეულებრივი პიარ–ტექნოლოგია, მაგრამ სინამდვილეში, რაც მან გააკეთა, ეს იყო ხელსაყრელი რუსებისთვის. მისი პოლიტიკის წყალობით რუსეთის ბაზები განლაგდა ოსეთსა და აფხაზეთში. იცით, ჩვენი თანამემამულეები კიდევ ვერ ათვითცნობიერებენ იმ სიტუაციის სირთულეს, რაც სააკაშვილმა მოუტანა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის სახით.

ახლახანს ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ტომ გრემმა თქვა, რომ ის, რაც სააკაშვილმა თავისი ქვეყნისთვის 2008 წელს გააკეთა, ეს იყო კატასტროფა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, რომ რუსეთი ოკუპანტია, შენ ეხუმრები რუსეთს, რომელმაც აღიარა აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა?! ჩვენ ძალიან დავიწიეთ უკან.

სააკაშვილის ამ ავანტიურის გამო, საქართველომ ფაქტობრივად უკან დაიწია განვითარების კუთხით. ერთია, რას ლაპარაკობდა სააკაშვილი, მეორეა - რას აკეთებდა რუსეთისთვის და რუსული პოლიტიკისთვის. ფაქტობრივად, რუსული თამაში ითათამაშა. ჯერ იყო, ადმინისტრაცია დასვა ახალგორში და შედეგად 140 ქართული სოფელი რუსეთის დაქვემდებარებაში გადავიდა. შემდეგ კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი გადაარქვა, ანუ ლეგიტიმაცია შესძინა იმას, რომ კოდორის ხეობა, როგორც აფხაზეთის ტერიტორია,  წაეღოთ რუსეთს.

სააკაშვილმა ქართული თამაში არ ითამაშა, მან გლობალური თამაში ითამაშა, რითაც საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მოსახლეობის მასობრივ გაღატაკებას  შეუწყო ხელი, რაც შემდეგი მიგრაციის წინაპირობა გახდა. ასე რომ, სააკაშვილი პოლიტიკურ გვამად იქცა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ასეთი ტიპის ფიგურებს პოლიტიკაში ასე ექცევიან.