საპარლამენტო უმრავლესობა იმედს არ კარგავს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის „გაფორმებას“ როგორმე მოახერხებს. როგორც ჩანს, არ სურს სააკაშვილისდროინდელი ნაცმოძრაობის იმიჯი შეიქმნას, რომელმაც კონსტიტუციის მოქმედი ვარიანტი ყოველგვარი „ზედმეტი ლაპარაკის“ გარეშე კანონად აქცია და რომ არა 2012 წლის მოვლენები, პრემიერ-მინისტრად დღესაც სააკაშვილი გვეყოლებოდა.
როგორც უმრავლესობა აცხადებს, თუ ოპოზიცია მოახერხებს იმ საკითხების ჩამოწერას, რომელთა ასახვის შემთხვევაში ის მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს.
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი დღესაც მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი და დისკუსია გამართოს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, მისი თქმით, დიალოგის განახლების სურვილი მმართველი გუნდის პოზიცია იყო, თუმცა ამაზე ოპოზიციისგან გაუგებარი პასუხი მიიღეს.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია მომავალი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს და სხვა კომპრომისები სულაც არ სჭირდება. როგორც ჩანს, უმრავლესობა ამ პოზიციას კონკრეტულ მოთხოვნად არ თვლის.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი ძალიან მარტივ კითხვაზე ითხოვდა პასუხს, რაც შესაძლებელს გახდიდა დიალოგის გაგრძელებას, თუმცა მისი თქმით, დიალოგის გაგრძელებაზე, პასუხი არ იყო შესაბამისი.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიალოგის გაგრძელების სურვილს და მზადყოფნას, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ოპოზიციაზე. მარტივი კითხვა იყო დასმული - რა არის ის საკითხები, რომელთა ასახვის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს? ამ ძალიან მარტივ კითხვაზე ჩვენ პასუხი, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ. თუ ამ კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული, ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ მზადყოფნას, რომ გაგრძელდეს დიალოგი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას 25 აგვისტოს განცხადების გამოსწორების მცდელობად აღიქვამს და თვლის, რომ ეს ვენეციის კომისიის თვალში ქულების დასაწერად სჭირდება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ვარაუდობს, მმართველმა გუნდმა როგორც ჩანს, ევროპელი პარტნიორებისგან ძალიან ცუდი სიგნალი მიიღო და ახლა ცდილობს, ოპოზიცია მოლაპარაკებებში ხელახლა ჩაითრიოს.
გოცირიძის თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკების ილუზიას ქმნის, რათა თუ სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშლება, ეს მმართველ გუნდს არ დაბრალდეს.
„ოპოზიციის მოთხოვნა იქნება იგივე, რაც იყო ყოველთვის. ეს არის ორი მთავარი საკითხი - საარჩევნო წესები და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების შენარჩუნება. ამის გარდა, კონსტიტუციაში სხვა სალაპარაკო არაფერი არ არის“, - აღნიშნა გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, არასერიოზული და პოლიტიკური მოუმწიფებლობის გამოვლინებაა მმართველი გუნდის მოთხოვნა, ოპოზიციამ ის საკითხები დაასახელოს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, რადგან ოპოზიციამ მმართველ გუნდს ყველა ფორმით გააცნო ის საკითხები, რომელზეც ისინი მზად არიან დიალოგისთვის.
„არც ერთ მოლაპარაკებაზე არ ხდება ისე, რომ ერთი მხარე მეორეს ეუბნებოდეს - გვითხარით თქვენი აბსოლუტური მინიმუმი და მერე დავიწყოთ მოლაპარაკებაო. თუ გონიათ, რომ ამაზე წავალთ, ძალიან ცდებიან. მდგომარეობა არის მარტივი. მათ არ უნდათ დიალოგი. მარტო არიან დარჩენილები მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. არავინ არ უჭერს მხარს და ახლა ცდილობენ, იპოვონ იაფი გამოსაძრომი, თუ რა დააბრალონ ოპოზიციას და ასეთი მარტივი ხრიკებით ცდილობენ ფონს გასვლას. ამას არავინ წამოეგო და არ წამოეგება. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მათ ნათლად უთხრა, რომ არის თემები, რომლებზეც ვაპირებთ საუბარს - ეს, პირველ რიგში, არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარება და დანარჩენი სხვა მნიშვნელოვანი თემები. ამაზე ვართ თანახმა, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ. თუ უნდათ დიალოგი, ამაზე კარგს ჩვენგან ვერ მოისმენენ“, - განაცხადა კაპანაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა ყოველთვის ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მზად არიან დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის ოპოზიციასთან.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ორი თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ ოპოზიციისგან კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მიეღო, თუმცა პასუხი მაინც ვერ მიიღეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მაინც მზად არის.
„შემდეგ ჩვენ ვცადეთ, რომ პასუხი წერილობით მიგვეღო, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ და შეუძლებელი გახდა დიალოგის გაგრძელება. დღესაც მზად ვართ დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის; გვაქვს კარგი კონსტიტუცია, კარგი ტექსტი და კარგი იქნებოდა კონსენსუსის გაფართოებაც. თუ ამისთვის ოპოზიცია მზად იქნება, ჩვენც მზად ვართ დიალოგისთვის“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
განცხადებებში ოპოზიციაც აფიქსირებს, რომ მზად არის დიალოგისთვის, თუმცა ისიც ცხადია, რომ შეთანხმებაზე წამსვლელი არავითარ შემთხვევაში არ არის დათუ მაინც მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას, ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობას ჩაუშლოს საკონსტიტუციო პროცესი და დასავლეთის თვალში იმიჯი შეულახოს.
სიახლე არ არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე უკეთ იცის, რომ პროპორციული წესით არჩევნებისას მისი შანსი გაცილებით მცირდება, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა მას უკვე ორჯერ ზედიზედ უთხრა უარი.
ჯერჯერობით, არც სოციოლოგიური კვლევები „იძლევა“ იმის გარანტიას, რომ ქართველი ხალხი ერთხმად „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარებს მანდატებს. მაჟორიტარული სიით კი შესაძლოა, ზოგიერთმა არამარგინალიზებულმა ნაციონალურმა სახემ ამომრჩევლის გული მოიგოს.
მეორე მხრივ, გაუგებარია უმრავლესობის პოზიციაც, რომელმაც თვითონვე „შემოაგდო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თემა და შემდეგ აღმჩნდა, რომ ამ საკითხში მაჟორიტარების მხარდაჭერა არ ჰქონდა.
ცხადია, რომ უმრავლესობას, რომელმაც თავადვე ჩაიგდო თავი გამოუვალ სიტუაციაში, ოპოზიციის თანაგრძნობის იმედი არ უნდა ჰქონდეს და ოპოზიცია ხარაკირზეც კი წამსვლელია, ოღონდ ხელისუფლებამ თავისი არ გაიტანოს.
ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნის იმედს მხოლოდ ვენეციის კომისია არ კარგავს, თუმცა ხელისუფლებამაც მშვენივრად იცის და ოპოზიციამაც, რომ თუ არა რაღაც ფასეული გარიგება, ოპოზიცია ასე ადვილად „არ გაიყიდება“.
ასეა თუ ისე, უკვე გავრცელდა ხმები 6 სექტემბრის შეხვედრის შესაძლო ჩაშლის შესახებ.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრისთვის.
„ჩვენ მზად ვართ აქაც შევხვდეთ, ვენეციაშიც და სტრასბურგშიც ვენეციის კომისიასთან ერთად. ამაზე უარი არ გვითქვამს. ნებისმიერ ფორმატში ვართ მზად საუბრისთვის და ამიტომ ვმონაწილეობდით ამ პროცესში თავიდანვე. როგორც ჩანს, თვითონ არ უნდათ და თუ არ უნდათ, რა თქმა უნდა, მარტო სტრასბურგში წასვლას არანაირი აზრი არ აქვს. ბურთი არის „ქართული ოცნების“ მოედანზე. როგორც გადაწყვეტენ, ისე გაგრძელდება ეს თამაში“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
თავად ვენეციის კომისიასაც არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე სტრასბურგში 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება. ვენეციის კომისიის მდივნის, ტომას მარკერტის განმარტებით, დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით საბოლოო დასტურს პოლიტიკური მხარეებისგან ამ კვირის განმავლობაში მიიღებენ.
„ამ კვირას ჩვენ ორივე მხარისგან მივიღებთ საბოლოო დადასტურებას იმის თაობაზე, შედგება თუ არა სტრასბურგში, 6 სექტემბერს შეხვედრა, თუმცა ამჟამად ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს შეხვედრა არ შედგება. ხვალ მე ევროსაბჭოში საქართველოს ელჩს შევხვდები და ჩვენ ამ შეხვედრის დეტალებს შევეხებით“, - განაცხადა მარკეტმა.
მისიცე შეფასებით, „როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრებმა დიალოგისას უფრო კონსტრუქტიული მიდგომა უნდა გამოიყენონ“.
ამ კონსტრუქციულ მიდგომას რომელსაც ქართულ პოლიტიკაში უფრო პოლიტიკური ვაჭრობის ტერმინით იცნობენ, როგორც ჩანს, ცოტა უფრო მეტი მოხერხება სჭირდება; და თუ ჩვენს პოლიტიკოსებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და კრიზისში ჩაცვივდნენ, არსებობს საკითხის გადაჭრის სხვა ფორმაც, როდესაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ქვეყნის მთავარ დოკუმენტს ეხება.