სტიქია პრეზიდენტის პრიორიტეტულ დარგს დაემუქრა

სტიქია პრეზიდენტის პრიორიტეტულ დარგს დაემუქრა

[გიორგი ბექაური]

საქართველოში, დაახლოებით, 1000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დაიტბორა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ახმეტის რაიონში 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამურნეო სავარგული დაიტბორა. რაიონს ზიანი მდინარე შავკაბას ხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა მიაყენა. ძლიერმა წვიმამ დააზარალა თელავის რაიონი. მდინარე თურდოდან გადმოსულმა წყალმა სოფელ გულგულაში 170 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული დატბორა. 

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ძლიერმა წვიმამ სოფლის შიდა საუბნო გზები დააზიანა, ნაპირსამაგრი ჯებირი დაანგრია და 40 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.

ასეულობით ჰექტარი დაიტბორა დასავლეთ საქართველოშიც, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჯერჯერობით მათ ზუსტი მონაცემები ზარალთან და დაზიანებულ სავარგულებთან დაკავშირებით არ აქვთ.

ასეთი ინფორმაციები ბოლო რამდენიმე კვირაა ლამის ყოველდღიურად ვრცელდება, მაგრამ მთავრობას ყურიც არ გაუბარტყუნებია. მთელი ქვეყნის სოფლის მეურნეობა ლამისაა მთლიანად განადგურდეს, მაგრამ ეს არავის ანაღვლებს. სამაგიეროდ, როდესაც საფრთხე ტურისტული სეზონის ჩატარებას შეექმნა, მთავრობის მთელი შემადგენლობა რიკოთის მიდამოებში დაბანაკდა, იქვე გამართეს თათბირი, ხოლო პრეზიდენტი თბილისიდან მოძღვრავდა თავის ხელქვეითებს.

„რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზიანებული გზა ტურისტული სეზონის გააქტიურებამდე უნდა აღდგეს“, - ასეთი დავალება მისცა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას მისცა. სანაცვლოდ კი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პრეზიდენტს უპატაკა, რომ რიკოთის გზის აღდგენაზე 360 ერთეული ტექნიკა და 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. გილაურის ინფორმაციით, მოძრაობა ორივე მიმართულებით 3-4 დღეში აღდგება, თუმცა სრულ რეაბილიტაციას 14-15 დღე დასჭირდება.

პრეზიდენტის განცხადებით, საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებაზე თბილისიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ნაკადი გაიზრდება. სააკაშვილის თქმით, „ამ გზის არაღდგენა დაუშვებელია, რადგან უამრავ ოჯახს შემოსავალი დაეკარგება“.

„ტურისტული სეზონი იწყება და ეს გზა ძალიან დაიტვირთება. დასავლეთის მიმართულებით წამოვა ნაკადები, როგორც თბილისიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. უამრავ ოჯახს დაეკარგება შემოსავალი. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია გზის აღდგენა მალევე მოხდეს და აღდგეს სრული მოძრაობა.

ყველგან გზებია, მშენებლობაა, ტექნიკა და ამან გაგვატანინა თავი. ასეთი რამ სხვადასხვა ქვეყნებში ყოველთვის ხდება. გარშემო რომ გვქონდა დიდი რაოდენობის ტექნიკა, ამას დიდი როლის შესრულება შეეძლო სამუშაოების ჩატარებისთის.

კონკრეტულ ოჯახებს, რომლებიც დაზარალდნენ უნდა დავეხმაროთ. აღდგენასთან ერთად უნდა მოხდეს მიკრომენეჯმენტი. უნდა გვქონდეს სამოქმედო სქემები. კარგია, რომ სპონტანურად, მაგრამ ორგანიზებულად ვიმოქმედეთ. ასეთი რამეებისთვის ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა კი ძალიან სწრაფად დაინგარიშა ზარალის ოდენობა და დაასკვნა, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მილიონ ლარს აჭარბებს. ეს რიცხვი მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე არსებულ ვითარებას ასახავს. პრემიერის განცხადებით,  მიმდინარეობს იმ ზარალის დათვლაც, რაც სტიქიამ მოსახლეობას მიაყენა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ კი, პირველ რიგში, საკითხისადმი მიდგომისა და პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„უკვე დაითვალეს ზარალი და კონკრეტული ციფრიც დაასახელეს. საინტერესოა, ასე უცებ როგორ დაითვალეს? როცა ზარალზე საუბრობენ, ვურჩევ არ დაავიწყდეთ სატრანზიტო ტვირთების მოძრაობის შეფერხება და მისგან მიღებული ზარალი, რაც მთავარია, არ დაივიწყონ ტურიზმი.

ახლა ქვეყანაში ტურისტული სეზონია და მას რეალური საფრთხე ემუქრება. როდესაც ქვეყანაში რაიმე დარგის თუ მიმართულების განვითარებას დაგეგმავენ, იფიქრონ იმაზეც თუ ტყეს რა შემოსავალი მოაქვს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.