დიდი ანტიიფლაციური კედლის მოლოდინში

დიდი ანტიიფლაციური კედლის მოლოდინში

[ეკა ბაქრაძე]

საქართველოს მთავრობა ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით საეჭვო ოპტიმიზმს ინარჩუნებს. წლევანდელი ორნიშნა ინფლაციის ფონზე, მთავრობა 2012 წელს 5-6-პროცენტიან ინფლაციას ვარაუდობს. რამდენად გამართლდება მათი პროგნოზი დაახლოებით 3-4 თვეში გამოჩნდება. თუმცა, ექსპერტები უკვე სკეპტიკურად არიან განწობილნი. მათი აზრით, მთავრობა წლიურ ინფლაციას მხოლოდ 4-5 პროცენტს თუ ჩამოაკლებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ინფლაციის რვა პროცენტამდე შემცირებას უკვე სექტემბრისთვის ელოდება. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის მაისის ინფლაცია აპრილთან შედარებით კიდევ უფრო მომატებულია და ბოლო წლების ყველაზე მაღალ ნიშნულს -  14,3 პროცენტს აღწევს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2010 წელს ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 11,2 პროცენტი შეადგინა. 2009 წელს 3,0 პროცენტი დაფიქსირდა, ხოლო 2008 წელს ინფლაციის დონე 5,5 პროცენტით განისაზღვრა.

მიმდინარე წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 12,3% შეადგინა. თებერვალში 13,7%-მდე გაიზარდა, ხოლო მარტში წლიურმა ინფლაციამ 13,9%-ს მიაღწია. აპრილში ინფლაციური ტალღა კვლავ გაგრძელდა და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ფასები რიგ პროდუქტებზე შემცირდა, ინფლაციის დონე კვლავ მაღალი - 13,5% იყო. მიმდინარე თვეში კი წლიური ინფლაცია საგანგაშოდ მაღალია. მაისში ინფლაციის დონემ 14,3%-ს მიაღწია.

ეკონომიკურ ექსპერტთა ნაწილს მომავალი წლისთვის ინფლაციის 5-6 პროცენტამდე შემცირება არარეალურად მიაჩნიათ.  ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი მთავრობის ინფლაციასთან დაკავშირებულ ოპტიმიზმსს გადაჭარბებულად მიიჩნევს. მისი განმარტებით, დღეს რაიმე ეკონომიკური საფუძველი იმისა, რომ ინფლაცია ასეთ მაჩვენებლადე შეიძლება შემცირდეს, არ არსებობს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ინფლაცია ნამდვილად დაიკლებს, მაგრამ მისი შეფასებით, ის 9-11 პროცენტის ფარგლებში იქნება.

სტატისტიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე არ გამორიცხავს, რომ ინფლაცია ნამდვილად დაიკლებს, მაგრამ რამდენით, კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს იკავებს.

„საერთოდ, ინფლაციის პროცესი სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. პირველი, როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება, მეორე კი მსოფლიო ბაზარზე სამომხმარებლო ფასის სტაბილურობა. ამ ორი ფაქტორის თანხმლებით არის ალბათობა, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გაიცხრილოს და ერთნიშნაზე დავიდეს. შეუძლებელი არაფერია. ალბათობა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამ შანსს გამოყენება უნდა.

ინფლაციურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხელისუფლების პოზიია და ეკონომიკის ის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით. გადაჭარბებული ხარჯები პირდაპირ ურტყამს ინფლაციას. შეუძლებელია, ირაციონალური ხარჯი გავწიოთ და ერთნიშნა მაჩვენებელი მივიღოთ. 

ამ პროცესებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარეფაქტორები, მაგრამ ლომის წილი შიდა ფაქტორებზეა. იმისდა მიხედვით, რამდენად ჭკვიანურ, რაციონალურ პოლიტიკას მოვახდენთ, შევძლებთ ინვესტორთა ნდობის მოპოვებას, რაც პირდაპირ ასახვას პოვებს ინფლაციის მაჩვენებლის განსაზღვრაში“, - განმარტავს არჩვაძე.