საპარმურატ ნიაზოვი (თურქმენეთი) – 1992 წელს მიიღო ხმათა 99,5 პროცენტი
პირველად საპარმურატ ნიაზოვმა პრეზიდენტის თანამდებობა 1990 წელს დაიკავა, ჯერ კიდევ თურქმენეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში. ორი წლის შემდეგ ნიაზოვი უალტერნატივო კანდიდატი იყო არჩევნებში, ერთი წლის შემდეგ კი მან თავი "თურქმენბაშად," ანუ, ყველა თურქმენის მამად გამოაცხადა. 1999 წელს ნიაზოვი სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადეს. 2007 წელს კი თურქმენეთში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ და თურქმენებმა გურბანგულ მუჰამედოვი აირჩიეს.
ფერდინანდ მარკოსი (ფილიპინები) – 1981 წელს მიიღო ხმათა 88 პროცენტი
ფილიპინელი დიქტატორის რვა საარჩევნო კამპანიიდან მეხუთეში, მარკოსმა ხმათა უმრავლესობა მიიღო. არჩევნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი, იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. გაქცევიდან სამ წელიწადში მან ჰავაის კუნძულებზე დაასრულა სიცოცხლე, ისე, რომ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მიუღია.
ისლამ ქარიმოვი (უზბეკეთი) – 1991 წელს მიიღო ხმათა 86 პროცენტი
1991 წლის უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისლამ ქარიმოვმა ხმათა 86 პროცენტი მიიღო და პრეზიდენტი გახდა, თუმცა, ქვეყნის სათავეში იგი ერთი წლით ადრე, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით იყო მოსული. მას შემდეგ ქარიმოვი სამჯერ გადაირჩიეს. 2002 წლიდან, ნაციონალური რეფერენდუმის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო ვადა 5-ის ნაცვლად 7-წლიანი გახდა. საინტერესოა, რომ 1995 წელს ქარიმოვმა სურვილი გამოთქვა, რომ აღარ ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე, თუმცა მისი სურვილი სურვილად დარჩა და ის დღემდე უზბეკეთის პრეზიდენტია.
ჟაკ შირაკი (საფრანგეთი) – 2002 წელს მეორე ტურში მიიღო ხმათა 82,21 პროცენტი
ჟაკ შირაკი პრეზიდენტის თანამდებობაზე 12 წელი იმყოფებოდა. მის პრეზიდენტობას დაემთხვა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტს 7-ის ნაცვლად, პრეზიდენტობის ვადა 5 წლით განესაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შირაკი ფრანსუა მიტერანის რეკორდს გაიმეორებდა, რომელიც 14 წლის განმავლობაში ედგა საფრანგეთს სათავეში. ცნობისთვის, შირაკის მეტოქე 2002 წლის არჩევნებში იყო ნაციონალური ფრონტის ლიდერი ჟან-მარი ლე პენი, რომელმაც ხმათა მხოლოდ 17 პროცენტის მოგროვება მოახერხა.
ლეხ ვალენსა (პოლონეთი) – 1990 წლის არჩევნებში მიიღო ხმათა 74,25 პროცენტი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირველი დემოკრატიული არჩევნები იყო ამ ყოფილ სოციალისტურ სახელმწიფოში. არჩევნების დროს მეორე ტურის დანიშვნა გახდა აუცილებელი და, პროფკავშირების „სოლიდარნოსტის” ლიდერმა ვალენსამ ხმათა უმრავლესობით აჯობა კომუნისტ სტანისლავ ტიმინსკის. 1995 წელს ვალენსამ მეორედ იყარა კენჭი არჩევნებში, თუმცა, ალექსანდრ კვასნევსკისთან დამარცხდა და საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან.
ვლადიმირ პუტინი (რუსეთი) – 2004 წელს მიიღო ხმათა 71,3 პროცენტი
2004 წლის რუსეთის ფედერაციის არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა პირველივე ტურში მნიშვნელოვანი სხვაობით გაიმარჯვა და მეორე ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი. პუტინის გამარჯვება იმდენად მოსალოდნელი იყო, რომ კომუნისტებისა და ლიბერალ-დემოკრატების ლიდერებმა, გენადი ზიუგანოვმა და ვლადიმირ ჟირინოვსკიმ საკუთარი კანდიდატურები არ წარადგინეს.