ნოელ გალაჰერი დაოჯახდა

ნოელ გალაჰერი დაოჯახდა

ორი დღის წინ, ჯგუფი “Oasis”-ის ყოფილი გიტარისტი ნოელ გალახერი  ოფიციალურად დაოჯახდა. საქორწინო ცერემონიალი 18 ივნისს, ინგლისის ჰემფშირის საგრაფოში ჩატარდა.

 

მუსიკოსის რჩეული შოტლანდიელი პუბლიცისტი სარა მაკდონალდია. წყვილი ერთად უკვე ათი წელია ცხოვრობს. მათ ორი ვაჟიშვილი – დონოვანი და სონი ჰყავთ.

 

“Lime Wood Hotel”-ში გამართულ საზეიმო წვეულებას გაბედნიერებული წყვილის ნათესავები და ახლობლები დაესწრნენ. სამწუხაროდ დაპატიჟების მიუხედავად, ძმის გაბედნიერების ღონისძიებაზე არ გამოჩნდა ლიამ გალახერი.

 

ლიამსა და ნოელს შორის შავმა კატამ 2009 წელს გაირბინა. იმ წლიდან ძმებს ერთმანეთს შორის არანაირი კონტაქტი აღარ გააჩნიათ. ლიამმა მუსიკალური მოღვაწეობა დამოუკიდებლად გააგრძელა და ჯგუფი “Beady Eye” ჩამოაყალიბა.

 

კულუარული ინფორმაციით, ნოელმა ძმის შემორიგება სცადა, ქორწილშიც მიიწვია, მაგრამ ამ უკანასკნელმა აშშ-ში საგასტროლო ტურნეში წასვლა არჩია.

 

ნოელ გალახერმა და სარა მაკდონალდმა ერთმანეთი 2000 წელს, იბიცაზე გაიცნეს.

 

1997 - 2001 წლებში მუსიკოსი ერთხელ დაოჯახებული  უკვე იყო. მისი პირველი რჩეული დიზაინერი მეგ მეტიუსი გახლდათ. ამ ქორწინებიდან ნოელ გალახერს ქალიშვილი, 11 წლის ანაისი ჰყავს.

 

ცნობილია , რომ  ნოელ გალახერი  ამჟამად პირველ სოლო ალბომზე  მუშაობს, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გამოვა.

 

ჯერჯერობით უცნობია ამ ალბომის სათაური. სხვადასხვა ბრიტანულ ინტერნეტ საიტებზე უკვე გამოჩნდა მასში შემავალი რამდენიმე კომპოზიციის პირატული ჩანაწერი.

მუსიკოსის ინფორმაციით ალბომში ათი სიმღერა შევა, მათ შორის “Oasis”-ის ცნობილი კომპოზიციების “Stop the Clock”-ისა და “I Wanna Live In A Dream In My Record Machine”-ს ახალი ვარიაციები.