ოპოზიციის ეჭვი: გამრიცხველიანებას წყლის გაძვირება მოჰყვება

ოპოზიციის ეჭვი: გამრიცხველიანებას წყლის გაძვირება მოჰყვება

[ეკა ბაქრაძე]

ოპოზიციის სხვადასხვა ფრთა «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის» წინააღმდეგ დაირაზმა. უფრო სწორად, იმ პროცესის წინააღმდეგ, რომელიც ამ კომპანიამ წამოიწყო. ამ პროცესს კი ინდივიდუალური გამრიცხვილიანება ეწოდება.

თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელი თბილისის მერიას და კომპანია «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს» (თბილისის წყალი) მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს და წყლის მრიცხველების უფასოდ დამონტაჟებას მოითხოვს.

ხიდაშელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად «თბილისის წყალი» ვალდებულია ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე დაამონტაჟოს მრიცხველები, მოსახლეობას დამონტაჟებაში ფულს მაინც ახდევინებს.

«იმავე ხელშეკრულების შესაბამისად, გამრიცხველიანების პროცესის პირველი ეტაპი უკვე დასრულებული უნდა იყოს. მერია კი არ რეაგირებს არც მოსახლეობისგან ფულის გამოძალვის ფაქტზე და არც გამრიცხველიანების პროცესის გაჭიანურების ფაქტზე.  რესპუბლიკური პარტია თბილისის მერიისაგან მოითხოვს, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყოს მრიცხველების უფასოდ დამონტაჟება თბილისის ტერიტორიაზე», - განაცხადა ხიდაშელმა.

ინდივიდუალურ გამრიცხველიანების წინააღმდეგ გაილაშქრეს სხვა ოპოზიციონერებმაც, ოღონდ მათი პროტესტი უფრო მრავალფეროვანი იყო, რამეთუ «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის» ოფისთან აქცია გამართეს. 

მრიცხველების დამონტაჟების წინააღმდეგ ამხედრებული ლეიბორისტული პარტია «თბილისი წყლის» სათავო ოფისთან მიიჭრა და პროტესტი რაც შეიძლება ხმამაღლა გამოხატა. ლეიბორისტების განცხადებით, გამრიცხველიანების შედეგად, ხელისუფლება წყლის გადასახადს გაზრდის. როგორც პაატა ჯიბლაძემ აღნიშნა, ეს არის სქემა, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი რუსულ კომპანია «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან» ერთად მოქმედებს და განახორციელებს.

ჯიბლაძის განცხადებით, სემეკის წესდების თანახმად, მოსალეობას აქვს უფლება დაამონტაჟოს, ან არ დაამონტაჟოს ინდივიდუალური მრიცხველები. გამრიცხველიანების პროცესის დაწყების შემდეგ კი, ხელისუფლება მოსახლეობას აიძულებს ახალი მრიცხველების დაყენებას.

საერთო ჯამში კი ლეიბორისტული პარტია მოითხოვს, «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა» დატოვოს ქვეყანა. ჯიბლაძის ინფორმაციით, გამრიცხველიანობის პროცესით ხელისუფლება, რუსულ კომპანიასთან ერთად, დამატებით 40 მილიონ ლარს შოულობს და ამ მილიონების ამოღებას ცდილობენ მოსახლეობის ჯიბიდან.

ამდენ საპროტესტო გამოსვლებს ვეღარ გაუძლო « «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის» ხელმძღვანელობამ და ბოლოს და ბოლოს კომენტარით გააკეთა. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ თბილისის მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების შემდეგ წყლის არსებული გადასახადი შენარჩუნდება.

«სემეკის 2010 წლის გადაწყვეტილებით, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ» N18 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და წყალგამანაწილებელ კომპანიებს უფლება აქვთ, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მქონე მომხმარებლებსა და უწყვეტი 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ საყოფაცხოვრებო კატეგორიის სხვა მომხმარებლებს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი მოუწყონ.

ამ მარეგულირებელი დოკუმენტით, თითოეული აბონენტის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის ზედა ზღვარი 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ეს თანხა აბონენტმა თავად უნდა დაფაროს, რადგან გამრიცხველიანების ხარჯები წყალმომარაგების ტარიფში არ აისახება. გამრიცხველიანების დასრულების შემდეგ თბილისის მოსახლეობას დღეს არსებული ტარიფი შეუნარჩუნდება», - აცხადებენ «თბილისის წყალში».

ამასთან, «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში» მიაჩნიათ, რომ გამრიცხველიანება წმინდა ტექნიკური პროექტია და მისი პოლიტიზირება ხელოვნურად ხდება».