Peugeot-ის სწრაფი და ეკონომიური ავტოლაშქრობა

Peugeot-ის სწრაფი და ეკონომიური ავტოლაშქრობა

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

Peugeot SA ფრანგული საავტომობილო კომპანიაა, რომელიც საქვეყნოდ განთქმულ მსუბუქ, სპორტულ და სპეციალურ ავტომობილებს, მოტოციკლებს და ველოსიპედებს უშვებს. იგი არა მარტო ევროპული, არამედ მსოფლიოს ავტომშენებლობის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.

მეწარმე და მრბოლელი

პეჟოს მეწარმეთა და ინჟინერთა ოჯახი სათავეს მეთხუთმეტე საუკუნიდან იღებს და კომპანიაში ხელმძღვანელობას დღემდე ინარჩუნებს. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ოჯახური ფირმა «პეჟოს ძმები და შვილები» სხვა ნაწარმთან ერთად ეტლების ნაწილებს და ველოსიპედებს უშვებდა.

საუკუნის ბოლოს კომპანიის თავკაცმა არმან პეჟომ ფრანგული ავტომშენებლობის ერთ-ერთი პიონერი ემილ ლევასორი გაიცნო. საუბრისას მათ ათი სხვადასხვა ტიპის ავტომობილის შემქნის იდეა გაუჩნდათ. თანაც, ჭკვიანი ბიზნესმენი არმან რენო მიხვდა, რომ ავტომობილის პოპულარიზაციისათვის რბოლების მოწყობა ძალზე წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

1892 წელს პეჟომ ძალიან საინტერესო შეკვეთა მიიღო. კერძოდ, კომპანიამ ალჟირელი ბეისათვის ვერცხლისაგან ჩამოსხმული ავტომობილი დაამზადა, რომელიც შემდგომ სამუზეომო ექსპონადად იქცა და კომპანიას სახელი გაუთქვა. ამავე პერიოდში პეჟომ პარიზი-რუანის ავტორბოლა მოაწყო, რომელშიც მისმა ავტომობილმა გაიმარჯვა. გარდა ამისა, პეჟო თვლიდა, რომ წარმატებისათვის საჭირო ოყო თვალში საცემი და იოლად დასამახსოვრებელი ლოგოტიპი. ასე შეიქმნა ლომისგამოსახულებიანი ემბლემა.

პეჟოს გათვლები სწორი აღმოჩნდა. ავტორბოლა მართლაც მშვენიერი რეკლამა აღმოჩნდა და კომპანიის მიერ გაყიდული ავტომობილების რიცხვი თანდათანობით მატულობდა. 1899 წლისა მონაცემების მიხედვით ამ მაჩვენებელმა 300-ს მიაღწია, რაც იმ დროისათვის მშვენიერი შედეგი იყო.

პეჟო იაფი, ე.წ. სახალხო ავტომობილის შექმნისაკენ ისწრაფვოდა. ამ მიზნით, მეოცე საუკუნის დასაწყისში მან განთქმულ ინჟინერსა და დიზაინერს ბუგატის მიმართა. ასე შეიქმნა განთქმული Peugeot Bebe, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა, ეს არ ნიშნავდა, რომ ძველი მიმართულება დავიწყებულ იქნა. 1913 წელს აიწყო Peugeot Goux, რომელსაც საათში 187 კმ-ის განვითარება შეეძლო, რაც იმ დროისათვის სარეკორდო სისწრაფე იყო.

ლომის წინსვლა

1915 წელს არმან პეჟოს გარდაცვალების შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობა ოჯახის სხვა წევრებს გადაეცა. მათ აღებული კურსი გააგრძელეს და აქცენტი სარბოლო და საშუალო კლასის ავტომობილებზე გააკეთეს. თანაც, გაფართოვებაზეც იზრუნეს და ისეთი ცნობილი საავტომობილო ფირმების შთანთქმა განახორციელეს, როგორებიც Bellanger და De Dion-Bouton გახლდათ. დიდი დეპრესიის დროსაც კი კომპანიამ ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება მოახერხა.

მეორე მსოფლიო ომისას Peugeot-ზე კონტროლი Volkswagen-ს გადაეცა. ომის შემდეგ კომპანიის პოლიტიკა, რომელიც აქცენტს მცირელიტრაჟიან ავტომობილებზე აკეთებდა, ევროპის საერთო ტენდენციის შესაბამისი აღმოჩნდა. 60-იანი წლებიდან კი, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპანიამ უფრო მაღალი კლასის სედანების შექმნა დაიწყო. პირველი ამგვარი მოდელი Peugeot 404 გახლდათ.

1966 წელს Peugeot-მა და Renault-მა ტექნიკური რესურსების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. მალე მათ კავშირს შვედური კონცერნი Volvo-ც შეუერთდა. 1974 წელს Peugeot გაერთიანდა Citroen-თან და შეიქმნა ერთიანი კონცერნი. ამ ცვლილებების შედეგად კომპანიამ ევროპულ საავტომობილო ბაზარზე წამყვანი პოზიციის შენარჩუნება მოახერხა.

80-იანი წლების დასაწყისში ბაზარზე გამოჩნდა ჰიტად ქცეული Peugeot 205, რომელიც 1995 წლამდე სხვადასხვა მოდიფიკაციით გამოდიოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მალე აიწყო კიდევ ერთი განთქმული მოდელი 605.

90-იანი წლები კი კომპანიამ ერთბაშად სამი ძალზე წარმატებული მოდელის - 106-ის, 405-ის და 306-ის გამოშვებით დაიწყო. ბაზრის სხვადასხვა სექტორზე გათვლილი სამივე ეს მოდელი ერთნაირად პოპულარული გახდა, რამაც კომპანიას დიდი ფინანსური წარმატება მოუტანა. ამავე პერიოდში Peugeot-მა იტალიურ Fiat-თან ერთად შექმნა თავის ისტორიაში პირველი მინივენი Peugeot 806.

90-იანი წლების ბოლოს კონვეიერიდან ჩამოვიდა Peugeot 206, რომელიც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვად მოდელად იქცა. 21-ე საუკუნის დასაწყისში გამოვიდა მისი კაბრიოლეტი, რომელსაც მოჰყვა განთქმულოი 607 და 307.

ამ დროისათვის Peugeot ევროპული ავტომშენებლობის ერთ-ერთ ლიდერად რჩება. კომპანიის კაპიტალიზაცია 70 მილიარდ დოლარს აღწევს. მისი ნაწარმი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს.