პანამური ბრწყინვალე ბიზნეს-გარემო და იაფი უძრავი ქონება

პანამური ბრწყინვალე ბიზნეს-გარემო და იაფი უძრავი ქონება

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ატლანტიკის და წყნარი ოკეანეების შემაერთებელი ცნობილი პანამის არხის გარდა ცენტრალური ამერიკის ეს ქვეყანა ბევრი სხვა რამითაც არის განთქმული. პანამა ტროპიკული სამოთხეა, რომლამდეც ვერ აღწევს კარიბის ზღვის ქვეყნების მუდმივ პრობლემად ქცეული ქარიშხლები. ამ დროისათვის ქვეყანაში არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა: გზები, ბანკები და სატელეკომუნიკაციო სისტემები, თუმცა, უძრავი ქონების ფასები განვითარებადი ქვეყნების ბაზრის დონეზე რჩება.

თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამო პანამამ ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში მიიპყრო მსოფლიოს ბევრი ძლიერი სახელმწიფოს ყურადღება. ამან ხელი შეუწყო ქვეყნის განვითარებას, რაც ახრის აშენების შემდეგ კიდევ უფრო დაჩქარდა. 1989 წელს გენერალ ნორიეგას მაფიოზური რეჟიმის დამხობის შემდეგ პანამა საპარლამენტო, დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკის აყვავება განაპირობა. ხოლო 2000 წელს თავის მთავარ სტრატეგიულ ობიექტზე - არხზე სუვერენიტეტის აღდგენამ პანამას დამატებითი მნიშვნელობა შესძინა და მისი განვითარების უდიდეს სტიმულად იქცა. იგი სამართლიანად ითვლება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საქმიანი ცენტრად.

სრული ბიზნეს-თავისუფლება

პანამაში მოქმედებს ოფშორული ბიზნესის განვითარებისაკენ მიმართული სპეციფიკური კანონმდებლობა, რამაც ამ ქვეყნის დასავლეთ ნახევარსფეროს საქმიანი და საფინანსო ცენტრად ქცევა განაპირობა. პანამაში ხელსაყრელი საქმიანი კლიმატის შექმნას ხელს უწყობს სავალუტო შეზღუდვისა და კონტროლის არ არსებობა და ერთადერთი ანგარიშსწორების საშუალების სახით ქვეყანაში ამერიკული დოლარის თავისუფალი მიმოქცევა. ამასთან, არ იზღუდება სააქციო კაპიტალის გამოშვება.

გარდა ამისა, სრულიად შეუზღუდავად, დაბეგვრის გარეშე შეიძლება ფონდების პანამიდან გატანა და პანამაში შეტანა. არ არსებობს კაპიტალის რეპატრიაციისა და აღურიცხავი ქონების კონტროლის მექანიზმი. პანამაში სრულად არის დაცული კომერციული და საბანკო საიდუმლო, ამ ქვეყანაში არ მოქმედებს გადასახადების და შემოსავლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო ხელშეკრულება. მართალია, 1991 წელს ვაშინგტონის ზეწოლით აშშ-მ და პანამამ სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ იგი მხოლოდ ნარკობიზნესსა და სხვა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის გაკონტროლებაზე ვრცელდება.

ყველაფერი ამის და უცხოური წყაროდან მიღებულ ნებისმიერ შემოსავალზე ნულოვანი გადასახადის გამო პანამა ლათიოამერიკულ საგადასახადო სავანედ იქცა. მისი ტერიტორიიდან უცხოეთში ოპერაციებს აწარმოებს 400 ათასამდე ოფშორული კომპანია, რომელთაგან ბევრს პანამაში ოფისიც არ აქვს და, როგორც იტყვიან, მხოლოდ „ქაღალდზე არსებობს“. მათ ემსახურება მსხვილი პანამური ფირმები, რომელთაგან თითოეული სულ მცირე 5 ათასამდე კლიენტის ინტერესებს წარმოადგენს.

ნებისმიერ უცხოელს შეუძლია პანამაში კომპანია დაარსოს და ისეთივე შეღავათებით ისარგებლოს, როგორითაც პანამელმა, გამონაკლისი მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე საცალო ვაჭრობა გახლავთ. ორმა დამფუძნებელმა, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც პანამელები, ასევე უცხოელები, იურიდიულ ფირმას უნდა მიმართოს და 700 დოლარის გადახდის შემდეგ კომპანიის მეპატრონეები იქნებიან. შემდეგ კი ყოველწლიურად ადგილობრივი მთავრობისათვის 150 დოლარის გადახდა მოუწევთ. ასეთ მცირე თანხად რეგისტრაციას ვერც ერთ სხვა ოფშორულ ზონაში ვერ გაივლით.

კოლონის თავისუფალი ზონა

1948 წელს შექმნილი ქალაქ კოლონის თავისუფალი ზონა 80-იანი წლებიდან დასავლეთ ნახევარსფეროს უმსხვილესი და ჰონგ კონგის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე თავისუფალი ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრია. ამ ზონაში შეტანილი ნებისმიერი საქონელი შეიძლება იმპორტირდეს, შეინახოს, გადამუშავდეს და რეექსპორტირდეს ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ზონაში დაარსებული კომპანიები განთავისუფლებულია კაპიტალის მიმოქცევისა და მიღებულ დივიდენდზე გადასახადისაგან.

კოლონის თავისუფალ ზონაში ბიზნესის დასაწყებად საჭიროა პანამაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ ზონის ადმინისტრაციისაგან ნებართვა აიღოს. ეს ფორმალობა გახლავთ და განსაკუთრებული ლიცენზია საჭირო არ არის, არც მინიმალური საინვესტიციო ცენზია დადგენილი. სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება ორგვარად: ან კომპანია შენობას დაიქირავებს იმ პირობით, რომ მისი კუთვნილი საბონლის 60 პროცენტს მაინც უცხოეთში გაიტანს, ან კიდევ მიწის ნაკვეთს იჯარით აიღებს და ზედ მისთვის საჭირო საწყობს ააშენებს. თავისი საქმიანობისათვის კომპანია წელიწადში 1200 დოლარს იხდის.

კოლონის თავისუფალ ზონაში მოქმედი კომპანიები სპეციალური შეღავათებით სარგებლობს. მაგალითად, უცხოური სავაჭრო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 8,5 პროცენტით იბეგრება. მაგრამ თუ კომპანიაში 30-ზე მეტი პანამელი მუშაობს, გადასახადი კიდევ უფრო მციდება.

იაფი კაპიტალი

ცხადია, ბიზნესმენს კარგი ოფისიც სჭირდება. პანამის დედაქალაქის, კოლონის, ან სხვა მსხვილი ქალაქის საქმიან უბანში მშვენივრად კეთილმოწყობილ, დიდ ოფისს თვეში 900-დან 1800 დოლარის ფარგლებში დაიქირავებთ.

შესანიშნავი ბიზნეს-გარემოს გარდა პანამა დიდებული კლიმატით და საკურორტო ღირსებებით გამოირჩევა. ამ ქვეყანაში უცხოელის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენაზე მხოლოდ ორი პატარა შეზღუდვა არსებობს: პანამაში ვერ იყიდით მიწას სახელმწიფო საზღვართან ახლოს და ბუნებრივი რესურსებით მდიდარ რეგიონებში. დიახ, პანამის მთავრობა მთელი ადგილობრივი სიმდიდრის ბატონ-პატრონია. ხოლო თუ თქვენს მიერ შეძენილ ნაკვეთზე მოულოდნელად რაიმე საბადო აღმოჩნდება, ნუ შეშინდებით, პანამის მთავრობა მიწას კი ჩამოგართმევთ, მაგრამ, ზარალს სრულად აგინაზღაურებთ და კომპენსაციასაც მოგართმევთ.

ამ ქვეყანაში მიწა საკმაოდ იაფია. მაგალითად, მთიან რეგიონებში 1 კვადრატულ მიწის ფართობს 30 დოლარადაც კი იყიდით, მაგრამ აბა რაში გჭირდებათ? თქვენს ინტერესში შეიძლება შედიოდეს მხოლოდ ვაკე, ბაღნარ ადგილებში, ან კიდევ სანაპირო ზონაში მიწის შეძენა. პირველ შემთხვევაში კვადრატული მეტრი 300-დან 1200 დოლარამდე დაგიჯდებათ, მეორეში კი 800-დან 1800 დოლარამდე. ყველაზე ძვირად მიწა საკურორტო რაიონებში ფასობს.

როგორც ხედავთ, პანამაში მიწის შეძენა ერთობ იაფად შეგიძლიათ. ასევე ძალიან მცირეა გადასახადი, კერძოდ, 1 ჰექტარი ფართობი წელიწადში მხოლოდ 30 დოლარით იბეგრება. ყველაფერ ზემოთთქმულს თუ დავუმატებთ, რომ ქონების მემკვიდრეობით გადაცემისას არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ და პანამაში მუშახელი და სამშენებლო მასალები ძალიან იაფია, მივხვდებით, რომ ამ ქვეყანის მშვენიერ სანაპიროზე ვილას აშენება და განცხრომით დასვენება, ან კიდევ სასტუმროს, ან რესტორნის წამოჭიმვა და ამგვარი ბიზნესის წარმოება ნამდვილად ღირს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ პანამის ორივე: დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპირო და კუნძულები ერთნაირად მიმზიდველი საკურორტო ადგილებია და უძრავი ქონება ამ ქვეყანაში ნელა, მაგრამ მაინც ძვირდება.

ხოლო თუ დროის დაკარგვა არ გსურთ, შეგიძლიათ სანაპიროზე მშვენიერი ვილა ასევე მეტად იაფად შეიძინოთ. მაგალითად, ზეპრესტიჟულ ადგილას ხუთოთახიანი, ყოველმხრივ კეთილმოწყობილი სახლი აუზით, ჯაკუზით, ავეჯით და საკუთარი პლაჟით 150 ათას დოლარამდე დაგიჯდებათ.

ვისაც დიდ ქალაქში ბინის შეძენა სურს, პრესტიჟულ რაიონში 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი 500-დან 1200 დოლარამდე დაუჯდება. როგორც ხედავთ, პანამაში გაცილებით სიიაფეა, ვიდრე თბილისში.

რაც შეეხება უძრავი ქონების გადასახადს, პანამაში ისიც ძალიან დაბალია და წელიწადში საკუთრების ღირებულების 1,4-დან 2,1 პროცენტამდე მერყეობს. თუმცა, მაქსიმალურ ბეგარას ის პირები იხდიან, რომლებიც 75 ათას დოლარზე მეტად შეფასებულ ქონებას ფლობენ. პანამის კანონმდებლობის მიხედვით, ასევე ძალიან მცირე, 1,4 პროცენტის ოდენობის გადასახადია გათვალისწინებული უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალზე.

როგორც ხედავთ, პანამაში ყველა პირობა არსებობს საიმისოდ, რომ მომგებიანი ბიზნესი აწარმოოთ, დიდი ფული იშოვნოთ და მინიმალურ ფასად შეძენილ, მშვენიერ საკურორტო ზონაში მდებარე ვილაში ბატონკაცურად დაისვენოთ.