როგორ გახდა ბორის ბერეზოვსკი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ბოლოს დევნილი

როგორ გახდა ბორის ბერეზოვსკი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ბოლოს დევნილი

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ბორის ბერეზოვსკი რუსული ბიზნეს-ელიტის ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური წარმომადგენელი გახლავთ. იგი გამუდმებით ყურადღების ცენტრშია მოქცეული. რუსეთიდან განდევნილი ოლიგარქის სახელი ათასგვარ სკანდალს, დიდ ბიზნესს, პოლიტიკას და უამრავ ფულს უკავშირდება.

დიდი ავტომობილისტი

ბორის ბერეზოვსკი დაიბადა 1946 წლის 23 იანვარს მოსკოვში. 1967 წელს დაამთავრა მოსკოვის გამოთვლითი ტექნიკის ინსტიტუტი, 1973 წელს კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. შემდეგ, ასპირანტურა დაამთავრა და 37 წლისამ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დაქტორის წოდება მიიღო.

1987 წლამდე ჯერ ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროში, შემდეგ ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში, ბოლოს კი სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის პრობლემათა ინსტიტუტში მუშაობდა. 1987 წელს მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, როცა სამატ ჟაბოევთან ერთად სააქციო საზოგადოება „ლოგოვაზი“ დააარსა.

1993 წელს ინგლისურენოვანი ებრაული გაზეთის „იერუსალიმ პოსტის“ ინფორმაციით, ბორის ბერეზოვსკიმ, მისმა მეუღლემ გალინა ალექსეევამ და მათმა შვილებმა არტიომმა და ანასტასიამ ისრაელის მოქალაქეობა მიიღეს. ერთი წლის შემდეგ ბერეზოვსკიმ შექმნა და სათავეში ჩაუდგა საერთორუსულ საავტომობილო კავშირს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მან სახელი გაითქვა, როგორც სამამულო სახალხო ავტომობილის შექმნის მასშტაბური პროექტის ავტორმა. თუმცა, ეს პროექტი საბოლოოდ მაინც არ განხორციელდა.

1994 წელს „ლოგოვაზი“ ჰოლდინგური ტიპის კომპანიად გარდაიქმნა და ბერეზოვსკი მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. კომპანია „ავტოვაზის“ უმსხვილესი დილერი გახლდათ. სწორედ მისი ხელმძღვანელობისას მოაგროვა ბერეზოვსკიმ თავისი უზარმაზარი კაპიტალის დიდი ნაწილი. მან ე.წ. რეექსპორტის სქემა შეიმუშავა, როცა ავტომობილების საზღვარგარეთ ექსპორტი ხორციელდებოდა და შემდეგ უკან, რუსეთში ბრუნდებოდა. ამგვარად, „ლოგოვაზს“, რომელიც „ავტოვაზისაგან“ ავტომობილებს 30 პროცენტიანი ფასდაკლებით იღებდა, ვალუტა შესდიოდა. საქმე ის გახლდათ, რომ „ავტოვაზის“ ტოპ-მენეჯმენტი „ლოგოვაზის“ აქციებს ფლობდა და სიტუაციის ამგვარი განვითარება ხელს სრულიად აძლევდა.

1994 წელს ბერეზოვსკიზე თავდასხმა განხორციელდა, კერძოდ, მისი „მერსედესის“ მახლობლად დანაღმული მანქანა აფეთქდა. ბიზნესმენი გადარჩა, მძღოლი კი გარდაიცვალა. ეს ინცინდენტი გამოძიებული ეგრეც არ იქცა, სავარაუდოდ, იგი „ლოგოვაზის“ გავლენის ზრდას უკავშირდებოდა.

ბიზნესიდან პოლიტიკაში

„ლოგოვაზის“ გარდა ბერეზოვსკი სხვა ბიზნესითაც დაინტერესდა. 1995 წელს მან მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნაში და მის დირექტორთა საბჭოში შევიდა. ერთი წლის შემდეგ მან და რომან აბრამოვიჩმა „სიბნეფტის“ აქტივების შეძენა დაიწყეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ, საბოლოოდ, აბრამოვიჩის ფირმებს მეტი წილი ერგო. მართალია, კონტროლის პალატამ „სიბნეფტის“ პრივატიზაცია არაეფექტურად სცნო, მაგრამ შემდგომი ძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

1996 წელს ბერეზოვსკი „სიბნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. იმავე წლის ბოლოს იგი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ივან რიბკინის მოადგილედ დაინიშნა. ეს ბიზნესმენის პოლიტიკაში მოსვლის დასაწყისი იყო. იგი ეკონომიკურ საკითხებს კურირებდა, ჩეჩნეთის კომისიაში შედიოდა და საქართველო-აბხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებელ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

ამავე პერიოდში ბერეზოვსკიმ „აეროფლოტის“ ხელში ჩაგდება მოინდომა. ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან მისი 51 პროცენტი სახელმწიფოს საკუთრება გახლდათ. სამაგიეროდ, მან კომპანიის სათავეში მის მიერ კონტროლირებადი მენეჯერების დასმა მოახერხა და „აეროფლოტის“ სახსრების ბერეზოვსკის მიერ შვეიცარიაში დარეგისტრირებულ ფირმაში აკუმულირება დაიწყო.

1997 წელს ჩეჩნეთში გართულებული სიტუაციის და ორმაგი მოქალაქეობის გამო ბერეზოვსკი უშიშროების საბჭოთს მდივნის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს. გარდა ამისა, „ლოგოვაზის“ აქციონერთა კრებამ იგი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან გაანთავისუფლა.

თუმცა, მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში მფარველების ყოლის წყალობით ბერეზოვსკი დიდ პოლიტიკას არ ჩამოშორებია. ოლიგარქი თითქმის მაშინვე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლად დაინიშნა. ამ პოსტზე მან ერთი წელი დაჰყო, 1999 წლის დასაწყისში კი დსთ-ს აღმასრულებელი სამდივნოს თავმჯდომარე გახდა.

შერისხული და განდევნილი

1999 წლის 2 თებერვალს „სიბნეფტის“, 4 თებერვალს კი „აეროფლოტის“ ოფისში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა. 19 თებერვალს ბერეზოვსკი დსთ-ს აღმასრულებელი მდივნის პოსტიდან გადააყენეს, ხოლო 1 აპრილს „აეროფლოტის“ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე გამოიძახეს.

6 აპრილს პროკურატურამ ბორის ბერეზოვსკის „აეროფლოტის“ სახსრების დატაცებისა და გადასახადების დამალვის ბრალდება წაუყენა, მისი დაპატიმრების სანქცია გასცა და ძებნა გამოაცხადა. თუმცა, ოლიგარქის გავლენამ თავისი გაიტანა, ცოტა ხანში დაპატიმრების სანქია გაუქმდა და ბერეზოვსკის მხოლოდ ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევა აკმარეს.

1999 წლის ბოლოს ბერეზოვსკი რუსეთის დუმის დეპუტატი გახდა. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ მან დუმას დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის განცხადებით მიმართა. მიზეზად იგი საკონონმდებლო ორგანოს უფუნქციობას და რუსულ ბიზნესზე ზეწოლას ასახელებდა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სინამდვილეში იგი აიძულეს ეს ნაბიჯი გადაედგა.

ასევე ზეწოლის შედეგი გახლდათ მის მიერ 2000 წელს „ო–ერ–ტე“-ს თავის მფლობელობაში არსებული პაკეტის ინტელიგენციისათვის გადაცემა და მედიაბიზნესიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთება. 2001 წელს საფრანგეთში მყოფმა ბერეზოვსკიმ მოძრაობა ლიბერალური რუსეთი შექმნა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ მოძრაობის წევრებმა მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღეს.

2002 წლის შემოდგომაზე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ბორის ბერეზოვსკი და მისი პარტნიორები: იული დუბოვი და ბადრი პატარკაციშვილი „ლოგოვაზში“ ფინანსური მაქინაციების განხორციელებაში დაადანაშაულა. ბერეზოვსკის დაპატიმრების სანქცია კვლავ გაიცა და დიდ ბრიტანეთში, სადაც იმჟამად ოლიგარქი იმყოფებოდა, მისი ექსტრადაციის მოთხოვნა გაიგზავნა.

მას შემდეგ ბერეზოვსკი ლონდონში ცხოვრობს და მასთან დაკავშირებით გამუდმებით ათასგვარი სკანდალი გორდება. თავად ოლიგარქი კი პუტინის ხელისუფლების დამხობით იმუქრება და თავის დიდძალ კაპიტალს ათასგვარ ბიზნესში აბანდებს. აღსანიშნავია, რომ არავინ იცის, რა თანხის მფლობელია ლტოლვილი ოლიგარქი. სხვადასხვა წყაროები მის კაპიტალს 3,5-დან 6 მილიარდ დოლარამდე აფასებენ.