სიუზან ბოილს ბრიტანეთში მიუზიკლი მიუძღვნეს

სიუზან ბოილს ბრიტანეთში მიუზიკლი მიუძღვნეს

მომღერალი სიუზან ბოილის სახელი კარგად არის ცნობილი მუსიკის მოყვარულებისათვის. ქალბატონი სიუზანი პროფესიონალი მომღერალი არ გახლავთ. 2009 წელს მან მონაწილეობა მიიღო ქართული “ნიჭიერის” ინგლისურ ანალოგში –“Britain's Got Talent”. ამ კონკურსის პირველ შესარჩევ ტურში კომპოზიტორ კლოდ-მიშელ შონბერგის მიუზიკლიდან “Les Misserebles”, სიმღერა “I Dreamed a Dream” შეასრულა. სიუზანის გამოსვლას დიდი წარმატება ხვდა წილად. მართალია ფინალში მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა, მაგრამ პოპულარობისაკენ მიმავალი რთული გზა გაკვალული აღმოჩნდა.

 

2009 წლის ნოემბერში ბოილმა პირველი სტუდიური ჩანაწერი “I Dreamed a Dream” გამოუშვა. მომდევნო წელს დღის სინათლე მისმა მეორე ალბომმა “The Gift” იხილა. ორივე დისკი გაყიდვაში გამოსვლისთანავე ამერიკული და ბრიტანული მუსიკალური ჰიტ-პარადების სათავეში მოექცა და დიდი ხნის განმავლობაში პირველ პოზიციას არავის უთმობდა.

 

სიუზან ბოილი დიდ ბრიტანეთში ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. მას დაფასება და პატივისცემა არ აკლია.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ნიუკასლის სამეფო თეატრში ახალი მიუზიკლის დადგმის განხორციელებას აპირებენ. ამ სპექტაკლის სახელწოდებაა “I Dreamed a Dream” და სიუზენ ბოილის 2009 წლის ბრიტანული ტალანტების კონკურსში გამოსვლას მიეძღვნება. ბოილის როლს შოტლანდიელი მსახიობი ელეინ კონსტანსი შეასრულებს.

 

ამ დადგმის პრემიერა 2012 წლის 12 მარტსაა დაგეგმილი.

 

ორი დღის წინ ინგლისელი ჟურნალისტები თავად სიუზან ბოილს გაესაუბრნენ:

 

“რამდენიმე წლის წინ გაფიქრებაც კი არ შემეძლო ჩემი ცხოვრება ასე თუ შეიცვლებოდა. როდესაც ტალანტების კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღე, გამარჯვებაზე და სახელის მოხვეჭაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. სიმღერა ბავშვობიდან მიყვარდა, მომღერლობაზეც ვოცნებობდი, მაგრამ დიდ წარმატებებს თუ მივაღწევდი ამას ვერ წარმოვიდგენდი. რამდენიმე დღის წინ შემატყობინეს, რომ ნიუკასლის თეატრში ახალი მიუზიკლი იდგმება, სადაც მთავარ გმირად ჩემი პერსონაა გამოყვანილი. ამ ინფორმაციამ ძალიან გამახარა. იმედი მაქვს რომ მიუზიკლს მაყურებელი გულთბილად მიიღებს” – განაცხადა სიუზან ბოილმა.