„დაღლილი“ ბაინდურაშვილი და გაუსაძლისი მთავრობა

„დაღლილი“ ბაინდურაშვილი და გაუსაძლისი მთავრობა

[ეკა ბაქრაძე]

ჟურნალისტიკიდან მოსული კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა სამინისტროს გავლით, ფოსტაში მივიდა. მინისტრის პოსტი კი მის მოადგილეს ერგო, რომელსაც ყველაზე დიდ წარმატებად ვალების მოზიდვას უთვლიან.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ნებისმიერ სფეროს, რომელსაც ფინანსთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ჩაიბარებს, ის წარმატებით გაუძღვება.  უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი კახა ბაინდურაშვილს პროფესიონალ და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინისტრად აფასებს.

მაჭავარიანის თქმით, „როგორც საბიუჯეტო მოწყობასთან, ასევე საგადასახადო პოლიტიკასთან მიმართებაში კახა ბაინდურაშვილს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ხედვები ჰქონდა და ამ პოსტზე დაკისრებულ ამოცანას მან წარმატებულად გაართვა თავი“.

კითხვაზე თუ რატომ გამოთქვა მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან წასვლის სურვილი, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „კახა ბაინდურაშვილს კარგა ხანია, ამ თანამდებობის დატოვება სურდა“. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ რაღაც მომენტში დგება სიტუაცია, როდესაც ფიქრობ, რომ ამა თუ იმ  პოსტზე საკუთარი თავი ამოწურე.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა თანამდებობა დატოვა და „საქართველოს ფოსტის“ სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გალაურმა მოულოდნელად ამცნო საზოგადოებას. გილაურის განცხადებით, 2009 წელს მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან საქართველო ყველაზე სწრაფად და კარგად გამოვიდა, რაც ბაინდურაშვილის დამსახურებაა.

„2010 წელს საქარველოში ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი კი, 9,2%-დან 3,4%-მდე შემცირებულია, რაც, ასევე, მისი დამსახურებაა. გვაქვს ახალი საგადასახადო კოდექსი, ახალი სერვისები, ელექტრონული მომსახურება, საბაჟოზე არსებული პრობლემების გაქრობა, ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროში განხორციელდა, სწორედ კახა ბაინდურაშვილს უკავშირდება“, - განაცხადა გილაურმა.

პრემიერმა კახა ბაინდურაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მუშაობა „საქართველოს ფოსტაშიც“ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ფინანსთა სამინისტროში იყო. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაშია შეტანილი.

აწ უკვე ფინანსთა ექსმინისტრი ბაინდურაშვილი 1999-2000 წლებში სააგენტო „პრაიმ-ნიუსში“ რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი ფინანსთა სამინისტროში სწორედ „პრაიმ-ნიუსიდან“ გადაბარგდა. კერძოდ, 2000-02 წლებში ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინვესტიციო პროექტების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობა. ფინანსთა მინისტრი კი 2007 წლის მარტიდან გახდა.

საპარლამენტო ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრი ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი მისი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებებით დაიღალა და ამიტომ წავიდა.

ვეფხვაძის აზრით, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების აზროვნებაში საღი აზრის მოძებნა, რთულია. მაგალითად, სახალხო დამცველმა დადო დასკვნა, სადაც წერია, რომ პენიტენციარულ სისტემაში არაადამიანურ მოპყრობებს აქვს ადგილი, ურთულესია დევნილების მდგომარეობაც და ასეთ ფონზე ფინანსთა მინისტრის გათავისუფლება, გაურკვეველია.

ვეფხვაძე ასევე ამბობს, რომ ინფლაცია მიხეილ სააკაშვილის ხუშტურების გამოა და კონტროლის პალატაც ასკვნის, რომ ინფლაცია გაწეული ხარჯების გამო ხდება. „ის პრობლემები, რაც კონტროლის პალატამ დაასახელა არა ბაინდურაშვილის, არამედ მისი პოლიტიკური გუნდის ბრალია. დაიღალა ეს კაცი ეტყობა ამ გადაწყვეტილებების გამო და წავიდა“, - დასძინა ვეფხვაძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ხადური კი არ გამორიცხავს, რომ ფინანსთა მინისტრის შეცვლა ამავე სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე მთავრობის სერიოზულ უკმაყოფილებას უკავშირდებოდეს. როგორც ხადურმა განაცხადა, ეს შეიძლება შეეხებოდეს ადმინისტრირებას, საგადასახადო კოდექსს, რომელიც თავიდან რევოლუციურად მოინათლა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრ პრობლემას ქმნის ბიზნესისთვის და, შესაბამისად, სახელმწიფოსთვისაც.

ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი კი კახა ბაინდურაშვილს თანამდებობის დატოვებას ულოცავს.

„მიუხედავად იმისა, რომ მან დატოვა ეს თანამდებობა, წმინდა ადამიანურად მაინც მინდა მივულოცო. ასეთი ტიპის ადამიანისთვის ალბათ ძალიან რთული იქნებოდა იმ ფუნქციის შესრულება, რაც მას უწევდა, გამომდინარე მისი წესიერებიდან. ასე რომ, მე ვულოცავ, დღეს ის უკვე ოდნავ მაინც თავისუფალია, ვიდრე იყო გუშინ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

იგი დარწმუნებულია, რომ ბაინდურაშვილი შესაძლებლის მაქსიმუმ აკეთებდა იმ მიმართულებით, რასაც სახელმწიფოს მსახურება ჰქვია, თუმცა, ეს ბოლომდე არ გამოსდიოდა ბევრი მიზეზის გამო.
„ჩვენ სახელებისა და გვარების პრობლემა კი არ გვაქვს, სისტემური პრობლემა გვაქვს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, მარტო სახელებისა და გვარების ცვლა, თავისთავად არაფერს ნიშნავს. ერთი კახა ბაინდურაშვილი ვერ შეცვლიდა იმ პრობლემებს რაც სისტემაშია და ამას ვერც ახალი მინისტრი შეძლებს, ჰიპერპროფესიონალიც რომ იყოს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ფინანსთა მინისტრის პოსტზე კი ბაინდურაშვილის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე დაინიშნა. გილაური გვინდაძის დაწინაურებას „მის მიერ ქვეყანაში 4,5 მილიარდი დოლარის შემოტანით“ ხსნის.

„გვინდაძე ფინანსთა სამინისტროში ბევრი წელია, მუშაობს. მას ჩაბარებული ჰქონდა საგარეო ვალის პრობლემატიკა. ამ კუთხით საქართველო წელს ყველაზე წარმატებული იყო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდა, რაც სწორედ დიმას დამსახურებაა.

გარდა ამისა, მას ებარა ძალიან რთული მისია, 4,5 მილიარდი დოლარის შემოტანა ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 2008 წელს ჩატარდა კონფერენცია, სადაც საქართველოსთვის 4,5 მილიარდი დოლარი იქნა გამოყოფილი, მაგრამ ამის ათვისება რომ ადვილი იქნებოდა, არავის ეგონა. პირიქით, ყველა დარწმუნებული იყო, რომ საქართველო ამას ვერ შეძლებდა. სწორედ დიმას დამსახურებაა, რომ ამ პერიოდში 4,5 მილიარდი დოლარიდან 2 მლრდ, პრაქტიკულად, ათვისებულია, დარჩენილი თანხა კი - დაკონტრაქტებული და მას საქართველო ეტაპობრივად მიიღებს. სწორედ ამ წარმატებული სამუშაოს გამო გადავწყვიტეთ ამ ეტაპზე დიმას დაწინაურება“, - განაცხადა გილაურმა.