ჯგუფი “East 17” დაბრუნდა

ჯგუფი “East 17” დაბრუნდა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მუსიკალურ მას-მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ წინა საუკუნის 90-იანი წლების პოპულარული ჯგუფი “East 17”-ის წევრები კვლავ ერთად შეიკრიბნენ და აქტიური მუსიკალური მოღვაწეობის გაგრძელება გადაწყვიტეს.

 

ჯგუფის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში “East 17”-ს საგასტროლო ტურნე უნდა დაეწყო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის თაყვანისმცემლებს ცოტა ხნით ლოდინი მოუწევთ და საყვარელი მუსიკოსების კონცერტებზე დასწრებას მხოლოდ აგვისტოს მეორე ნახევარში შეძლებენ. ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ დღეებში ჯგუფის წევრები სტუდიაში არიან განმარტოებულები და ახალ ალბომზე მუშაობას ასრულებენ.

 

"East 17”-ის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი “Resurrection” 1998 წლითაა დათარიღებული. ახალი ალბომის სახელწოდება ჯერ ცნობილი არ არის. ის გაყიდვაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა.

 

ჯგუფის შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. ვოკალისტი ბრაიან პარკის ნაცვლად “East 17”-ს ბლერ დრილენი შეუერთდა. პარკი ჯგუფის რიგებიდან საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო მოკვეთეს.

 

ჯგუფი “East 17” ლონდონის უოლტემსტოუს რაიონში ჩამოყალიბდა, 1992 წელს. მის თავდაპირველ შემადგენლობაში  ჯონ ჰენდი, ტერი ქოლდვეილი, ტონი მორტიმერი და ბრაიან პარკი შედიოდნენ.

 

სადებიუტო ალბომი “Walthamstow” 1993 წელს გამოუშვეს. “East 17”-ს წინა საუკუნის 90-იან წლებში, ჯგუფი “Take That”-ის მთავარ კონკურენტად მიიჩნევდნენ.