ცნობილი ამერიკელი რეპმენი თუფაქ შაქური უცნობი ბოროტმოქმედის ტყვიას 1996 წლის სექტემბერში ემსხვერპლა. იმ საბედისწერო დღის შემდეგ თხუთმეტი წელია გასული და ეს კრიმინალური დანაშაული დღემდე გაუხსნელად ითვლება.
ალბათ არ გაგიგიათ ვინმე დექსტერ იაზეკის სახელი. ეს პიროვნება ნიუ-იორკის ფედერალურ ციხეში სამუდამო სასჯელს იხდის და ორიოდე დღის წინ აშშ-ის მას-მედიის თვალთახედვის არეში მოექცა.
ბატონ დექსტერს ალბათ სინდისმა შეაწუხა და ამერიკელ სამართალდამცავებთან, 1994 წელს თუფაქ შაქურზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი აღიარა.
დექსტერ იაზეკის ინფორმაციით, იმ წელს მას ამერიკული ჰიპ-ჰოპის სფეროში მოღვაწე ერთი პიროვნება, ჯეიმს როუზმონდი დაუკავშირდა და 2.5 ათასი დოლარის სანაცვლოდ თუფაქის გაძარცვა შესთავაზა. ამის გარდა დექსტერს უფლება ჰქონდა რომ ნაძარცვი ნივთები თავისთვის დაეტოვებინა, ერთი ბეჭედის გარდა, რომელიც დამქირავებლისათვის უნდა გადაეცა.
თუფაქმა მოძალადე იაზეკს მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, მუსიკოსისათვის რევოლვერის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიეყენებინა.
კრიმინალური ინციდენტის შემდეგ რეპმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. მეორე დილით თუფაქი სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერეს.
დექსტერ იაზეკის აზრით ეს ავადსახსენებელი თავდასხმა საფუძვლად დაედო იმ დანაშაულობათა მთელ რიგს, რომლის დასასრული 1996 წლის სექტემბერში თუფაქის მკვლელობა აღმოჩნდა.
დექსტერ იაზეკი სამუდამო სასჯელს იმ დანაშაულისათვის იხდის, რომელსაც მუსიკოსის მკვლელობასთან საერთო არაფერი გააჩნია. ჯეიმს როუზმონდი 1996 წლის შემდეგ აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს მიერ უშედეგოდ იძებნება.