ლუ რიდისა და “Metallica”-ს ერთობლივი ალბომი

ლუ რიდისა და “Metallica”-ს ერთობლივი ალბომი

გუშინ, ცნობილი ჯგუფი “Metallica”-ს ოფიციალურ საიტზე ერთი საყურადღებო ინფორმაცია განთავსდა. უბერებელი როკმენი, 69 წლის ლუ რიდი და ჯგუფის წევრები  ახალ ერთობლივ ალბომზე მუშაობას ასრულებენ.

 

რამდენიმე თვის წინ, “Metallica”-მ საკუთარ თაყვანისმცემლებს ერთი სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ აცნობა. საუბარი იყო ახალი სტუდიური ნამუშევრის ჩაწერაზე, რომელიც ერთგვარი მუსიკალური ექსპერიმენტის სახეს მიიღებდა. მუსიკოსებმა მაშინ განაცხადეს, რომ მსმენელებს სიურპრიზს უმზადებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ საუბარი იყო ახალი ალბომის სამუშაო პროცესში ლუ რიდის ჩართვაზე.

 

ამ პროექტის იდეა 2009 წელს დაიბადა. იმ წელს “Metallica”-მ და ლუ რიდმა მონაწილეობა მიიღეს როკენ როლის დიდების დარბაზის 25 წლისთავისათვის გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე. ერთობლივი ალბომის ჩაწერა მუსიკოსებმა მაშინ გადაწყვიტეს.

 

ახალი ალბომის სახელწოდება ჯერ-ჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ მუსიკოსებს ათი კომპოზიცია უკვე ჩაწერილი აქვთ.

 

“Metallica”-ს ბოლო სტუდიური ალბომი “Death Magnetic” 2008 წლით არის დათარიღებული. თავად ლუ რიდს სტუდიური ალბომი 2007 წლის შემდეგ არ გამოუშვია.

 

ვოკალისტი და გიტარისტი ლუ რიდი 1942 წლის 2 მარტს დაიბადა ნიუ-იორკში. მისი ნამდვილი სახელი ლუის ალან რიდია. ის გახლავთ ერთ-ერთი დამფუძნებელი თავის დროზე ცნობილი როკ-ჯგუფისა “The Velvet Underground”.