სონი ბილ უილიამსი – ახალი ზელანდია
სონი ბილ უილიამსის დებიუტი "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში 2010 წელს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში შედგა. 2008 წელს უილიამსმა ისლამი მიიღო და იგი პირველი მუსლიმანი მორაგბეა ახალი ზელანდიის ნაკრებისა და "ბარბაროსების" არსებობის ისტორიაში. რაგბის გარდა, უილიამსი, რომელსაც ერთ დროს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, კრივით არის დაკავებული და პროფესიულ რინგზეც აქვს გამართული რამდენიმე შეხვედრა.
ტიერი დიუსატო – საფრანგეთი
კოტდივუარში დაბადებული, საფრანგეთის ნაკრების მორკინალი – ტიერი დიუსატო ქიმიური ინჟინერიის სპეციალისტია. თუმცა, მისი სახელი რაგბთან უფრო ასოცირდება, ვიდრე მეცნიერებასთან. დიუსატოს დებიუტი "მამლების" რიგებში 2006 წელს შედგა და მან სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხა ლელოს დადება რუმინეთის ნაკრების ჩათვლის მოედანზე. რაგბის მოყვარულებს განსაკუთრებით ემახსოვრებათ მისი ლელო ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ, როდესაც მან 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში თითქმის მარტომ მოუგო უძლეველ "ბლექსს".
მორგან პარა – საფრანგეთი
ფრანგი მორგან პარა საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ტექნიკური და სწრაფი პარა საფრანგეთის "ტოპ-თოთხმეტის" საუკეთესო მეათე ნომრად ითვლება. მორგანი ხშირად ჩნდება ბულვარული პრესის ფურცლებზე და მისი ცხოვრებით ისევე ინტერესდებიან, როგორც მსახიობების ან მომღერლების პირადი ამბებით. მორგანი საფრანგეთში სასურველ მამაკაცად ითვლება და სპეციალურად სუსტი სქესისთვის მომზადებულ გადასაშლელ კალენდარზე იგი სრულიად შიშველი რაგბის ბურთით ხელში წარდგა.
ჯეიმს ო’კონორი – ავსტრალია
ჯეიმს ო’კონორი ავსტრალიელი მორაგბეა, რომლის სანაკრებო დებიუტი 2008 წელს შედგა. იგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, მათ შორის, ვისაც კი ოდესმე მიუღია მონაწილეობა "სუპერ რაგბის" გათამაშებაში. ეს იყო მაშინ, როცა "უესტერნ ფორსის" შემადგენლობაში, შეცვლაზე შევიდა "ქუინსლენდ რედსის" წინააღმდეგ.