თურქეთის პრეზიდენტი წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები უარს არ ამბობენ იმ ტერორისტებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ თურქეთის ერთიანობისთვის.
„ისინი, ვინც თურქეთს არწმუნებენ იმაში, რომ ტერორისტებისთვის გადაცემული შეიარაღება შემდეგ უკან საწყობებში დაბრუნდება, მიამიტურად ფიქრობენ, რომ ანკარას მოტყუება შესძლეს. როდესაც ისინი დაშვებულ ისტორიულ შეცდომას გაიაზრებენ, უკვე გვიან იქნება“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს რომ, თუ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ოდნავ მაინც საფრთხე შეიქმნება, ანკარა მტკიცედ უპასუხებს ამგვარ გამოწვევებს.
„არანაირ დათმობაზე არ წავალთ. ამიტომაც, დაუშვებელია ტერორისტებთან პარტნიორობა მაშინ, როდესაც თურქეთთან თანამშრომლობთ ნატო-ს ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, ნატო-ს საქმიანობის არსის გადახედვა მოგვიწევს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
შეიძლება ითვას, რომ თურქეთის პრეზიდენტი საკმაოდ მკაცრად აფრთხილებს დასავლეთის ქვეყნებს.
შესაძლოა თუ არა სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა ყოფილ მოკავშირეებს შორის; შეიტანს თუ არა მეტ სიცხადეს გლობალურ პოლიტიკაში ჰამბურგში დაგეგმილი ჰეგემონი ქვეყნების ლიდერების შესაძლო შეხვედრა - რეგიონში მიმდინარე პროცესებს ექსპერტი, ვახტანგ მაისაია აფასებს.
ერთი შეხედვით, დაახლოებით იგივე სცენარია, როგორც იყო სადამ ჰუსეინის შემთხვევაში. ანუ მეორდება ის, რაც იყო წარსულში, როდესაც დემოკრატიის ეგიდით ეხმარებოდნენ გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ფერად რევოლუციებს აწყობდნენ და შემდეგ, უკვე, მთელი დასავლეთის თავის ტკივილად იქცნენ. თუ ერდოღანი ამ შემთხვევაში აჭარბებს?
- ამერიკელები აწვდიან იარაღს ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. გარდა ამისა, ეხმარებიან სირიის ჩრდილოეთით მცხოვრებ ქურთებს - დემოკრატიულ დაჯგუფებას, რათა მან მოახერხოს ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქის, რაყის აღება. ამავე დროს არის ასეთი პირობა, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება დედაქალაქის აღება, ამერიკელები ამ იარაღს იბრუნებენ უკან და მის უტილიზაციას ახდენდენ.
მაგრამ აქ ერთი მომენტია - ერდოღანი აცხადებს, რომ ქურთების დემოკრატკიულ ძალებს და პოლიციას კავშირი აქვთ. ისინი დაკავშირებულები არიან ქურთების მუშათა პარტიასთან, რომელიც თურქეთშია აქტიური და იქ აწარმოებს სეპარატისტულ მოძრაობას - ეს გახლავთ ერდორანის შეშფოთების საგანი. ამიტომაც აფრხილებს მოკავშირეებს და ფარულ ულტიმატუმს უყენებს, რომ არ მოახდინონ ამ მიმართულებით ქურთების მხარდაჭერა.
ამ შემთხვევაში რეალური საფრთხე რამდენად არსებობს თურქეთისთვის?
- ცოტა რთულია ამაზე საუბარი. პრინციპში, თურქეთს აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, არის უკონტროლო ტერიტორიები. თურქეთი ამ შემთხვევაში შიშობს, რომ არ მოხდეს სირიის ქურთულ ტერიტორიაზე თურქეთის მუშათა პარტიის მებრძოლებისთვის ზურგის გამყარება, მათთვის კორდონის გაკეთება, რომელიც კიდევ უფრო გააფართოებს თურქეთზე შეტევას.
გარკვეულწილად, თურქეთს შეიძლება მართლაც ჰქონდეს შეშფოთების საფუძველი, რადგან საქმე ეხება მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საკითხს, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ქურთების დემოკრატიული ძალები თავად აკეთებენ დისტანცირებას და აცხადებენ, რომ არ თანამშრომლობენ ქურთების მუშათა პარტიის მებრძოლებთან.
ამერიკის მეშვეობით არწმუნებენ თურქეთს, რომ ეს ყველაფერი კონტროლდება და მიმართულია მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანუ ამ შემთხვევაში სირიელი თურქები, ამერიკელები და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები მოკავშირეებად გვევლინებიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.
შეიძლება ითქვას, თურქეთი პრევენციულ განცხადებებს აკეთებს, რომ შემდგომში ეს იარაღი მის წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული.
ერდოღანი ასევე ამახვილებს ყურადღებას ევროპულ ქვეყნებზე, სადაც მისი შეფასებით ტერორისტები განსაკუთრებული პატივითა და დაცვით სარგებლობენ. „სანამ გვიან არ არის, საჭიროა ამ მცდარი სტრატეგიის გადახედვა. ახლოსაა ის დღე, როდესაც ტერორისტები დაარტყამენ იმათ, ვინც მათ ახლა მფარველობს“, - აცხადებს ერდოღანი. ამ შემთხვევაში რამდენად რეალისტურია თურქთის ლიდერის პროგნოზი?
- ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამ ეტაპზე უკიდურესად გამწვავებული სიტუაციაა - იმდენად მწვავე, რომ გერმანიამ გამოიყვანა თავისი სამხედრო შენაერთები თურქეთის ინჯირლიკის სამხედრო ბაზიდან და გადაიყვანა სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზებზე. გამწვავებულია ურთიერთობები სხვა ქვეყნებთანაც, ჰოლანდიასთან და ა.შ. ფაქტობრივად, ერდოღანი ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ევროპის სახელმწიფოებს. ამიტომ მისი განცხადებები უნდა განვიხილოთ ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტიდან გამომდინარე, რომელიც, ლამის კრახამდეა მისული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აისახება რეგიონის მდგომარეობაზე არის აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთანხმოებაა, თუ რა ფორმატში უნდა შეხვდეს დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს. სავარაუდოდ, შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში მოხდება, რომელიც ჰამბურგში გაიმართება. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ ის მზადაა ტრამპის გრაფიკს მოერგოს. ეს ნიშნავს რომ მხარეები, განსაკუთრებით ამერიკული, დიდად არ ინტერესდებიან ამ შეხვედრით?
- კიდევ არის ახალი ინფორმაცია, რაც ვფიქრობ, რუსეთსაც დაუკარგავს ინტერესს, რომ ტრამპთან შეხვედრა გაიმართოს. საქმე ისაა, რომ ორი დღის წინ ამერიკის კონგრესში შევიდა ინიციატივა, იმის შესახებ, რომ ამერიკა გამოვიდეს საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური სარაკეტო სისტემების შემცირების ხელშეკრულებიდან, რომელიც დაიდო 1987 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივან გორბაჩოვსა და ასშ-ს პრეზიდენტ რონლანდ რეიგანს შორის. ეს იყო სტრატეგიული შეთანხმება, რომელიც ქმნიდა ბალანსს მხარეებს, ანუ ბიურთვული იარაღის მფლობელ სახელმწიფოებს შორის. თუ ამერიკა გამოვიდა ამ შეთანხმებიდან და ეს განხილვისა და დებატების თემად იქცა, ამან შეიძლება გამოიწვოს რუსეთის გაღიზიანება და უკიდურესი შეშფოთება.
ამის გარდა არის სხვა თემატიკაც, რაც ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობას ართულებს. ასეთ ფონზე ალბათ, პუტინიც ვერ გამოხატავს დიდ ოპტიმიზმს, რომ ტრამპს შეხვდეს ჰამბურგში. ასე რომ, მხოლოდ აშშ-ს არ გააჩნია პესიმისტური ხედვა, რუსეთსა და მის სახელისუფლებო კლანებსაც აქვთ მოსაზრება, რომ პუტინი არ უნდა შეხვდეს ტრამპს.
ამ ეტაპზე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები იმ დონემდე მიდის, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან განსახილველი თემებიც კი არ რჩება.
თუ ამ მიმართულებით გაღრმავდა მოვლენები, რა კუთხით შეიცვლება რეგიონში სიტუაცია?
- რეგიონს ეს შეეხება, რა თქმა უნდა, რადგან რუსეთი საქართველოს და საერთოდ, ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის რეგიონს განიხილავს, როგორც საკუთარ სამხედრო პლაცდარმს. აქედან გამომდინარე, მან შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს შეიარაღების განთავსების პერსპექტივები და შესაბამისად, განახორციელოს გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ანუ კიდევ უფრო გაამკაცროს სამხედრო ყოფნა რეგიონში სტრატეგიული შეიარაღების კომპონენტების კუთხითაც.
თუ ამერიკა ხელშეკრულებიდან გასვლის მიმართულებით კიდევ უფრო განავითარებს თავის პოზიციას, ეს ბუნებნრივია, აისახება რეგიონზეც და საქართველოს უსაფრთხოებაზეც - სტრატეგიული შეიარაღების კომპონენტების გაძლიერება გულისხმობს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსაც.