რამდენიმე დღეა, მედია კვლავ პრეზიდენტისა და პარლამენტის დაპირისპირების საკითხს აშუქებს - სახელისუფლებო შტოებს შორის კინკლაობა უკვე რიტორიკულ თემად იქცა - ღარიბაშვილ-მარგველაშვილის დუელი კობახიძე-მარგველაშვილით ჩანაცვლდა. კეთდებოდა და კეთდება ათასგვარი შეფასებები, თუმცა სიტუაცია მთლიანობაში გაუგებარია, რადგან დაპირისპირების საგნის პრინციპულობა იდგა და დგას მუდამ ეჭვქეშ.
უნდა იყოს თუ არა სახელისუფლებო შტოებს შორის ამგვარი დამოკიდებულება, ამ თემაზე ექსპერტი, არჩილ გამზარდია გვესაუბრება.
„დასანანია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის ასეთ გზას დაადგა. პრეზიდენტი არც დღევანდელი და არც მომავალი კონსტიტუციით ამ ფორმატში და ამ ფარგლებში არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი“, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს. როგორ ფიქრობთ, ამჯერად უკვე გადააჭარბა მარგველაშვილმა? და საერთოდ, რა პროცესთან გვაქვს საქმე?
- თემა მართლაც რიტორიკულია, რადგან პრემიერი, პრეზიდენტი თუ პარლამენტი, სახელისუფლებო შტოებს წარმოადგენენ. ვერ ვიტყვი, რომ ის შენიშვნა, რაც უმრავლესობის მიერ გამოითქვა პრეზიდენტის მიმართ, ცალმხრივია.
ვფიქრობ, რომ კონსტიტუციის მეშვეობით პრეზიდენტის ინსტიტუცია და ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ხელისუფლება ერთმანეთს ებრძვიან. უბრალოდ, იმარჯვებს ის, ვის მხარესაც მეტი ძალაუფლებაა. მთლიანობაში ვხედავთ, რომ მთელ ამ საკონსტიტუციო პროცესებში საქმე გაქვს ზეგავლენისა და ძალაუფლების გაძლიერების მოტივთან. სხვა ყველაფერი არის დეტალები. თუ ადრე ღარიბაშვილი და მარგველაშვილი ვერ თანხმდებოდნენ, ეს უფრო ზედაპირული თემები იყო - სიღრმისეულ თემებთან დაკავშირებით ღარიბაშვილი და სხვათა შორის, მარგველაშვილიც, საკმაოდ კარგად ახერხებდნენ გადაკვეთას. უბრალოდ, ღარიბაშვილის ემოციური ხასიათი პიარის თვალსაზრისით მას არ ემსახურებოდა და პრეზიდენტის სასარგებლოდ იწერებოდა ხოლმე ქულები.
კვირიკაშვილი ამ მხრივ საკმაოდ დაბალანსებული პოლიტიკური მეტოქე აღმოჩნდა და გარკვეულ პროცესებში იმდენად კარგად ლავირებს, რომ ურთიერთობა არ იღებს უხეშ ფორმას. ამ შემთხვევაში დაწოლა მოდის პარლამენტის თავმჯდომარეზე, როგორც პროცესების წარმმართველზე.
„ქართული ოცნება“ თანდათან ყალიბდება, როგორც თანამედროვედ შეფუთული კომუნისტური პარტია იმ მხრივ, რომ დღითიდღე ძლიერდება და იმატებს მათ მიმართ თანხმობაში მოსულთა რაოდენობაც. პრაქტიკულად, გადამწყვეტი ხმა კი არა, მისი მხოლოდ პოლიტიკური ნებაც საკმარისია და დანარჩენი, უბრალოდ, რიტუალია.
კონსტიტუციონალისტების ერთი ნაწილი აცხადებს კიდეც, რომ მთელი ეს პროცესი მხოლოდ რიტუალურად შესრულდა და საბოლოო ჯამში, ისე დამთავრდა, როგორი ჩანაფიქრიც ჰქონდა ხელისუფლებას. ამიტომ ის, რასაც ვადევნებთ თვალს, არის პოლიტიკური ბრძოლა.
პრეზიდენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის ლიდერი და ამიტომ, ბრძოლა პოლიტიკურ ძალებს შორის ვერ გაჩაღდებოდა. გარდა ამისა, პრეზიდენტი არ არის რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირი, რომ ამ მიმართულებით შექმნილიყო პოლიტიკური ბრძოლის ველი. ამიტომ, საერთო ჯამში, ეს არის მხოლოდ პოლიტიკურ რიტორიკაზე აგებული ომი და შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტი იმარჯვებს, გამომდინარე იქიდან, რომ მან ცოტა არ იყოს, ამორფული და გაუგებარი პოზიცია წარმოადგინა. ერთი მხრივ, თითქოს თაკილობდა საკონსტიტუციო პროცესში ხელისუფლებასთან ერთად ჩართულიყო განხილვის პროცესში, მეორე მხრივ, სრულიად სხვა პოზიციას აფიქსირებდა.
მთელი ეს სივრცე ხასიათდება ძირითადად, გარე განცხადებებით, რაც მეტყველებს, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ არის. მარგველაშვილს თითქოს არ აქვს განსაკუთრებული პირობები, რომ მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის შეეშინდეს ხელისუფლებას, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, მაინც ფრთხილობს.
თითქოს არის ვერსია, რომ მარგველაშვილი შეიძლება ჩადგეს მთელი ოპოზიციური ძალების ლიდერად - თეორიული შესაძლებლობა შეიძლება, განვიხილოთ - თუკი მარგველაშვილი სწორად მოახერხებს ლავირებას, შეიძლება უფრო მეტად ანგარიშგასაწევი გახდეს, მაგრამ დღეს ამისი პირობები არ არის და ამდენად, ცოტა უცნაური ფორმა აქვს ამ ყველაფერს.
პრინციპში, უმრავლესობა, როგორც ჩანს, ამ ვარიანტს არ გამორიცხავს, რადგან მათივე განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, პრეზიდენტი პოლიტიკურ ველზე დარჩენას ფიქრობდეს და ეს განცხადებებიც სწორედ ამას უკავშირდებოდეს. თუ მართლაც მოხდა ისე, რომ მარგველაშვილი გადაწყვეტს ოპოზიციურ ძალებს ჩაუდგეს სათავეში, რა რესურსებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?
- დღესდღეობით მარგველაშვილი იქცევა როგორც ანალიტიკოსი. რაღაც პროცესს ხან დადებითად აფასებს, ხან უარყოფითად - ანუ ანალიტიკოსის ინტერესი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის მომხრეებისგან ელექტორატის შექმნა - მარგველაშვილი ამ რეჟიმშია თითქოს - ხან კარგავს პოზიციას, ხან - იმატებს, ხან მოლოდინის განწყობას ქმნის და პრინციპში, ყველა მოლოდინი დასრულდა იმედგაცრუებით, რადგან წამოიწყებს იერიშს, შემდეგ ანელებს ან ანებებს თავს და ა.შ. ხელისუფლებას ამ მხრივ მკვეთრი პოლიტიკური ვექტორი გააჩნია. ამიტომ მათი ორთაბრძოლა ამ მომენტისათვის ვერ მთავრდება პრეზიდენტისათვის ეფექტურად.
რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ ძალას, რასაც ვადევნებ თვალყურს, - პატარა ქვეყანა ვართ და აღარ არის ამდენი ადამიანური რესურსი საიმისოდ, რომ პოლიტიკური პარტიები ასე დაუსრულებლად იქმნებოდეს. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ისედაც წარმოუდგენელი დეფიციტი აქვს ადამიანური რესურსების, გარდა მმართველი პარტიისა, რადგან ის მმართველია და მისკენ ილტვიან ანგარების ან პოლიტიკური კარიერის მიზნით - ყველა სხვას დიდი კრიზისი აქვს ადამიანური რესურსების.
კი, თითქოს ახალ სახეებზეა აქცენტირება, მაგრამ დააკვირდით, ვინც კი გამოჩნდა, უჭირთ გამოცდილ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა და მასობრივად წააგეს. რაც შეეხება ცნობად სახეებს, რომლებიც არ არიან პოლიტიკაში, მაგრამ გამოცდილება გაჩნიათ და ეფექტურად შეიძლება წაადგნენ რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, ამაზე შეიძლებოდა აქცენტირება, მაგრამ ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალზე მცირეა.
რესურსებიც არ ჩანს და დღევანდელი პოლიტიკური რეალობაც ძალიან უინტერესო ფორმატშია. ამიტომ შევადარე მმართველი ძალა კომუნისტურ პარტიას - როგორც ის იყო კონკურენტების გარეშე, დღევანდელი მმართველი ძალაც ასეა.
თეორიულად იმის განხილვაც შეიძლება, რომ რაც კი ოპოზიციური პოლიტიკური ძალებია მარგველაშვილი ყველას ერთად ჩაუდგეს სათავეში, მაგრამ როგორც კი საქმე მიდის არჩევნებამდე, როდესაც ყველა პარტიას უკვე თავისი კვოტა უნდა, აქ იშლება პროცესი. მეორე მხრივ, ბალანსის დაცვაც გაუჭირდებოდა, რადგან ძალაუფლების ჯგუფები ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩააყენებენ, თუკი მარგველაშვილი გახდება ყოფილი მმართველი პარტიის ან მისგან წამოსული ძალების ლიდერი. სწორედ ყოფილი მმართველი ძალიდან წამოსული სუბიექტები არიან დღეს ყველაზე მეტად აქტიურები.
ამიტომ თეორიულად კი შეიძლება ამ ვარიანტის განხილვა, მაგრამ პრაქტიკულად, რაც უფრო ჩაუღრმავდები თემას, შანსები მით უფრო მცირდება.
თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკური პროცესი უინტერესოა. კიდევ ერთი თავისებურება ის გახლავთ, რომ ოპოზიციურ ძალებს საზოგადოების მხარდაჭერაც აკლია. ბოლოს, როდესაც საზოგადოებამ ოპოზიციის ირწმუნა, იყო 2012 წელი და მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ველი ფაქტობრივად მოსუფთავებულია, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება ხელისუფლებითაც არ არის კმაყოფილი. ბუნებრივია, ასე ვერ იქნება მუდმივად - რა სიტუაციაში შეიძლება გადაიზარდოს ეს ყველაფერი?
- მთავარი პრობლემა არის იდეის არარსებობა. პოლიტიკურ აქტორებს იდეა არ გააჩნიათ. ერთი, ვისაც იდეა გააჩნდა იყო სააკაშვილი, მეორე - ივანიშვილი. სააკაშვილმა სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, თანაც იმდენად დიდი შეცდომები, რომ ამას საზოგადოება ვერასოდეს ვერ აპატიებს. თუმცა იდეის გენერატორი ნამდვილად იყო. რამაც მას შეუშალა ხელი, იყო ძალიან დიდი სისასტიკე, რომელიც გამოავლინა და ვერ შეუწყო ხელი მისმა ზედმეტად შემოქმედებითობამ - ანუ ამ სისასტიკემ გადაფარა ყველაფერი.
მისგან განსხვავებით, რა პრეტენზიებიც არ უნდა წაუყენონ პოლიტიკურმა ოპონენტებმა ბიძინა ივანიშვილს, ის მაინც ინარჩუნებს უფრო მეტ პოზიტივს, ვიდრე ნებისმიერი სხვა.
შესაძლოა, მისი იმიჯი დღეს იმდენად რეიტინგული აღარ იყოს, მაგრამ მისი ეფექტი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. ამიტომ ის იდეა, რომელიც მას ჰქონდა, ჯერ კიდევ ცოცხლობს.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ დისტანცირება მოახდინოს მმართველი გუნდისგან და ხელისუფლებას ივანიშვილის სურნელი აღარ ექნება, ეს ხელისუფლებაც ისევე გაბანკროტდება, როგორც სხვა დანარჩენი. ასეთ სიტუაციაში ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს ხელისუფლების ოპონენტებად მოიაზრებიან, გახდებიან ბევრად უფრო ეფექტურები ვიდრე არიან. დღეს ისინი ივანიშვილს ვერ უგებენ.
რაც უნდა ბევრი აკრიტიკონ ივანიშვილი, პოზიტივი მის მიმართ მაინც დიდია, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ ავლენს იმ სისასტიკეს, რასაც ავლენდა წინა ხელისუფლება. ვიდრე ეს ასეა, გამოდის რომ ისევ ცოცხლობს ივანიშვილის იდეა და ვიდრე ეს იდეა რომელიმე პოლიტიკურ ძალას უმაგრებს ზურგს, მისი დამარცხება შეუძლებელია.
ან უნდა გამოჩნდეს ისეთივე განსაკუთრებული ლიდერი, როგორიც იყო თავის დროზე სააკაშვილი, შემდეგ ივანიშვილი; რომელიც მიიღებს მასობრივ მხარდაჭერას. თუმცა დღეს ამისი წინაპირობა არ ჩანს.
სხვა შემთხვევაში, შეიძლება მცირე წარმატება მოიპოვონ მისმა ოპონენტებმა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი დარჩება მაინც ივანიშვილზე დამოკიდებული. მაგრამ თუ ის უარს იტყვის ხელისუფლების მხარდაჭერაზე, მაშინ სულ სხვა პროცესები წავა.
როდესაც კონსტიტუციის პროექტზე დაიწყო მუშაობა, პრეამბულაში აღინიშნა, რომ ეს სტიმულს მისცემდა პოლიტიკურ პლურალიზმს. ახლა ამ მიმართულებით რა ცვლილებაზეც შეიძლება იყოს ლაპარაკი, ეს არის 3%-იანი ბარიერი, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება მოწყალების გადმოგდებად აფასებს. თუ შედარებით სუსტ პარტიებსაც მიეცემათ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი, მათ პოლიტიკურად გაძლიერებაზე რამდენად უნდა გაგვიჩნდეს პრეტენზია, ძნელი სათქმელია, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს მაინც თუ გამოაცოცხლებს?
- ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი 3%-იანი ბარიეერის, რადგან ვთვლიდი, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს სჭირდებათ ნომინალური, მაგრამ სოლიდური მხარდაჭერა რათა ისინი პოლიტიკური მართვის პროცესში ჩაერთონ. მაგრამ დღეს რასაც ვადევნებთ თვალს, ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტაა, რადგან წვრილ-წვრილი ჯგუფები მაინც რომ შევიდეს, შედარებით დამოუკიდებლები, შესაძლოა, არ ჰქონდეთ იმდენი ხმა, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე აისახოს, მაგრამ პოლიტიკური ამინდის შექმნის შანსი მაინც მიეცემათ.
ამიტომ ვამბობ, რომ დღევანდელი სიტუაცია მოითხოვს ბარიერის დაწევას, სხვა შემთხვევაში ნამდვილად კომუნისტური მმართველობის რეჟიმს დავემსგავსებით, იქამდე ვიდრე ისეთი საოცრებები არ მოხდება, როგორიც იყო თავის დროზე საკაშვილი და შემდეგ ივანიშვილი.