რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ "The Sun" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
თუთიყუშმა სახელად "პიტმა", რომელიც ლონდონში თავის პატრონთან, ჯონ შერვუდთან ერთად ცხოვრობს, ყვირილით გადაარჩინა სახლი გაქურდვას.
ლორის ჯიშის თუთიყუშმა გაიგონა, რომ ოთახში უცხო ადამიანები შემოვიდნენ და ისეთი ყვირილი ატეხა, ისინი სწრაფად გაეცალნენ იქაურობას.
პიტის პატრონმა ჟურნალისტებს მოუთხრო, რომ ჩიტი სახლში გალიის გარეშე ცხოვრობს.
"მას კიბის ქვეშ ძილი სიამოვნებს. დღისით კი, როგორც ძაღლი, ყოველთვის ჩემთან ერთად დადის ოთახებში. ალბათ, როდესაც ქურდები შემოვიდნენ, ხმა გაიგონა და ყვირილი ატეხა. ისეთი ხმით ყვიროდა, მისი ხმა მთელ რაიონში ისმოდა. დამნაშავეებმა მხოლოდ საფულის წაღება მოასწრეს" – განაცხადა ჯონ შერვუდმა.
თუთიყუშს, რომელმაც ოპერატიულად მოახდინა რეაგირება ძარცვის აღსაკვეთად, მადლობა მეზობლებმაც კი გადაუხადეს, რომლებიც შესაძლოა, შემდგომში მსხვერპლი გამხდარიყვნენ.