დღევანდელ მოგონებებში ბატონი ბორის პაიჭაძე მსურს რომ გაგახსენოთ. ქართველებს არაერთი ცნობილი ფეხბურთელი გვყოლია, მაგრამ ბორის პაიჭაძე მაინც განსაკუთრებული გახლდათ. მას ასპარეზობა წინა საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში მოუწია. პირდაპირ გეტყვით. თავისი ოსტატობითა და პროფესიონალიზმით დღეს „რეკლამირებულ“ ლეო მესისა თუ კრიშტიანო რონალდოს არ ჩამოუვარდებოდა. სამწუხაროდ მაშინ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არ გახლდათ, საბჭოთა კავშირის ნაკრები არ არსებობდა. თუ საბჭოთა გუნდი თამაშებს ზოგჯერ ატარებდა ისიც ძირითადად თურქეთის ნაკრებთან, ან ევროპული ქვეყნების მუშათა გუნდებთან. იმ გუნდშიც ძირითადად მოსკოველი ფეხბურთელები თამაშობდნენ.
ბორის პაიჭაძის ადრინდელ ინტერვიუებს გულდასმით გავეცანი და მკითხველისთვის საინტერესო ფაქტები ამოვიღე.
„7 წლის ვიყავი, როცა ფოთის ოთხკლასიან სკოლაში დავიწყე სწავლა. იმ დროს ფეხბურთი ფოთში ძალიან პოპულარული იყო და ბიჭები თამაშებს არ ვაცდენდით. ქალაქში ბევრი გუნდი იყო: ფოთის პირველი და მეორე ნაკრები, ნავსადგურის მუშათა გუნდი, „ურანი", „რემედასი", გემთმშენებელი ქარხნის და რკინიგზელთა გუნდები...
ფოთის ნაკრებ ძალიან კარგი ბიჭები თამაშობდნენ: შალვა დარჩია, კოლია გოგინავა, რუბენ ალხაზოვი, გიორგი ღოღობერიძე, გრიშა ხორავა, შალვა პაიჭაძე, ვანია მიქაძე, იონა ყურუა, ჯორჯი ნიკოლაიშვილი, გოგი გოგინავა, ეფრემ ლაითაძე, დუშა ვეკუა, მიტრო ასათიანი, პანაი კურჩიდი, კაკო აფხაზავა, კოტე გუნია, ფედია სეროპინასი, ფანტი კვანტალიანი, მაყა ხორავა... არანაკლებ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა „ურანს": ედუარდ ნიკოლაიშვილი, ცაგუ ჭითანავა, მიშა ანთაძე, აკაკი ჟღენტი, ვალოდია შუბლაძე, მიშა ზემლიცკი, ვასიკო შუბლაძე, საშა ალიმონაკი, გიგა ლეჟავა, გრიშა იმნაძე, ანდრო გაბუნია, ვალია პაიჭაძე... განსაკუთრებით ძლიერი მოთამაშე იყო ვანია მიქაძე. ის სოხუმიდან იყო და ყველა „ვანია სუხუმსკის" სახელით იცნობდა. სწრაფი, ბრწყინვალე გარემარბი იყო, დახვეწილი ტექნიკა ჰქონდა და უძლიერესად ურტყამდა მარცხენათი.
1923 წელს ფოთში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ჩამოვიდა: ჟენკა ამბოკაძე, ლელიკო ხოტივარი, კოლია სანიშვილი, ანდრო ჟორდანია... ანდრო შავგვრემანი იყო და ვიღაცამ „მენახშირე" შეარქვა. ჩვენ, პატარა გულშემატკივრებს ძალიან მოგვეწონა ეს მეტსახელი და მთელი თამაშის განმავლობაში „მენახშირე, მენახშირეს" ვეძახდით. იმ თამაშიდან ანდროს და იონა ყურუას ორთაბრძოლა დამამახსოვრდა.
საუკეთესო გუნდები მინდორზე თამაშობდნენ. გაგიკვირდებათ, მაგრამ მაშინ ფოთის საფეხბურთო მინდორი ერთადერთი იყო არამარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. რომ იცოდეთ რა გუნდების მატჩები მინახავს იქ! მაშინ ჩვენთვის, პატარა ბიჭებისთვის, მთავარი მატჩებზე უბილეთოდ მოხვედრა იყო. ჭიშკარს მკაცრი ალე გაბისონია იცავდა, მტრისას, თუ უბილეთოდ დაგიჭერდა! ჩვენი სახლიდან სტადიონამდე 700 თუ 800 მეტრი იყო, მე და ჩემი მეგობრები, როგორც წესი, ჯერ ჩემთან ვიკრიბებოდით და მერე ერთად მივდიოდით თამაშებზე...
იმ მოედნის გარდა ფოთში კიდევ რამდენიმე სტადიონი იყო. მაგალითად ადგილს, სადაც ახლა მთავარი არენაა, დუნდუების სტადიონი ერქვა. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა სამხედრო ეკლესიის მოედანი. არანაკლებ გვიყვარდა ორი მაგნოლიის მოედანი ქალაქის ცენტრში, ასევე სტადიონი ყოფილ ყაზარმებთან.
მე და ჩემი თანატოლები თითქმის ყოველდღე ვთამაშობდით. ძალიან გვეხმარებოდა ყველასთვის საყვარელი და მისაბაძი ფოთელი კაცი ხიტუ ჯაიანი, ნამდვილი ათლეტი და ერთ-ერთი პირველი ტანმოვარჯიშე. სხვათა შორის, იმ დროს ტანვარჯიში ძალიან პოპულარული იყო. ტანმოვარჯიშეთა საქალაქო ნაკრებში ხიტუს გარდა ურდუ ნაჭყებია და კაკო ქოიავაც ირიცხებოდნენ. მახსოვს, მათ საჩვენებელ გამოსვლებს უამრავი ადამიანი ესწრებოდა.
1929 წელს, 14 წლისა, პირველად ჩამოვედი თბილისში: მოსწავლე კალათბურთელთა საქალაქო ნაკრების შემადგენლობაში პიონერთა რესპუბლიკურ ჩემპიონატში უნდა გვეთამაშა. ჩვენ კალინინის სახელობის რაიონული აღმასკომის შენობაში დაგვაბინავეს, თამაშები კი იქვე, აღმასკომის საკალათბურთო მოედანზე იმართებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი უზომოდ გვიყვარდა და მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდით, მაინც კარგად ვსწავლობდით. ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს მასწავლებლებს: ოთხწლიანი სკოლის დირექტორს სანდრო ბერაიას, რუსულის დამრიგებელს პართენ ჭითავას... მათემატიკას იასონ ამირანაშვილი, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის მამა გვასწავლიდა. ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა: თუ დაფასთან გასული მოწაფე დავალებას თავს ვერ გაართმევდა, ბატონი იასონი ცხვირზე ცარცს ჩამოუსმევდა და იტყოდა: „ასეთი თავის პატრონი მომდევნო კლასში ვერ გადავაო"... არანაკლებ ტკბილად მახსენდება შვიდწლედის დირექტორი ალექსანდრე ცანავა და იქაური მასწავლებლები: პარმენ გიორგაძე, ფილიმონ ნადარეიშვილი, ნინო ყარამურზა, ვერა ჯაველიძე, დავით კვერნაძე, ნინო ქავთარაძე, ტურუ გოცირიძე.
როცა წამოვიზარდეთ და ჩვენი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, დაბებსა თუ ქალაქებშიც დავიწყეთ თამაში. პირველი გასვლითი მატჩი სუფსაში გავმართეთ.
16 წლისა უკვე ფოთის ნაკრებში ვირიცხებოდი. ერთხელ, დაღლილ-დაქანცულები ბათუმიდან მატარებლით ვბრუნდებოდით. გზაში გურული გლეხები დაგვემგზავრნენ, კუპეში მსხლით სავსე კალათები შემოგვიწყვეს და თვითონ პაპიროსის მოსაწევად გავიდნენ. ვერ მოვითმინე, ერთს ხელი დავტაცე და მაგიდის ქვეშ შევძვერი, ავტეხე ერთი ხრაშა-ხრუში! შემცბარმა ეფრემ ლაითაძემ მკითხა, მანდ რას აკეთებო. თავი გამოვყავი და მთელი სერიოზულობით ვუპასუხე: მაცადე, კვაჭიჭა მსხალს ვჭამ-მეთქი. იმ დღის შემდეგ ფოთელები კარგა ხანს კვაჭიჭას მეძახდნენ.
რადგან ნავსადგურის მუშათა უბანში ვიზრდებოდი, პატარაობიდანვე შორეულ მოგზაურობასა და ნაოსნობაზე ვოცნებობდი. მეზღვაურობა საბოლოოდ მაშინ გადავწყვიტე, როცა შორეული ნაოსნობის კაპიტანი, რამდენიმე უცხოურ ენაზე შესანიშნავად მოსაუბრე, იმხანად ხანშიშესული, მაგრამ მკვირცხლი და ხალისიანი კაცი - ვლადიმერ მარჯანიშვილი გავიცანი. ბატონი ვლადიმერი ლეგენდარული კოტე მარჯანიშვილის ძმა და ფოთის მუშათა კლუბის პიონერული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახლდათ.
1933 წელს ფოთის საზღვაო ტექნიკუმი მეორე თანრიგის მექანიკოსის ატესტატით დავამთავრე, თუმცა ბურთთან მეგობრობა არც მაშინ შემიწყვეტია. სხვათა შორის, ჩვენ ქართველ მეზღვაურთა პირველი გამოშვება ვიყავით!
ივლისში, ტექნიკუმის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ფოთის პირველობაზე ვითამაშე გემთმშენებელი ქარხნის გუნდში - მარჯვენა გარემარბი აკლდათ და მისი ადგილი დავიკავე. ბუცები სწორედ მაშინ ჩავიცვი პირველად!
თამაშის შემდეგ სამუშაოდ ტუაფსეში გავემგზავრე, სადაც მოტორისტად მოვეწყვე გემ „ტენდრაზე". ხუთი თვის შემდეგ, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, საოკეანო გემ „მეტალისტზე" გადამიყვანეს. მალე ერთკვირიანი შვებულება მომცეს და მითხრეს: გემი ბათუმში დაიტვირთება და შემდეგ ლონდონისკენ წავა, შინ წადი და მერე ბათუმში შემოგვიერთდიო. ვფიქრობდი, რომ ოცნება მალე ამიხდებოდა და უცხოეთის ქვეყნებს ვნახავდი, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგიათ? დედაჩემისგან ავისმომასწავებელი დეპეშა მივიღე: სასწრაფოდ ჩამოდი, მამას სულზე თუ მოუსწრებო. პირველივე თბომავალს გავყევი! ფოთში შუაღამისას ჩავედი, შინ ფეხაკრებით მივედი, მაგრამ ვხედავ სინათლე არ ანთია და დარაბებიც დახურულია. გულისკანკალით დავაკაკუნე. დედაჩემი შემეხმიანა, რომელი ხარო? ბორია ვარ-მეთქი და ატეხა ყვირილი: სოლომონ, სოლომონ, ადექი, ჩვენი ბიჭი ჩამოსულაო! სიხარულისგან მამას გადაცმა დაავიწყდა, საცვლებისამარა იდგა და მიღიმოდა. ვუსაყვედურე, ეს რა ხუმრობა იყო-მეთქი?! დეპეშის ამბავი მეორე დღეს გავიგე: თურმე ბათუმის და ფოთის ნაკრებთა მატჩი საქართველოს პირველობაზე ფრედ 1:1 დასრულებულა, ბათუმელებს კი შედეგი გაუპროტესტებიათ და გადათამაშება ნეიტრალურ მოედანზე, თბილისში დაუნიშნავთ. მეგობრებს უფიქრიათ, ბორიას გარეშე ვერაფერს გავხდებითო და დეპეშაც ამიტომ მომწერეს. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, არც დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ დედაჩემის თხოვნამ გაჭრა. თბილისში, ლენინის სახელობის სტადიონზე ვითამაშეთ, 2:1 მოვიგეთ. ორივე გოლი მე გავიტანე!
იმ შეხვედრის შემდეგ თბილისში გადასული ფოთელი ბიჭების ალყაში მოვექეცი. ერთ-ერთი მათგანი კაკო ყალიჩავა იყო, რომელიც 17 წლისა უკვე ფოთის ნაკრებში თამაშობდა. ბევრი ვისაუბრეთ, საბოლოოდ კი კაკოს და სხვების თხოვნით, თბილისში რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე. ჯერ მოსამზადებელი კურსების მსმენელი გავხდი, 1934 წლიდან კი პირველ კურსზე ჩავირიცხე.
იმავე წელს ინსტიტუტის მეორე გუნდში მოვხვდი. ჩემთან ერთად არჩილ კიკნაძე, მიშა ცენტერაძე, ვალიკო არსენიშვილი და ლევან ღუდუშაურიც თამაშობდნენ. 1935 წელს პირველ გუნდში დავწინაურდი, რომელიც იმხანად საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი იყო: იურა კასრაძე, გვაჩი ჯორბენაძე, ჟორა ჭუმბურიძე, მიხეილ მინაევი, ვალია კოძისი, გერმან კირილოვი, მიშა ბოლოტინი, სერგო სიხარულიძე, კაკო ყალიჩავა, დუკა რამიშვილი... კარგი ბიჭები იყვნენ!
1935 წელს დაუვიწყარი ტურნე გვქონდა დონბასში - ერთი თვის განმავლობაში 29 მატჩი გავმართეთ და ერთიც არ წაგვიგია! კაცმა რომ თქვას, არც არაფერი დაშავდებოდა, მაგრამ იმ დროს ჩვენს ლექსიკონში სიტყვები „წაგება", „დავიღალე" და „აღარ შემიძლია" არ არსებობდა!
1936 წელს თბილისის „დინამოში" მოვხვდი. დიდებული ფეხბურთელები დამხვდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, გრიგოლ გაგუა, მიხეილ ბერძენიშვილი, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლაი სომოვი, ედუარდ ნიკოლაიშვილი...
პირველ საკავშირო ჩემპიონატში მხოლოდ „ბ" ჯგუფში დაგვიშვეს. საწყის შეხვედრაში მოსკოვის „სტალინეცთან" არ მითამაშია. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სამაგიეროდ, მომდევნო ტურში ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციას მე ვასრულებდი და დნეპროპეტროვსკელები დიდი ანგარიშით 5:0 დავამარცხეთ! მომდევნო თამაშებშიც არ შევრცხვენილვართ და მალე „ა", ანუ უმაღლეს ჯგუფში ასპარეზობის უფლებაც მოვიპოვეთ!
ჩვენი „დინამოს" პირველი მწვრთნელი ჟიულ ლიმბეკი ფრანგი იყო, ის თბილისში ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოვიდა. საუკეთესო სპეციალისტი იყო, მისაბაძი, ჭეშმარიტი ინტელიგენტი. ბევრმა არ იცის, მაგრამ გეტყვით: ბასკი ფეხბურთელების მეგობრული შარჟები, ერთ-ერთ გაზეთში რომ გამოქვეყნდა მატჩის წინ, სწორედ ლიმბეკს ეკუთვნის. „დინამოში" მან პიოტრ ორეხოვი შეცვალა...
მთავარ მწვრთნელად რომ დანიშნეს, ლიმბეკმა წვრთნის პროცესი თითქმის მთლიანად შეცვალა. მაგალითად, თუ მის მოსვლამდე მხოლოდ ერთი ბურთით ვვარჯიშობდით, ის ერთბაშად ხუთი ბურთით გვავარჯიშებდა. მისივე ინიციატივით, დღის და კვების რეჟიმის დაცვა დავიწყეთ. მახსოვს, ამის გამო ყველაზე ძალიან გრიშა გაგუა იყო გულდაწყვეტილი. ამბობდა, ძველი დრო არ სჯობდა, ლობიოს და ტყემალს გაძღომამდე რომ ვჭამდითო?.. ლიმბეკის მენიუ სადილზე ჭიქა შავ ღვინოსაც ითვალისწინებდა, მაგრამ ერთხელ ჩვენს მეკარეს შურა დოროხოვს ცოტა მეტი მოუვიდა, სხვების ჭიქებიც გამოცალა და ვარჯიშზე შეზარხოშებული გავიდა. ლიმბეკმა მიზეზი რომ გაიგო, იმ დღესვე ამოიღო ღვინო მენიუდან! მან „დინამოში" მხოლოდ ნახევარი წელი დაჰყო, თუმცა უამრავი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო. სხვათა შორის, მის მიერ იყო ორგანიზებული ამიერკავკასიის საფეხბურთო მწვრთნელთა ერთთვიანი შეკრება-სემინარი, რომელმაც დიდი ბიძგი მისცა ამ პროფესიის განვითარებას. სხვათა შორის, ლიმბეკი ლექციებს თავადაც კითხულობდა.
რაც დრო გადიოდა, დინამოელები სულ უფრო პოპულარულები ვხდებოდით. ახალგაზრდები ვიყავით და სახელ-დიდების გაძლება, რა დასამალია და, გვიჭირდა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთ მშვენიერ დღეს შურა დოროხოვს ვარჯიშზე ეტლით მისვლა მოუნდა. თბილისის უკანასკნელი მეეტლეები მაშინ კინო „ოქტომბერთან" იკრიბებოდნენ. მოკლედ, მივიდა ჩვენი შურა და ეუბნება, ფული არ მაქვს, წამიყვანე და ადგილზე გადაგიხდიო. მეეტლემ იუარა. შურამ არ დაიხია, ესა და ეს ვარ, „დინამოში" ვთამაშობო... საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გაბრაზებულმა მეეტლემ მათრახი გადაუჭირა. შურამ ორი დღე ვერ ივარჯიშა - ავადმყოფობა მოიმიზეზა!
ისეთ მატჩებს, როგორიც „დინამოს" და ბასკეთის ნაკრების დაპირისპირება იყო, არავინ ივიწყებს, ასეთი შეხვედრები იმთავითვე ისტორიის კუთვნილება ხდება! ბასკები შესანიშნავი ბიჭები იყვნენ, ნამდვილი მებრძოლები! ახლაც თვალწინ მიდგას ისიდრო ლანგარას სახე და ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, რომელიც ფუნიკულიორის პლატოზე მდგარმა მითხრა: თბილისი ძალიან ჰგავს ჩვენს ბილბაოსო...
თამაშის შემდეგ დინამოელებმა სტუმრებს რესტორან „ორიანტში" ვუმასპინძლეთ. შუა ქეიფის დროს რომელიღაც ჩვენიანმა „სულიკო" წამოიწყო, ბასკები კი, ჩვენდა გასაკვირად, მას სასიამოვნოდ აჰყვნენ. დიდებული საღამო იყო! მერე გვითხრეს, რომ სტუმრებს „სულიკო" არაერთხელ უმღერიათ მოსკოვსა და ლენინგრადში.
1941 წელს ჩვენ ჩემპიონატის მოგება შეგვეძლო, მაგრამ იცით რამაც შეგვიშალა ხელი. 22 ივნისს, როცა ფაშისტური გერმანიის თავდასხმის შესახებ შევიტყვეთ, ჯერ კიდევ არ ვიცოდით სინამდვილეში რა ხდებოდა, თუმცა მთავარი უკვე მომხდარიყო - ხალხის სულიერი სიმშვიდე დაირღვა. 24 ივნისს, ლენინგრადში „დინამოს" 3:2 მოვუგეთ და მოსკოვის „დინამოსთან" ერთად ლიდერები გავხდით, თუმცა იმ ჩემპიონატში აღარ გვითამაშია. ჩვენ სრული შემადგენლობით შევუერთდით საბჭოთა არმიას - მე, მაგალითად, უშიშროების ორგანოში დავიწყე მუშაობა.
ფეხბურთს ომის დაწყებიდან ორ წელიწადში დავუბრუნდი. ერთ მშვენიერ დღეს თბილისის დინამოელები შეგვკრიბეს და გვითხრეს, ამხანაგური თამაშებისთვის მოვმზადებულიყავით. ერთ-ერთი მატჩი სტალინგრადში უნდა ჩაგვეტარებინა, მიწასთან გასწორებულ ქალაქში. მატარებლით ჩავედით - ჩვენი, ფეხბურთელების ვაგონი სამხედრო შემადგენლობის ბოლოში იყო ჩაბმული. უნდა გენახათ ხალხი რა სიხარულით გვხვდებოდა - ადგილობრივ „ტრაქტორთან" თამაშს უამრავი ადამიანი დაესწრო!
1943 წელს, როცა ომის ტურნედან საქართველოში ვბრუნდებოდით, სოხუმში გავჩერდით სათამაშოდ. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს „დინამოს" ხელმძღვანელებმა ავთანდილ ღოღობერიძე. ის ერთი შეხედვით სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ შესაშური შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. „ბასა" ფეხბურთისთვის იყო დაბადებული, ალალი, უეშმაკო, უტყუარი, საქმისათვის თავდადებული გახლდათ და ამიტომაც მალე მოიპოვა ავტორიტეტი!
უცხოეთში პირველად 1944 წელს წავედით - ირანელებმა მიგვიწვიეს. პირველი შთაბეჭდილება? მცხუნვარე მზე, განუმეორებელი აღმოსავლური კოლორიტი და კონტრასტი ყველგან და ყველაფერში: მაგალითად ლელიაზარს, თეირანის ულამაზეს ცენტრალურ ქუჩას ჩაბინძურებული გუბეებით და შმორის სუნით აყროლებული შუკები ცვლიდა, სიღარიბეს - სიმდიდრე... სხვათა შორის, თამაშებზე ბილეთი ათი თუმანის ექვივალენტი ღირდა!
1946 წლის გაზაფხულზე საბჭოთა კავშირის ნაკრები თბილისში ემზადებოდა საფრანგეთში გასამგზავრებლად. ის გუნდი მოსკოვის ცდკა-ს და „დინამოს" ბაზაზე იყო შექმნილი - გრიგორი ფედოტოვი, ვსევოლოდ ბობროვი, ვალენტინ ნიკოლაევი, ალექსეი გრინინი, ვლადიმერ დიომინი, ალექსეი ხომიჩი, ვასილი ტროფიმოვი, კონსტანტინ ბესკოვი... მათთან ერთად მეც ვიყავი, მაგრამ მოულოდნელად გამგზავრებაზე უარი გვითხრეს და დაგვშალეს.
ყველაზე მძიმე ტრავმა? 1947 წელს მოსკოვში, საბჭოთა კავშირის თასის მატჩში მოსკოვის „ტორპედოსთან" დავშავდი. იმ მომენტში, როცა ფეხი ვიტკინე, ნიკოლაი მოროზოვს ვეთამაშებოდი. წლების შემდეგ ის საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა... მოგვიანებით მინდორს კი დავუბრუნდი, მაგრამ ძველებურ დონეს ვერასდროს მივაღწიე.
იმ ტრავმის შემდეგ სხვადასხვა ექიმს მივმართე, თბილისიდან წყალტუბოშიც გამგზავნეს სამკურნალოდ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მოგვიანებით მოსკოვში ცნობილ ქირურგს აბრამ ლანდასაც ვეწვიე - ის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. დადგინდა, რომ გვერდითი მყესი მქონდა გაწყვეტილი. თავიდან ლანდა ოპერაციას უარობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამთანხმდა. ცხრა თვის შემდეგ დავუბრუნდი მინდორს. ომის გამო გაცდენილი წლების ჩათვლით, მთელი ხუთი წელიწადი გამიცდა! როცა ამაზე ვფიქრობ, ძალიან მწყდება გული.
ყველაზე უხერხული მცველი ლენინგრადელი ოლეგ ოშენკოვი იყო. მთელი თამაშის მანძილზე ჩრდილივით დამდევდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
საუკეთესო მატჩი? ეს იყო 1939 წელს ცდკა-სთან. პირველი ტაიმი 1:4 წავაგეთ. ვითომც აქ არაფერი მომხდარაო, ჩვენი მწვრთნელი - მაშინ მიხეილ ბუტუსოვი გვწვრთნიდა - მშვიდად შემოვიდა გასახდელში და გვითხრა: „ბრძოლა გრძელდება. თავდასხმაში ადგილების გადანაცვლებით ვითამაშებთ". გაწონასწორებულმა და იმედიანმა ბუტუსოვმა შეძლო ჩვენი, ნირწახდილი ფეხბურთელების აღფრთოვანება. შედეგი თქვენთვის ცნობილია: მეორე ტაიმში მეტოქეს შავი დღე ვაყარეთ და მოვიგეთ - 5:4!
მე, როგორც კაპიტანს, ჩვენი გუნდის ორი თაობა გამომყვა. ყველა მატჩში გამარჯვებაზე ვფიქრობდით, ნაღდი, უკომპრომისო ბრძოლა გვქონდა ნებისმიერ მეტოქესთან!
ქართული სპორტის უდიდესი მიღწევა? 1936 წელი, როდესაც დაუმარცხებლად მოვიპოვეთ საბჭოთა ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება! ასევე ზედიზედ ორჯერ საკავშირო თასის ფინალში გასვლა და რა თქმა უნდა თბილისის „დინამოს" მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის ორჯერ მოპოვება. ცხადია, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ტრიუმფიც!
მე თუ მკითხავთ, 1964 წელს „დინამოს" ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ არც 1946 წლის ჩვენ გუნდს ეთქმის ურიგო.
ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაში, გაწვრთნასა და დიდ საფეხბურთო ასპარეზზე გაყვანაში ანდრო ჟორდანიას ბადალი არ ჰყავდა! ასევე არ შეიძლება არ დავაფასოთ ქართული ფეხბურთის დიდი მეგობარი, ლენინგრადელი მწვრთნელი მიხეილ ბუტუსოვი. ის 1938-1939 წლებში ავარჯიშებდა „დინამოს". ბუტუსოვი იყო საქმის დიდი მცოდნე, თავდაჭერილი, მომთხოვნი, გამრჯე მწვრთნელი. ჩვენ, ფეხბურთელები მასში გულისხმიერ მეგობარს ვხედავდით, გვჯეროდა ყოველი მისი სიტყვის და ვასრულებდით ურთულეს დავალებებსაც. ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში ბუტუსოვმა დიდი როლი ითამაშა! ომამდელ წლებში იყო პერიოდი, როდესაც კატეგორიულად იბრძოდნენ ინდივიდუალური მოთამაშეების წინააღმდეგ. სპეციალისტების გარკვეული ჯგუფი ჩემი თამაშის წინააღმდეგაც ილაშქრებდა. ეს იმდენად ცუდ გავლენას ახდენდა ჩემზე, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებებასაც ვფიქრობდი. ბუტუსოვი ასე მამხნევებდა: „ბორის, შენ გჯერა ჩემი? ითამაშე ისე, როგორც თამაშობ. ნურაფერს შეცვლი"! საბედნიეროდ, მწვრთნელს დავუჯერე.
ასირ გალპერინი მშვენიერი სპეციალისტი და ძალზე კულტურული, კეთილი თბილისელი კაცი იყო. თუ არ ვცდები, თბილისში ნორჩ ფეხბურთელთა პირველი სკოლა სწორედ მან ჩამოაყალიბა. 1938 წელს საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატში მისმა გუნდმა, „მოლოტმა" იმარჯვა. გალპერინს კარგი მოთამაშეები ჰყავდა: დიაჩენკო, ჯაიანი, ლოგინოვი, ნიკურაძე, შუდრა, ერქომაიშვილი, ქართველიშვილი, თათარაშვილი...
ანდრო ჟორდანია დიდებული ფეხბურთელი იყო - 20-30-იან წლებში ის საქართველოს კი არა, ამიერკავკასიის საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად ითვლებოდა, თუმცა ფრთებზეც შეეძლო თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მასთან, როგორც მწვრთნელთან, მცირე ხანს მომიწია ვარჯიში, მივხვდი - ის ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული და ფეხბურთის ერთგული ადამიანი გახლდათ!
რატომ უნდა უბიძგო ან „დაამტვრიო" მეტოქე, რატომ უნდა ხედავდე მასში მტერს? ფეხბურთი ხომ თამაშია, ვაჟკაცური თამაში. თუ მაგარი ხარ, გოლი გაიტანე, მეურვეს გაუსწარი, ოსტატურად გასცდი, აჯობე. თუ ამას ახერხებ და თანაგუნდელებიც მხარს გიბამენ, გამარჯვება მოვა, აბა სად წავა?
ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ფეხბურთი მხოლოდ ღონიერი და მარდი ჭაბუკებისთვისაა მოგონილი. ნურას უკაცრავად - ფეხბურთს ინტელექტი სჭირდება! ეს არამარტო კუნთების და ნერვების, არამედ გონების შეჯიბრებაცაა. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მაღალი კლასის მოთამაშეს, რომელსაც გონება არ აძლევდეს საშუალებას თავისი ნიჭი სხვა საქმეშიც გამოამჟღავნოს. დარწმუნებული ვარ მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, შოთა იამანიძე ან ვლადიმერ ბარქაია ტრავმის გამო ადრე რომ ჩამოშორებოდნენ ფეხბურთს, სხვა საქმეშიც დიდ წარმატებას მიაღწევდნენ.
ვოცნებობდი ფეხბურთის სამშობლო მენახა, მაგრამ ნატვრა მხოლოდ 1966 წელს ამიხდა, როდესაც სპეციალისტები საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად ინგლისში, მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრეთ.
ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი? პელე!
ქალთა წარმატებები თანამედროვე სპორტში განუზომელია, მაგრამ მომიტევეთ - ფეხბურთი ქალურ სპორტად არ მიმაჩნია.
ფეხბურთის გარდა ყოველთვის მომწონდა ცხენოსნობა, ტანვარჯიში, ჭიდაობა და კალათბურთი.
საყვარელი წიგნი? კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა", ლევან გოთუას „გმირთა ვარამი" და მისივე პიესა „ერეკლე მეორე". საყვარელი მუსიკალური ნაწარმოები? რევაზ ლაღიძის „თბილისი", მსახიობი - ვასო გოძიაშვილი, მომღერალი კი ზურაბ ანჯაფარიძე.
უამრავ ძლიერ სპორტსმენს ვიცნობ, ბევრთან ვმეგობრობ კიდეც, მაგრამ საუკეთესოდ მაინც გივი კარტოზია მიმაჩნია. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი ოჯახის მეგობარია - გივი დიდებული კაცია!“