„ევროპას ამერიკის გარეშეც შეუძლია თავის გატანა, თუკი ის ერთიანი იქნება“

„ევროპას ამერიკის გარეშეც შეუძლია თავის გატანა, თუკი ის ერთიანი იქნება“

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ევროპა-ამერიკას შორის უნდობლობამ დაისადგურა. ევროპა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, როცა აშშ მისთვის სანდო პარტნიორი აღარ არის. ალბათ, ამითაც იყო განპირობებული ანგელა მერკელის განცხადება, რომ ევროპამ თავისი მომავლისთვის დამოუკიდებლად უნდა იბრძოლოს. ნიშანდობლივია, რომ გერმანიის კანცლერმა ეს განცხადება სწორედ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ვაჭრობას, თავდაცვას და კლიმატის ცვლილებას ეხებოდა.

გერმანელი ქალბატონის მსგავსად ფიქრობს ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპას მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს- მჭიდრო ინტეგრაცია. მაკრონი აღიარებს, რომ ევრო უნაკლო არ არის და რეფორმას საჭიროებს, ამიტომ მაკრონს სურს, ევროზონის ქვეყნებმა ფისკალური კავშირი შექმნან. აზრთა თანხვედრის მიუხედავად,  მაკრონს სწორედ ამ კონტექსტში არ ეთანხმება გერმანია. გერმანელები ფიქრობენ, რომ ფისკალური კავშირი ღარიბ ქვეყნებში ფულის გადინების წყარო გახდება და გერმანიას დააზარალებს.

ასპარეზზე ტრამპის გამოჩენის შემდეგ (რომელმაც ნატოს ღირებულებები ეჭვქვეშ დააყენა და, ასევე, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა) ევროპელი ლიდერები ბევრად უფრო დაახლოვდნენ. თუმცა ამერიკის გარეშე დამოუკიდებლად რისი გაკეთება შეუძლია ევროპას, ეს უკვე ცალკე განსჯის თემაა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ევროპას ამერიკის გარეშეც შეუძლია თავის გატანა, თუკი ის ერთიანი იქნება. თუ ევროპა გაერთიანებას შეძლებს და ერთიან პოზიციას ჩამოაყალიბებს, მაშინ ყველაფერი გამოუვათ. ხოლო, თუ ისევ სხვადასხვა პოზიციაზე იდგებიან, ბუნებრივია, ვერ გაძლიერდებიან.

„ამერიკას მაინც თავისი ძლიერი პოზიციები, ძლიერი მხარეები გააჩნია. ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გაძლიერება შეიძლება არც იყოს საკმარისი. სხვათა შორის, ევროპა რამდენჯერმე აპირებდა გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, მაგრამ ამ გეგმის რეალიზაცია ვერ ხდებოდა, რადგან ევროპას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა და საშუალება. ამიტომ, ალბათ, ამერიკის გარეშე გაუჭირდება ევროპას რაიმე ქმედების განხორციელება. თუმცა მთლად ისეც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკის გარეშე ევროპა ნაბიჯს ვერ გადადგამს. ასე ნამდვილად არ არის“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია, რომელიც მიიჩნევს, რომ ამერიკის ფინანსები ევროპელებისთვის ამ ეტაპზე დიდი სტიმული იყო.

ისიც ფაქტია, რომ ევროკავშირი უკვე გავლენის ცენტრად ყალიბდება და კვადრიპოლარობის, ანუ ოთხპოლუსიანობის შემადგენელ ნაწილად მოიაზრება. კვადრიპოლარობის კონტურები კი ასეთია-ამერიკა, ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი. 

ამერიკული და ევროპული ინტერესების დიფერენცირებასა და ერთმანეთისგან განსხვავებას ამჩნევს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.  For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ეს განსხვავება, განსაკუთრებით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ შეინიშნება. კაცობრიობა მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ნატოს ერთიანობა. აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს, დაახლოებით იგივე დაფინანსება წამოვიდეს ევროპიდან, რაც ამერიკიდან მოდის. ცხადია, ფინანსები იგივე ვერ იქნება, მაგრამ თანაზომიერი მაინც უნდა იყოს.

„თუკი ამერიკულ და ევროპულ ღირებულებებს შორის თანხმობა არ მოხდება, დიფერენცირება კიდევ უფრო საგრძნობი გახდება.  მაგალითად, ტრამპს არ მოსწონს თავისუფალი ვაჭრობა, არც ის მოსწონს, რომ გერმანიის იმპორტი შეერთებულ შტატებში მეტია, ვიდრე ამერიკისა გერმანიაში. ინტერესებს შორის დიფერენცირება უკვე ისეთ მნიშვნელოვან სფეროშიც შეინიშნება, როგორიცაა უსაფრთხოება და თავდაცვა. ევროპამ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ საკუთარი შეიარაღებული ძალები ჰყავდეს. ცხადია, ევროპა-ამერიკას შორის დაპირისპირებაზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ ინტერესების დიფერენცირება აშკარაა. შესაბამისად, რადგან ასე დიფერენცირებულია ინტერესები, ჩვენ, როგორც ევროატლანტიკური საგარეო ორიენტაციის მქონე ქვეყანამ, საკუთარი პოლიტიკის კორექტირებაზე უნდა ვიფიქროთ. უფრო სწორად, საჭიროა ბალანსირება, ლავირება ამ ინტერესებს შორის. თორემ ერთიანობა, როგორიც იყო 90-იანებში უკვე აღარ იქნება. ინტერესებს შორის განსხვავებები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ტრამპის მერე ეს განსხვავება ძალიან მკაფიოა“,-მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, რისი გაკეთება შეუძლია ევროპას ამერიკის გარეშე, განმარტავს, რომ ევროპის შესაძლებლობები მნიშვნელოვანია.

500-მილიონიან ევროპას თავისი ეკონომიკური პოტენციალი,  უზარმაზარი ეკონომიკური მასშტაბი გააჩნია. ეს არის ცივილიზაციის აკვანი და უამრავი წარმატებული ქვეყანა სწორედ ევროპულ ღირებულებებზე დგას. ევროპის შესაძლებლობები თითქმის ამერიკის შესაძლებლობებს უტოლდება. რა თქმა უნდა, ამერიკას უფრო დიდი ეკონომიკა აქვს, მაგრამ ევროპაც დიდად არ ჩამორჩება. ამდენად, თუ ევროპას პოლიტიკური ნება ექნება და უფრო გაბედულად იმოქმედებენ ევროპელი პოლიტიკოსები, წარმატებაც გარდაუვალი იქნება. ეს არ მოასწავებს ნატოსთან განხეთქილებას, რადგან ნატოს შიგნითვე შეიძლება მოხდეს სტრუქტურირება და ევროპამ თავისი დამოუკიდებელი სამხედრო ძალები და უსაფრთხოების სისტემები შექმნას.

„პირველ ეტაპზე ეს მაინც ნატოსთან იქნება ინტეგრირებული. გერმანია და საფრანგეთი ევროგაერთიანების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ ეკონომიკურადაც, პოლიტიკურადაც, ღირებულებითი თვალსაზრისითაც. ისინი ევროკავშირის ლოკომოტივები არიან. შესაბამისად, თუკი გერმანია და საფრანგეთი ევროპის ერთიანობაზე შეთანხმდებიან, ალბათ, მათ დანარჩენი ევროპული სახელმწიფოებიც აყვებიან“.