„საცხოვრებლად ცუდი ქალაქი გახდა თბილისი, განსაკუთრებით, ის რაიონები, რომლებიც ადრე პრესტიჟულად ითვლებოდა“

„საცხოვრებლად ცუდი ქალაქი გახდა თბილისი, განსაკუთრებით, ის რაიონები, რომლებიც ადრე პრესტიჟულად ითვლებოდა“

უძრავი ქონების სააგენტოები ირწმუნებიან, რომ დედაქალაქიდან გამსვლელთა რიცხვი მატულობს. დაბინძურებული ჰაერისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო თბილისის შემოგარენი საცხოვრებლად სულ უფრო პოპულარული ხდება. ბოლო რამდენიმე წელია, წყნეთში, კიკეთში, წავკისში, საგურამოსა და ცხვარიჭამიაში დასახლების მსურველთა რიცხვი გაიზარდა. წინასწარი პროგნოზით, თბილისიდან გაქცევის მოსურნეთა რაოდენობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

ვინ შეავსებს მოსახლეობისგან შემცირებულ დედაქალაქს? სავარაუდოდ, ესენი იქნებიან ტურისტები, რომელთა რიცხვიც მზარდია. ასევე, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, კვლავაც ტოვებენ მშობლიურ ადგილებს.

არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას უძრავი ქონების სააგენტოების მონაცემებში ეჭვი ნაწილობრივ შეაქვს. მისი თქმით, საინტერესოა, დედაქალაქის მცხოვრებნი საბოლოოდ ტოვებენ ქალაქს და საცხოვრებლად შემოგარენში გადადიან, თუ თბილისის შემოგარენს იყენებენ, როგორც მეორად საცხოვრებელს, ანუ სააგარაკე ნაკვეთს, რომელსაც მხოლოდ შაბათ-კვირას სტუმრობენ?! მისი აზრით, საეჭვოა, დედაქალაქის მკვიდრნი მთლიანად აიყარონ და საცხოვრებლად გადავიდნენ შემოგარენში.

„ზოგადად, დედაქალაქიდან გასვლა არა მხოლოდ საქართველოსა და, კონკრეტულად, თბილისის ტენდენციაა, არამედ მთელ მსოფლიოში ყველა გარბის ქალაქიდან, თუკი ამის შესაძლებლობა აქვს. ამაში არაფერია გასაკვირი. შესაბამისად, თბილისიდან გაქცევის ტენდენციაც ლოგიკურად მეჩვენება, რადგან ცუდი ქალაქი გახდა თბილისი, განსაკუთრებით, ის რაიონები, რომლებიც ადრე პრესტიჟულად ითვლებოდა. ვგულისხმობ შუალედურ რაიონებს. ეს არის საბურთალო, ვაკე, აღარაფერს ვამბობ მთაწმინდაზე, დავით აღმაშენებლის პროსპექტზე, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დედაქალაქის ახალი უბნები უკვე წარმოუდგენელი მაღალი სიმჭიდროვით ხასიათდება. ცხოვრება არ არის მხოლოდ კარგი საძილე პირობები და ნორმალური ბინა, არამედ მთავარია, როგორია ის გარემო, სადაც საცხოვრებელი სახლი დგას, როგორ შეუძლიათ ბავშვებს გაერთონ, ითამაშონ, შეიძლება თუ არა მანქანის პარკირება, გარშემო არის თუ არა სიმწვანე, წყალი, აუზი. ამის გარეშე ნორმალური საცხოვრებელი გარემო ვერ იქმნება“,-აცხადებს ვახტანგ დავითაია For.ge-სთან საუბარში და მიიჩნევს, რომ ფილარმონიიდან დაწყებული, ნებისმიერ პრესტიჟულ რაიონში 20-30 წლის წინ არსებული ნორმალური ინფრასტრუქტურის მოშლამ დედაქალაქში ცხოვრება სულ უფრო არაკომფორტული გახადა.

ვახტანგ დავითაიას აზრით, თუკი დედაქალაქიდან გასვლა მზარდი პროცესია, მაშინ მთავარია, ქალაქიდან გასვლის შემდეგ რას შევთავაზებთ ადამიანებს და რამდენად დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს. მისი თქმით, საცხოვრებელი სახლი შუშის იქნება, მეტალის თუ აგურის, ეს არ არის უშუალოდ ეკოლოგიასთან დაკავშირებული, მაგრამ როდესაც სივრცე გადატვირთულია, განუზომლად მეტია გაშენების ფართი და ეს ყველაფერი ხდება გამწვანების ხარჯზე, ეს უკვე ეკოლოგიური პრობლემაა.

გარემოს დაცვის სპეციალისტი კახა ბახტაძე იზიარებს უძრავი ქონების სააგენტოების მონაცემებს, რომ დედაქალაქის მცხოვრებნი თბილისის შემოგარენში გადასვლას ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენთან საუბრისას კახა ბახტაძე განმარტავს, რომ ბევრი ადამიანი ცდილობს, საბოლოოდ გავიდეს დედაქალაქიდან და ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ეკოლოგიურად დაბინძურებულ ტერიტორიას მოსახლეობა გაურბის. უამრავი განვითარებული ქვეყანა ამ პროცესშია და ეს გარდაუვალია თბილისშიც, რომელიც არსებულ საზღვრებში ვეღარ ეტევა და გადის გარეთ.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა შეიმუშაოს, რათა ადამიანებს დედაქალაქიდან გასვლის საშუალება მიეცეთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის ყველას მანქანა ჰყავს, მაინც გარკვეულ პრობლემას უკავშირდება ყოველდღიურად თბილისის შემოგარენიდან დედაქალაქში სამუშაოდ ჩამოსვლა. ამიტომ რაღაცნაირად შიდა სატრანსპორტო სისტემა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გაუმჯობესდეს ქალაქშიც და ქალაქს გარეთაც.

„მშენებლობის მასშტაბი თბილისში ძალიან დიდია. არსებულ ბინებს კიდევ უამრავი ბინა ემატება და ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ. ბინებზე მოთხოვნა მაღალია, რადგან პარალელურად იზრდება დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობაც. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი თბილისში ცხოვრობს. ამ ფონზე ბევრი ადამიანი ხვდება, რომ ასეთ ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრებას უარყოფითი ზეგავლენა აქვს მათ ჯანმრთელობაზე. ამიტომაც ადამიანები ცდილობენ, თბილისის გარეთ გავიდნენ და შემოგარენიდან იარონ დედაქალაქში სამუშაოდ. ძველი და ახალი თბილისელები სწორედ ასეთი მიდგომით ცხოვრობენ“, - აღნიშნა კახა ბახტაძემ.

რაც შეეხება წყნეთს, კიკეთს, წავკისს, საგურამოსა და ცხვარიჭამიას, გარემოს დაცვის სპეციალისტის თქმით, ეს ტერიტორიები ეკოლოგიურად მართლაც სუფთაა. ახლა კეთდება თბილისი-რუსთავის გზა და ამ გზის მშენებლობის შემდეგ ბევრი სხვა ტერიტორიაც შემოემატება დედაქალაქს, სადაც შესაძლებელი იქნება ურბანული განვითარების გავრცელება.

კახა ბახტაძე არც იმას მალავს, რომ თავადაც აპირებს წყნეთში გადასვლას, სადაც მშობლების ბინა აქვს. უფრო მეტიც, ბევრი ადამიანი, ვინც მის გარშემოა, საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადასვლას გეგმავს.

„თბილისი ამით არ დაცარიელდება. ეს კარგიცაა, რომ თბილისში ეკოლოგიურად დამძიმებული სიტუაცია განიმუხტება“.