პატრიარქის კურთხევით, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 27 ივნისს ე.წ. მატროსოვის ციხეში შეხვდებიან. მამა კახაბერის განმარტებით, ციხეში შესვლა მამა გიორგის ზიარების მიზნით არ მოხდება, არამედ პატრიარქისთვის გარკვეული ამბის გადასაცემად.
„მას სურს უწმინდესთან რაღაც ამბის გადაცემა და ჩვენ შევალთ და გადავცემთ უწმინდესს, რა სურს მამა გიორგის უწმინდესთან. ჩვენ ზიარებით არ შევდივართ მამა გიორგისთან. ადგილზე დავილაპარაკებთ. მამა გიორგი რას მოითხოვს და მერე აქედან რა გადაწყდება, ამაზე წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ“, - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილას წინ უსწრებდა დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვერდა უწმინდესთან. შეხვედრა, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა, იწერებოდა. როგორც ბრალდებულის ძმა განმარტავს, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, რომ შეხვედრიდან გასვლის შემდეგ შესაძლოა, ოჯახს არასწორი ინფორმაცია გაეტანა, შესაბამისად ჩაწერა პრევენციის მიზნით ხორციელდებოდა.
for.ge-სთან საუბრისას თორნიკე მამალაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა საუბარი შეეწყვიტა, უწმინდესმა ბოლომდე მოუსმინა. მისი თქმით, უწმინდესი დარწმუნებულია, რომ ამ საქმის უკან არ დგას მამა გიორგი და რომ მისი სახელით ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია.
თორნიკე, რა გითხრათ პატრიარქმა, საქმის გარშემო ჰქონდა დეტალური ინფორმაცია?
თორნიკე მამალაძე: მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, რომელიც მამა დავით ჭინჭარაულისგან მოდიოდა, მაქსიმალუარდ შევეცადეთ მისი უწმინდესობისთვის გვეთქვა სიმართლე. კვლავ იმ პოზიციაზე ვრჩები, რომ უწმინდესს საქმეზე სრული ინფორმაცია არ აქვს. პატრიარქმა გვითხრა, მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გამიგიაო და ეს ყველაფერი მიმართული არის საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისკენო. გვითხრა, რომ ვილოცოთ ერთად იმისათვის, გამოვლინდნენ ის პიროვნებები, ვინც ამ საქმის უკან დგანანო. პატრიარქი ენდობა მამაოს, დარწუნებულია, რომ მამა გიორგი დამნაშავე არ არის.
პატრიარქი დარწმუნებულია მამა გიორგის უდანაშაულობაში, თუ ეჭვქვეშ აყენებს მისი უდანაშაულობის საკითხს?
- პატრიაქი დარწმუნებულია, რომ მამა გიორგი დამნაშავე არ არის და, რომ მამა გიორგის სახელით ხდება საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია. მისი სურვილია გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც ამის უკან დგანან. აქედან გამომდინარე, მე ვუთხარი პატრიაქრის, რომ სწორედ ამიტომ გვინდოდა ჩვენ ადვოკატების შემოყვანა, მაგრამ ამ დროს მეუფე იაკობმა შემაწყვეტინა საუბარი და მითხრა, რომ აქ სასამართლო არ არის და სასამართლო პროცესს ვერ მოვაწყობთო, რაზეც მე ვუთხარი - როდესაც პროკურატურა და მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ, მაშინ სასამართლო იყო აქ, თუ საპატრიარქო-თქო? ამაზე პასუხი ვერ გამცა. ამ დროს მამა დავით ჭინჭარაულმა ახალი თემა ჩააგდო.
ცდილობდნენ, რომ ის ინფორმაცია, რასაც პატრიარქს ვაწვდიდით და რაც მათთვის მიუღებელი იყო, არ გაგვეხმოვანებინა. მამა დავით ჭინჭარაული რომელიც ზურგს უკან მედგა, მხარზე ხელს მადებდა და ამ გზით ცდილობდა ჩემს გაჩუმებას, ცდილობდნენ, რომ თავისი ვერსიებით შემოფარგლულიყვნენ. პატრიარქის საუბრის შეწყვეტასაც ცდილობდნენ, სიტყვას აწყვეტინებდნენ, რაზეც მივუთითე - საუბარი გვადროვეთ, რადგან დიდი ხანი ველოდებოდით პატრიარქთან შეხვედრას და არა მამა დავით ჭინჭარაულთან პოლემიკას-თქო.
ამიტომ, მივმართე უწმინდესს, რომ გთხოვთ გააჩუმოთ და როდესაც დავასრულებ საუბარს, მაშინ თქვან საკუთარი პოზიცია-თქო. ამის მიუხედავად, მამა დავით ჭინჭარაული მაინც აგრძელებდა საუბარში ჩაჭრას. როდესაც პატრიარქს დეტალურად ვაწვდიდი ინფორმაციას, გაკვირვებული სახით მიყურებდა, რითაც დავრწმუნდი, რომ მის უწმინდესობას ინფორმაციას არ აწვდიან.
რითი ადასტურებთ, რომ პატრიარქს ინფორმაციას არ აწვდიან, ამის რა მტკიცებულება გაქვთ, გარდა იმისა, რომ გაკვირვებული სახით გიყურებდათ?
- მე არ ვიტყუები, ტყუილი არ მჭირდება, რადგან ვიცი, რომ მამაო არის უდანაშულო და ამაში პატრიაქრიც დარწმუნებულია. პატრიარქმა ჩემი ერთ-ერთი განცხადება შემახსენა, რომელიც გაზეთ„ასავალ-დასავალში“ დაიბეჭდა. არც ერთი სხვა განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც მეუფე იაკობს და შორენა თეთრუაშვილს ვადანაშაულებდი ამ საქმის ორგანიზებაში, არც ერთი შეკითხვა არ ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ პატრიარქი ამ ინფორმაციას არ ფლობს. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ საქართველოს პატრიარქი ჰყავთ სრულ იზოლაციაში, აწვდიან იმ ინფორმაციას, რომელიც მათ აწყობთ.
ჩვენი ოჯახის უმთავრესი მოთხოვნა იყო, რომ პატრიარქს დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, რაზეც პატრიარქმა ბრძანა - „მე, ისევ და ისევ იმ პოზიციაზე ვარ, რომ მამა გიორგისგან ცუდი არასოდეს არ გამიგია, ეს არის საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ გზა და ვილოცოთ ერთად, რომ გამოვლინდნენ ყველა ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის უკან დგანან და ცდილობენ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი დახიონ უკან“, - ასე ბრძანა პატრიაქრმა, ეს საუბარი იწერებოდა და შეუძლიათ გაასაჯაროვონ. დარწმუნდება ყველა, რომ სიმართლეს ვამბობ. უწმინდესს არ უთქვამს, ვილოცოთ იმისთვის, რომ მამა გიორგის დანაშაული ან უდანაშაულობა არ გამოვლინდესო, არამედ გამოვლინდეს ის, ვინც ამის უკან დგას და ცდილობს საქართველოს ეკლესიის დისკრედიატაციასო.
ანუ, პატრიაქი დგას თქვენს პოზიციაზე?
- პატრიაქრი დგას სიმართლის პოზიციაზე, პატრიარქი არის ბრძენი ადამიანი. მიუხედავად იმისა, აწვდიან თუ არა ინფორმაციას, პატრიარქრი გრძნობს ყველაფერს და იცის სიმართლე.
პატრიაქრი რამდენად იყო ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ მამა გიორგი დაკავების დღიდან ითხოვს ზიარებას და ვერ მოხერხდა?
- არა, არ იციოდა. მე ვუთხარი უწმინდესს, რომ ოთხი თვეა პატიმრობაში მყოფი დეკანოზი ითხოვს ზიარებას, მიუხედავად ამხელა განსაცდელისა, მას ზიარების უფლებას არ აძლევენ-თქო, რაზეც გაკვირვეული შემომხედა, აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ისევ ჩაერია მამა დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერს მიუთითა. ისევ მხარზე დამადო ხელი და მითხრა, რომ თორნიკე გუშინწინ პატრიარქმა კურთხევა მოგვცა, ხვალ ან ზეგ ვაპირებთ ზიარებასო.
ამაზე ვუპასუხე - აქამდე რატომ არ აზიარეთ ამხელა განსაცდელში მყოფი დეკანოზი, სანამ ჩვენ არ მოვითხოვეთ-თქო, მაგრამ პასუხი არ გამცა. კიდევ ვიმეორებ, რომ პატრიარქს არ აცდინდნენ საუბარს, ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა, მაქსიმალურად შევეცადეთ ყველა ინფორმაცია მიგვეწოდებინა უწმინდესისთვის. მთავარია, რომ პატრიარქი არის სიმართლის მხარეს და სურს, რომ გამოვლინდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საქმის უკან დგას.
ამ შეხვედრას თუ ესწრებოდა შორენა თეთრუაშვილი, ვისი მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული დეკანოზი?
- არა. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე იაკობი, დავით ჭინჭარაული, მიქაელ ბოტკოველი, კახაბერ გოგოტიშვილი და რამოდენიმე დაცვის წევრი. პატრიარქისთვის ვცდილობდი რაღაცის თქმას, რაც ვერ გაიგო და მითხრა, რომ გამიმეორეო. ამიტომ ვითხოვე ახლოს მისვალა, მაგრამ უწმინდესთან ახლოს არ მიმიშვეს, ხანში შესულია და დაიღალაო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მათი სურვილი არ არის გაირკვეს სიმართლე და გამოაშკარავდნენ ისინი, ვინც ამ საქმის უკან დგანან, სწორედ ამიტომ გაჭიანურდა ჩვენი შეხვერდა უწმინდესთან და ამიტომ დაიბლოკა ადვოკატების შესვლაც.
კონკრეტულად, ვინ გიშლიდათ უწმინდესთან კომუნიკაციას?
- განსაკუთრებით დავით ჭინჭარაული და მეუფე იაკობი ცდილობდნენ გაჩუმებას. დავით ჭინჭარაული ფეხზე იდგა, ზუსტად ჩემს უკან დგებოდა, ხელს მადებდა მხარზე და ცდილობდა, საუბარი შეეწყვეტინებინა, ის ერეოდა ყოველ ჩემს მიმართვაში პატრიარქისადმი. ბოლოს, უკვე მეუფე იაკობი ცდილობდა თემაში ჩართულიყო და ჩვენი ოჯახის პოზიცია არ დაფიქსირებულიყო მაქსიმალურად.
***
ბრალდებული დეკანოზის ოჯახის წევრების ბრალდებას არ ადასტურებს არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, არქიმანდრიტი უარყოფს, რომ მას პატრიარქთან შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების მიმართ კითხვები ჰქონდა. მისი თქმით, ერთადერთი, რაზეც იგი შეხვედრის დროს საუბრობდა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ზიარების საკითხი იყო.
„არავითარი კითხვები არ მქონია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საუბარი შეეხო მამა გიორგის მონახულებას და მისმა უწმინდესობამ დაგვავალა მე და მამა კახაბერ გოგოტიშვილს, რომ მოვინახულოთ მამა გიორგი ციხეში. სწორედ ეს ვუთხარით მამა გიორგის ძმას, თორნიკეს - მე და მამა კახაბერს დაგვავალა მისმა უწმინდესობამ, მოვინახულოთ ეს ადამიანი ციხეში. ეს იყო და ეს. სხვა საუბარი იქ არ ყოფილა“, - განაცხადა არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა.
თორნიკე მამალაძის ბრალდებას არ იზიარებს არც პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საპატრიარქო მზად არის პატრიარქისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის სრული ჩანაწერი გამოაქვეყნოს. მისივე თქმით, ოჯახი დარწმუნდა, რომ პატრიარქი ძალიან კარგად ერკვევა დეტალებშიც, ნიუანსებიც კი იცის.
„აქედან გამომდინარე, მისმა უწმინდესობამ სამართლიანად ბრძანა, რომ ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების შედეგი რაც იქნება, ის უნდა იყოს მისაღები. რაც შეეხება თორნიკე მამალაძის განცხადებას, თითქოს მას საუბარს აწყვეტინებდნენ, მამა დავით ჭინჭარაულმა რამდენჯერმე ითხოვა სიტყვა და თქვა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს გიორგი მამალაძესთან შეხვედრას. ეს იყო მამა დავით ჭინჭარაულის იქ გამოჩენის მიზეზი.
შეხვედრას ესწრებოდა კათოლიკოს-პატრიარქის ქორესპისკოპოსი მეუფე იაკობი, რომელსაც საერთოდ არაფერი უთქვამს. მამალაძე მასაც ახსენებდა, თითქოს ერეოდა საუბარში. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ერთი და იგივე ფაქტის მომსწრე ორი ადამიანი ყოველთვის სხვადასხვაგვარად გამოიტანს ინფორმაციას. ეს მათი ინტერპრეტაციებია და ამიტომაც ხდებოდა საუბრის ჩაწერა. თუ ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ ამ შეხვედრის სრულ ქრონომეტრაჟს გამოვაქვეყნებთ და თავად დარწმუნდებით, როგორ კარგად ერკვევა მისი უწმინდესობა სიტუაციაში“, - აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა.