თბილისის ცენტრში „ზედმეტი ხალხი“ ცხოვრობს

თბილისის ცენტრში „ზედმეტი ხალხი“ ცხოვრობს

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში დასაშვებ რაოდენობაზე მეტი ხალხი ცხოვრობს. ეს იწვევს საცხოვრებელი პირობების გაუარესებას, ეკოლოგიურ და ყოფითი პრობლემებს.

თბილისში, კოსტავას გამზირსა და ბახტრიონის ქუჩაზე მოსახლეობის სიმჭიდროვე დასაშვებ ნორმაზე ორჯერ მეტია. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესში, საცხოვრებელი განაშენიანების ნორმატიულ დასაშვებ სიმჭიდროვედ განისაზღვრა 397 მოსახლე 1 ჰექტარზე. კოსტავასა და ბახტრიონზე ეს მაჩვენებელი 1 ჰექტარზე 800 მოსახლეს აღემატება.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მონაცემებით, ნორმატივზე მაღალი სიმჭიდროვე ფიქსირდება დიდუბეში (671 მოსახლე 1 ჰექტარზე), ვერაზე (578), ვარკეთილში (549), ქვემო ჩუღურეთში (484), ვაზისუბანსა და მერვე ლეგიონში (457), ვაკესა და ბაგებში (435), ვაჟა-ფშაველას კვარტლებში (425) და დიღმის მასივში (421).

თბილისის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის თანახელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ცენტრალურ უბნებში წლების განმავლობაში მშენებლობისას კოეფიციენტების მომატება ხდებოდა. შედეგად, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემო უარესდება და ამ უბნებში, სავარაუდოდ, უძრავი ქონების ფასი მალე შემცირდება. ამის მიზეზი ის არის, რომ გადატვირთულ უბნებში ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი ხდება. ხალხი უკვე მუდმივად უჩივის სხვადასხვა სახის პრობლემებს.

შესაბამისად, ბოლო წლებში დატვირთული მოძრაობის, დაბინძურებული ჰაერისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადადის.

უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში თბილისის შემოგარენში სახლის და მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა

„საქართველოს რეალტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თენგიზ გადელიას განცხადებით, საკმაოდ მოთხოვნადია საგურამო, კიკეთი, წყნეთის მიმართულებები. ამის მიზეზი კი რამდენიმეა - პირველი, დედაქალაქთან სიახლოვე, მეორე - გასული წლებისგან განსხვავებით დასახელებული ადგილების ინფრასტრუქტურულად განვითარება და მესამე – ეკოლოგიური სისუფთავე.

გადელიას განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, 2017 წელს თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე ტრანზაქციები მომატებულია.

„ზრდის მაჩვენებელი თბილისელებზე მოდის. ვინც მართლა თბილისელია, მას ყელში აქვს ამოსული ხმაური, ბევრი ავტომანქანა. დედაქალაქის შემოგარენში უძრავი ქონების შესყიდვით, ძირითდად, ეს სეგმენტი ინტერესდება“, - აცხადებს „ბიპიაისთან“ საუბრისას გადელია და დასძენს, რომ ადამიანები თბილისის შემოგარენში ქონებას ხშირ შემთხვევაში აგარაკებისთვის ყიდულობენ.

რეალტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი პროგნოზსაც აკეთებს და აცხადებს, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ თბილისის ცენტრალურ უბნებში კიდევ უფრო გადაიტვირთა მშენებლობები და ქალაქი მანქანებისგან არ განიტვირთება.

ჯანდაცვის მსოფლიოში ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე ყოველი 10 ადამიანიდან 9 იმ გარემოში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება. ჰაერის დაბინძურება პრობლემაა საქართველოშიც, განსაკუთრებით დედაქალაქში, რის შედეგადაც ყოველწლიურად დაავადებების რიცხვი კატასტროფულად მატულობს. ამიტომ ეკოლოგების თქმით, თბილისში ცხოვრებას ქალაქგარეთ გადასახლება სჯობს.