„მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“ მთელი საქართველო მოიცვა

„მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“ მთელი საქართველო მოიცვა

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში სტარტი აიღო „მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას.

საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენად, რომელსაც ჯილდოს სახით ათი ათასი ლარი გადაეცემა, საქართველოს რეგიონებში უკვე იმართება შეხვედრები. თავის მხრივ, არც პედაგოგები პასიურობენ და კონკურსის პირობებს ეცნობიან. უკვე 700-ზე მეტ პედაგოგთან გაიმართა შეხვედრა, რაც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მიმართ მაღალ ინტერესზე მეტყველებს.

პედაგოგთა აქტიურობა გასაკვირი არაა, რადგან „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფარგლებში დაწესებული ასეთი მასშტაბის კონკურსი პირველად ტარდება საქართველოში. ეს გახლავთ კოალიციის - „განათლება ყველასათვის“ ინიციატივა. ამ ინიციატივას თავიდანვე მხარი დაუჭირა და თანაორგანიზატორი გახდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი. გარდა ამისა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

კოალიცია „განათლება ყველასათვის“ თავმჯდომარე ირინე ხანთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათი მიზანია, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არ იყოს ერთჯერადი ღონისძიება და 2017 წლის შემდეგაც გაგრძელდეს. დღევანდელი მონაცემით, უკვე 450-ზე მეტ პედაგოგს აქვს რეგისტრაცია გავლილი და ყოველდღიურად იცვლება ეს მონაცემები. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ღონისძიება პირველად ტარდება, კონკურსის ორგანიზატორები რეგისტრირებულ პედაგოგთა რაოდენობით კმაყოფილნი არიან.

„კონკურსი 31 მაისს გამოცხადდა, კონკურსში ჩართვით დაინტერესებულ პედაგოგებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე www.tprize.ge და ელექტრონულად შეავსონ აპლიკაცია. კონკურსში მონაწილეობისთვის, მათ არანაირი განსაკუთრებული წინაპირობა არ სჭირდებათ. მნიშვნელობა არ აქვს მასწავლებლის სტაჟს, გამოცდილებას თუ სტატუსს. ფაქტობრივად, ყველა მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო თუ კერძო ავტორიზებულ სასწავლებელში ასწავლის და თვლის, რომ დაგროვილი აქვს იმდენი გამოცდილება და მიღწევები, რომ ჩაერთოს კონკურსში და დააკმაყოფილოს ჩვენს მიერ წაყენებული კრიტერიუმები, შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესში“, - აცხადებს ირინე ხანთაძე.

მთლიანობაში, აპლიკაციაში 15 შეკითხვაა. აქედან შეკითხვების ნახევარი აღწერითი ხასიათისაა, სადაც პედაგოგმა უნდა მოახდინოს საკუთარი გამოცდილების ანალიზი და დემონსტრირება. კითხვების მეორე ნაწილი კი უფრო საინფორმაციო მონაცემებს მოიცავს თავად აპლიკანტთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი შეკითხვა ეხება მოსწავლეთა სასწავლო შედეგებისა და მიღწევების დინამიკას, რომელიც და კრიტერიუმი გახლავთ, რომ პედაგოგმა აპლიკაციაში უნდა მიუთითოს, ასევე, განმარტოს, თუ როგორ ეხმარება მოსწავლეებს ამ წარმატების მიღწევაში. საინტერესოა ისიც, თუ როგორ წარმართავს პედაგოგი სასწავლო პროცესს და რამდენად იყენებს ინოვაციურ მიდგომებს.

„რეგისტრირებული 450-ზე მეტი პედაგოგიდან ასზე მეტი აქტიურად მუშაობს აპლიკაციაში. ეს აშკარად ჩანს კომპიუტერულ სისტემაში. თუმცა მათ აპლიკაციებს ჯერ ვერ ვხედავთ. როგორც კი ისინი დასრულების ღილაკს დააჭერენ თითს, უკვე სისტემაშიც ხილვადი გახდება მათი აპლიკაციები. 14 ივლისს ჩვენ გვეცოდინება ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი რეგსიტრირებული გვეყოლება“, - აღნიშნა კოალიცია „განათლება ყველასათვის“ თავმჯდომარემ.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. თავდაპირველად გამოარჩევენ საუკეთესო ათეულს. მათთან გასაუბრების შემდეგ კი გამოვლინდება საუკეთესო ფინალისტი ხუთი პედაგოგი. ხუთეულის საქმიანობა ადგილზე გადამოწმდება და სექტემბრის მეორე ნახევარში ამ ფინალისტი ხუთი აპლიკანტისგან ჟიური შეარჩევს ერთ გამარჯვებულს, რომლის ვინაობაც 5 ოქტომბერს საზეიმო ცერემონიალზე გამჟღავნდება. გამარჯვებულს ერგება მთავარი ჯილდო ათი ათასი ლარის ოდენობით. დანარჩენი ოთხი ფინალისტი კი სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდება. მთლიანობაში, ხუთივე ფინალისტს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტის დამადასტურებელი სამკერდე ნიშანი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გლობალური კამპანიის „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია. სწორედ საერთაშორისო მეთოდოლოგიური მხარდაჭერით სარგებლობს ეს კონკურსიც, თუმცა, მისმა ქართველმა ორგანიზატორებმა ქართულ სინამდვილესთან მისი ადაპტაცია მოახდინეს.

რაც შეეხება ჟიურის რეპუტაციას, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ჟიურიში 18 ადამიანია, რომელთა სანდოობაც ჩვენს საზოგადოებაში მაღალია და, რომელთა ვინაობაც კონკურსის ვებ-გვერდზე საჯაროა. ჟიურის წევრთა უმრავლესობა განათლების, პოლიტიკის ან საზოგადოებრივ საქმიანობაში გამოცდილების მქონეა. მათ შორის, ჟიურიში არიან მასწავლებელთა პროფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიძე, განათლების სპეციალისტი გია მურღულია, ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი, განათლების მკვლევარი, დოქტორი სიმონ ჯანაშია, მედიის წარმომადგენელი ნინო ზაუტაშვილი და სხვები.

„ჟიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მაღალი სტანდარტით იმოქმედებს. სხვათა შორის, ჩვენ ეთიკური ქცევის კოდექსიც შევიმუშავეთ, რომელსაც ჟიურის ყველა წევრი ხელის მოწერით დაადასტურებს. მინდა, ქალბატონ ინა გუდავაძე-პატარაკაციშვილს მადლობა გადავუხადო, რომ მან გაიზიარა ჩვენი ჯილდოს პათოსი და ძირითადი ჯილდო სწორედ მისი დახმარებით გაიცემა. ასევე, მადლიერნი ვართ ტელეკომპანია „იმედის“, რომელიც ამ პროექტის მედიამხარდამჭერია და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“. მოხარულნი ვიქნებით, თუ პროცესში სხვა ორგანიზაციებიც, პიროვნებებიც ჩაერთვებიან და მხარდაჭერას გამოგვიცხადებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდამჭერთა ქსელი გაფართოვდეს და მასშტაბური გახდეს ეს კამპანიაც და კონკურსიც“, - აღნიშნა ირინე ხანთაძემ და იმ სკეპტიკოსებსაც უპასუხა, რომლებსაც წინასწარ უჩნდებათ კითხვები კონკურსის ობიექტურობის შესახებ.

მისივე თქმით, სკეპტიკური კითხვების გაჩენა პრობლემა არ არის, რადგან შეიძლება, ადამიანი ყველაფერს კრიტიკულად მიუდგეს. თუმცა გაისმის სხვაგვარი მოსაზრებებიც, ჯილდოს გაცემას ხომ არ სჯობდა სხვანაირი მხარდაჭერის გამოცხადება პედაგოგებისთვის პირდაპირი დახმარების სახით. თუმცა ირინე ხანთაძე ყველა დაეჭვებულს აიმედებს, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და, მათივე ინიციატივით, საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი აუდიტი. შესაბამისად, კონკურსის სამართლიანად წარმართვაში საზოგადოებაც დარწმუნდება.