მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებმა ქვეყანაში შფოთი შემოიტანა, უწმინდესმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას კონსტიტუციური მონარქიის სიკეთის შესახებ და საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში.
„საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ, გვეფიქრა, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ, გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირია შემთხვევა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში“, - აღნიშნა პატრიარქმა და განმარტა, რომ კონსტიტუციური მონარქიის დამყარება დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული და მომავალი.
უწმინდესის სიტყვებმა გავლენა მოახდინა მმართველ გუნდზე, სადაც არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდეს.
კონსტიტუციური მონარქიის ეფექტის შესახებ For.ge ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს ესაუბრა.
გიორგი ოთხმეზური: ძალიან საინტერესო იდეაა. ჩვენს ქვეყანაში მეფე ყოველთვის იყო ქვეყნის ერთიანობის, მთლიანობის, დამოუკიდებლობის სიმბოლო. ბაგრატიონები მუდამ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. წარმოიდგინეთ, ბაგრატიონთა 1300-წლოვანი მმართველობის ხანაში ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, არაბაგრატიონს დაეკავებინოს ტახტი ან ამის მცდელობა ჰქონოდეს. ერთადერთი გამონაკლისი იყო მე-17-18 საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის სამეფოში, როდესაც საშინელი ანარქია მეფობდა. ტრადიციულად, ჩვენი მეფეები ისე იყვნენ აღზრდილნი, მათთვის ქვეყნისთვის თავდადება ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. ამისთვის მარტო დემეტრე თავდადებულის სიტყვები კმარა. მე-14 საუკუნის ქართველ ისტორიკოსთან, „ჟამთააღმწერელთან“ სწორედ ეს სიტყვებია მოტანილი. როდესაც დარბაზი ურჩევს მეფეს, არ წავიდეს ურდოში, რადგან იქ აუცილებლად სიკვდილით დაისჯება, დემეტრე თავდადებული ამბობს, მე კი გადავირჩენ ჩემს თავს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამით რამდენი სული ქრისტიანი დაიხოცება, რამდენ ეკლესია-მონასტერს წაგვიბილწავენ და მე ასეთმა ტვირთმძიმემ როგორ ვიცხოვრო და როგორ ვიარო ამ ქვეყანაზეო.
როდესაც დიდგორის ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელმა უკან დასახევი გზა ჩახერგა და ან გამარჯვება, ან სიკვდილი, სხვა გზა აღარ დაუტოვა თავის ჯარს, თვითონაც იმ ჯართან ერთად იდგა და იმ ბრძოლის სათავეში გვევლინებოდა. ერწუხის ბრძოლაში დავითი წინ მიუძღოდა ჯარს. ბრძოლის ველზე არიან დაცემულნი ქართველი მეფეები, ლუარსაბ პირველი მტერთან ბრძოლას შეეწირა, სიმონ პირველი კი ორჯერ ჩავარდა ტყვედ სწორედ ბრძოლების დროს. ასეთივე თავდადების მაგალითები გრძელდებოდა თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის მეფობის პერიოდშიც. იმხანად ჩრდილო კავკასიიდან ჩერქეზთა დაქირავება გახდა საჭირო, რადგან დაქირავებული ჯარის დახმარება გვესაჭიროებოდა, ქვეყნის ხაზინა ცარიელი იყო და თეიმურაზ მეორემ და ერეკლე მეორემ პირადი ნივთები გაიტანეს, ოქროსა და ვერცხლის ნივთები გადაადნეს, იქიდან მონეტები ჩამოასხეს და ამ ფულით დაიქირავეს ჩერქეზთა ჯარი. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ ერეკლე მეორე თელავის სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად, რათა მისი და მისი ოჯახის შენახვა მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა ქვეყანას. ასე რომ, ეს ტრადიცია არსებობს საქართველოში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წყვეტილია 1801 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, 200-წლოვანი წყვეტილია, მაგრამ ეს იდეა ძალიან კარგი და საინტერესოა.
ამ იდეის მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი არგუმენტია, რომ საქართველოს სამეფო ოჯახის შენახვა ძვირი დაუჯდება. სკეპტიკოსები ხშირად ინგლისის მაგალითს იშველიებენ, რომელსაც სამეფო ოჯახის შენახვა იაფი არ გამოსდის, თუმცა ინგლისში სამეფო ინსტიტუტის შენარჩუნებას ტურისტული დატვირთვაც აქვს, რათა ბუკინგემის სასახლის სანახავად ჩასული ტურისტებისგან ამოქაჩონ ბრიტანეთის მონარქის შენახვისთვის გაღებული თანხები.
- ინგლისს, ჰოლანდიასა და დანიას ნუ შევედრებით. თუ იქ სამეფო ოჯახის შენახვა ძვირი ჯდება, იქაური მოქალაქეების შენახვაც სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ძვირადღირებულია. იქაური ხელფასების შედარება შეიძლება საქართველოს ხელფასებთან? ამიტომ შეფარდებითია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ისეთ დანახარჯს ვერ გაიღებს სამეფო ოჯახის შენახვისთვის, როგორც ამას იხდის ინგლისი და ჰოლანდია.
თქვენი განმარტებით, ისე იყვნენ აღზრდილები ჩვენი უფლისწულები, რომ საქართველოსთვის თავის გაწირვას არ ერიდებოდნენ. აღარაფერს ვამბობთ გიორგი ჭყონდიდელის როლზე დავით აღმაშენებლის აღზრდის საქმეში, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია თავად დავით აღმაშენებელს. საინტერესოა, ვინ უნდა აღზარდოს მეფის შვილები? ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით მუხრან-ბატონის ჯვრისწერაზე დიდ იმედს ამყარებდნენ, ფიქრობდნენ, რომ მათ შთამომავალს ეკლესია ქართული ტრადიციისამებრ აღზრდიდა. დღეს ვინ უნდა აღზარდოს სამეფო კადრი? მით უმეტეს, რომ ცილობაა აღმოსავლელ და დასავლელ ბაგრატიონებს შორის.
- ცილობა იმერელ და ქართლ-კახეთის ბაგრატიონებს შორის არსებობს, მაგრამ ქართლ-კახეთის ბაგრატიონები არიან ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის უკანასკნელი მეფის - გიორგი მეფის უშუალო შთამომავლები. კანონიერად რომ მივუდგეთ, ტახტი სწორედ მათ ეკუთვნით. რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ამაზე ატეხილი? ამით ხომ წმინდა პარტიული, პოლიტიკური ქულების დაწერა მიმდინარეობს? სამეფო კანდიდატურა, ვინც შეიძლება მოიაზრებოდეს მეფედ, ხალხისთვის მისაღები უნდა იყოს. 15-20 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ ის პიროვნება, ვისზეც საუბარია და, ვინც ამ ქორწინების შემდეგ გაჩნდა, გაიზარდოს და წარმოვიდგინოთ მომავალში, როგორც საქართველოს მეფე. რა თქმა უნდა, ის უნდა გაიზარდოს ქართული ეროვნული ტრადიციით, ქრისტიანული მორალით.
მე პირადად მგონია, რომ ნეიტრალური არბიტრის როლს, რაც დღეს ჩვენს პრეზიდენტს აკისრია, უფრო კარგად მეფე შეასრულებს. ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ის მაინც რომელიმე პარტიის მიმართ კეთილგანწყობილებას გამოავლენს. თუ რომელიღაც პარტიის წევრი არ იქნება, ამა თუ იმ პარტიასთან აუცილებლად იქნება დაკავშირებული. მეფე კი ასეთი ტენდენციებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
იმის წინაპირობას ხედავთ, რომ მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, აფხაზებთან და ოსებთან დამოკიდებულება შეიცვლება და პოზიტივის მომტანი იქნება?
- რთული სათქმელია, რა იქნება 15 და 20 წლის შემდეგ. ეჭვი მეპარება, რომ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენამ შეძლოს აფხაზებთან და ოსებთან ასე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამოსწორება. თუმცა, რაც დღეს ჯდება პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ყველაფერს თავი დავანებოთ, წარმოიდგინეთ, მარტო იმხელა სასახლის შენახვა რა ჯდება? სწორედ დღეს ვუსმენდი, ტელევიზიით გამოვიდა პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილი და ამაში რუსული კვალი დაინახა. რა შუაშია აქ რუსეთი? თუ პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ არის, რა შუაშია ბაგრატიონების სტატუსის აღდგენა ან კონსტიტუციური მონარქია რუსეთთან? ან რა გავლენა შეიძლება ამით მოიპოვოს რუსეთმა? სხვათა შორის, ასეთი „არგუმენტიც“ წამოაყენეს, რა პასუხს ვცემთ ვენეციის კომისიას, რომელსაც ახლა მივაწოდეთ ჩვენი კონსტუტუციის პროექტი და ამის დამტკიცება ახლა მიმდინარეობსო. სინამდვილეში, არაფრის დამტკიცება და რაღაცის ახსნა-განმარტება არც ვენეციის კომისიასთან არ გვჭირდება, რადგან მონარქიის საკითხი შეიძლება დადგეს, ყველაზე ადრე, მხოლოდ 15 წლის შემდეგ. მანამდე, რაც მთავარია, კარგად უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას საქართველოს ისტორია, რათა კარგად გააცნობიერონ, ვინ იყვნენ საქართველოს მეფეები და რა ღვაწლი მიუძღვით მათ საქართველოს ისტორიაში.
ეს უნდა იყოს დუალისტური მონარქია, სადაც ძალაუფლების გადანაწილება მოხდება მონარქსა და პარლამენტს შორის მონარქიის სასარგებლოდ და არა -აბსოლუტური მონარქია?
- რა თქმა უნდა, ეს იქნება კონსტიტუციური მონარქია. ინგლისის მონარქი არ მართავს ქვეყანას და არ ერევა პარლამენტის საქმეებში. ხშირად ქართველი ბაგრატიონების სახელს ბიბლიურ დავით წინასწარმეტყველს უკავშირებენ. ჩვენ, ქართველები, ამ მიწის უძველესი მკვიდრნი ვართ და ეს ყველანაირად, მათ შორის, არქეოლოგორი მონაპოვრითაც დასტურდება. ნათესაური კავშირები თუ სხვა კონტაქტები ჩვენს წინაპრებს აღმოსავლურ სამყაროსთან ნამდვილად ჰქონდათ. თუმცა ის, რომ სოლომონ ბრძენის და დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან ბაგრატიონები, ეს უფრო თეორიაა და ეს თეორია არ შექმნილა გუშინ და გუშინწინ. ცხადია, ამის მატერიალური დასაბუთება არ არსებობს, რადგან 25 საუკუნის წინ რომელი საგვარეულო საიდან წამოვიდა და სად დასახლდა, ამის გარკვევა შეუძლებელია.