მაღალი დოლარიზაციის ფონზე საქართველოში მოდურად იქცა ლარიზაციაზე საუბარი. როგორც ჩანს, ლარიზაციის პროცესის დაწყება შორეული პერსპეტივა არ არის, რადგან 1-ლი ივლისიდან ქართული ბიზნესი ადგილობრივ ვალუტაზე უნდა გადაერთოს და მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ ლარში შესთავაზოს. ამ მოთხოვნის დამრღვევ კომპანიას 5 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრება.
ლარიზაციის აუცილებლობას არავინ უარყოფს, თუმცა საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება ადგილობრივი წარმოების განვითარება, რაც საშუალებას არ იძლევა, რომ ლარი ერთადერთი გაცვლითი საშუალება იყოს და ქართულ კომპანიებს დოლარში პროდუქციის შეძენა აღარ მოუწიოთ.
ლარიზაციის პროცესის შესახებ For.ge ექსპერტ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მყარი ვალუტის შექმნა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქართველების ოცნებაა, მაინც ნაადრევად ხომ არ გეჩვენებათ ლარიზაციის პროცესის დაწყება და ხომ არ ჯობდა ჯერ ადგილობრივი წარმოების განვითარება?
- ვფიქრობ, ლარიზაცია დაგვიანებულიცაა. ვიდრე ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრები, ევროზონაში არ ვართ შესულნი და საამისო ეტაპები არ გვაქვს გავლილი, ვიდრე ჩვენ უცხოურ ვალუტებზე გადასვლის ლიბერტარიანულ ხედვებს არ ვიზიარებთ, რომლის მიხედვითაც, თურმე ჩვენი ვალუტა არ გვჭირდება და რომელიმე უცხოური ვალუტა შეიძლება იქნეს გამოყენებული ჩვენს ქვეყანაში, მანამდე, რა თქმა უნდა, ლარმა უნდა შეასრულოს მიმოქცევაში მყოფი ერთადერთი ვალუტის როლი. მას შემდეგ, რაც ლარი შემოვიდა, სხვადასხვა ზომით, დოზითა და ასპექტით ეს პრობლემა ყოველთვის იდგა. თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ შეიმუშავა გარკვეული ღონისძიებები ლარის რეალურ ვალუტად გადაქცევისთვის, რაც დაგვიანებული და აუცილებელიცაა.
სხვაგვარად ფიქრობენ თუნდაც სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები. ისინი სამშენებლო პროდუქციას დოლარში ყიდულობენ და რამდენჯერმე უწევთ ვალუტის კონვერტაცია. დეველოპერების აზრით, ლარის გასამყარებლად სწრაფვა კარგია, მაგრამ ეს ცვლილებები ფინანსურ ოპერაციებს გააძვირებს.
- თუ ამით გარკვეულ ბიზნესს პრობლემები შეექმნება, ეს მთავრობასთან კონსულტაციების მეშვეობით უნდა განიხილონ. ცალკეული გამონაკლისები შეიძლება იყოს დაშვებული. თუმცა იმაზე ფიქრი, რომ ჯერ განვითარდეს ადგილობრივი წარმოება, ჩვენი ეკონომიკა და მერე მოვახდინოთ ლარიზაცია, ასეთი ვარჯიშები არაფერს მოგვცემს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ლარიზაციის განსახორციელებლად, რაგინდ სირთულეებიც არ უნდა ახლდეს ამ პროცესს და როგორი შეფერხებებიც არ უნდა იყოს. გარკვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, თურმე ჩვენ გვინდოდა მოქალაქეებს ლარში გადაეტანათ უცხოურ ვალუტაში არსებული თავიანთი სესხები, მაგრამ ამან ენთუზიაზმი ვერ გამოიწვია, რადგან ხალხიც მიეჩვია ანგარიშს, ბევრს არაფერ სასიკეთოს არ აძლევდა მათ ამგვარი გადატანა და არანაირი გარანტიები სიმყარისა არ იყო.
ამ ეტაპზე ჩვენ ასოცირების შეთანხმებას ვახორციელებთ და ევროკავშირთან თავსებად ეკონომიკას ვაშენებთ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა და მანამდე ლარიზაცია სწორი გადაწყვეტილებაა, რაც მოიწონა ჩვენმა პარტნიორმა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის წარმომადგენლობაც თბილისში სააკაშვილის მმართველობის დროს, ფაქტობრივად, ფორმალურად არსებობდა. მათ მიხეილ სააკაშვილი არაფერს ეკითხებოდა, ასეთი დამოკიდებულება ახლა არ არის. ახლა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ხელმძღვანელი და ჩვენი ეკონომიკის მესვეურები სავალუტო ფონდთან ათანხმებენ ყველა მნიშვნელოვან ინიციატივას და ამ ინიციატივასაც სავალუტო ფონდი მხარს უჭერს. საბოლოო ჯამში, რამდენად შედეგიანი იქნება ლარიზაციის ამოცანა, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჯერჯერობით ამ მიმართულებით სერიოზულ შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია.
ლარისადმი პატივისცემა რომ დაბრუნდეს, ლარმაც უნდა მოახერხოს ნდობის გაჩენა მოსახლეობაში. საინტერესოა, რომელს უფრო ემხრობით - თავიდან ბოლომდე ლარიზაციის პროცესის დაწყებას, თუ ნახევრად ოფიციალურ დოლარიზაციას, როცა უცხოურ ვალუტას ქვეყანაში მეორე ვალუტად იყენებენ? ან ვის აქვს გარანტია, რომ კერძო პირებს შორის გარიგების დროს ისინი დოლარში ან ევროში არ გაყიდიან ბინებსა და მანქანებს და ლარზე უარს არ იტყვიან?
- როგორც მოიქცევა ხელისუფლება, ისეთ ლარიზაციას მიიღებს ხალხიც. ეკონომიკურ პოლიტიკაში რა ადგილიც ექნება ლარს, ისეთი იქნება მოსახლეობის დამოკიდებულებაც ლარისადმი. ლარის შემოღების პერიოდიდან დღემდე გვახსოვს პერიოდები, როცა ლარის მიმართ ნდობა მაღალი იყო. ის ადამიანები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა, მთლიანად ლარზე გადავიდნენ, მაგრამ, როდესაც თანდათანობით ხელისუფლებამ სხვა აქცენტების გაკეთება დაიწყო და დოლარი სულ სხვა დოზით შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში, ხალხმაც პირი იბრუნა ადგილობრივი ვალუტისგან. ამის შემდეგ რამდენჯერმე მოხდა ლარის გაუფასურება ძირითადად უცხოურ ვალუტებთან მიმართებით. ამანაც ლარის ავტორიტეტსა და პერსპექტივაზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.
ჩვენ ახლა გვაქვს თავისუფალი მცურავი სავალუტო კურსი. რეალურად, ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს თავისუფალი მცურავი კურსი არსებითად რეგულირდება ადმინისტრირების მეშვეობით. ამის აღიარება ჩვენი საბანკო-საფინანსო და ეკონომიკური მიმართულების მესვეურებს ძალიან უჭირთ, მაგრამ ეს ასეა. ნებისმიერი გონიერი მოქალაქის თვალი შეამჩნევს, რომ სხვადასხვა ფაქტორითაა დარეგულირებული ლარის დღევანდელი კურსი. როდესაც ეს ხელისუფლება სათანადოდ მოიქცევა ლართან მიმართებით და ლარი გახდება სტაბილური ვალუტა, რომელიც ეფექტური იქნება მიმოქცევაში და ყოველდღიურ გამოყენებაში, მაშინ თანდათან შეიცვლება მისდამი დამოკიდებულება. ამას დიდი დრო არ სჭირდება. რადგან თავისუფალი ლარის სტატუსი, ანუ მცურავი კურსი რეალურად არ მოქმედებს და არსებითად არ ვართ მსოფლიო სავალუტო სივრცეზე დამოკიდებული, ასეთ დროს ადმინისტრირებას და რეგულირებას, თუნდაც ფარულს და არაფორმალურს, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.
ამიტომ ხელისუფლებასა და საფინანსო სფეროს ხელმძღვანელებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ ახლა ხალხს მოუწოდებ, არიქა, გადავიდეთ ლარში და ამ დროს შენ თვითონ ყველაფერი დოლარში გაქვს, მათ შორის, წილები კომპანიებიდან, ბიზნესებიდან, ლეგალური და არალეგალური შემოსავლიდან და დოლარში ანგარიშობ ყველაფერს, მაშინ მთლიანი ლარიზაციის სწორ კურსს არაფერი ეშველება. თუ გამონაკლისები იქნება არა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან, არამედ კლანების ინტერესებიდან გამომდინარე (როგორც ეს არის მიმალულ-მიჩქმალული ნაციონალებისდროინდელი კლანები და ახლანდელი ფარული კლანები), თუ მათ ინტერესებს დაექვემდებარება ყველაფერი, მაშინ არა მარტო ლარიზაცია, საერთოდ დამოუკიდებლობაც კარგავს აზრს.
ვიდრე ქვეყანას არ ექნება რეალურად გამართულად ფუნქციონირებადი ეკონომიკა, მანადე შვებას და აბსოლუტურ გამოსავალს ვერც ლარიზაცია მოგვცემს და ვერც საერთოდ უარის თქმა ლარზე. სხვათა შორის, ვერც დოლარზე ან წინასწარ ევროზე გადასვლა ვერ გვიშველის, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი გვირჩევს.
მართლაც, გაისმის მოწოდებები, რომ უშუალოდ მთავრობამ უნდა მისცეს ხალხს ლარის სრულფასოვანი გამოყენების მაგალითი. მთავრობის წევრებმა დანაზოგები ლარში უნდა განახორციელონ, აღარაფერს ვამბობთ ლარის დანარჩენ ორ ფუნქციაზე, როგორიცაა გაცვლითი და საზომი ფუნქცია. აქვს კი ჩვენს მთავრობას იმის მზაობა, რომ ეროვნულ ვალუტას ნაძალადევად არ დააკისროს ეს ფუნქციები?
- რა თქმა უნდა, ხალხის რწმენას არსებითად განაპირობებს ხელისუფლების დამოკიდებულება თავისივე ინიციატივებისადმი და პრაქტიკული მაგალითები, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. ჩვენს ხალხს აქვს რამდენიმე მძიმე გამოცდილება ჯერ საბჭოთა ანაბრების გაუფასურებისა და დაკარგვის, შემდეგ შევარდნაძის დროს მთავრობის მხრიდან მოწოდების, არიქა, შემოიტანეთ ფინანსები ბანკებში და სულ მალე უზარმაზარი პროცენტით დაგიბრუნებთო. სინამდვილეში, მოსახლეობა მოატყუეს. ამას დაემატება რამდენჯერმე ლარის კურსის სერიოზული გაუფასურება.
ლარის ბოლო გაუფასურების დროს ხალხმა ავტომატურად დაიწყო ლარში არსებული დანაზოგების დოლარში გადატანა. ხოლო, ვისაც მცირე დანაზოგი ჰქონდა, თუნდაც ჩემს დას, რომელიც რაიონში პედაგოგია, მათ თქვეს, ისეთი არაფერი მოხდება, არ გადავიტან ლარს დოლარში. მართლაც, ამ ადამიანებმა ცოტათი წააგეს, მაგრამ ეს პროცესი შეჩერდა, ახლა ლარი მყარდება და 2.40-ზე დაჭერა უჭირს ხელისუფლებას. ამიტომ ხელისუფლება დოლარის შესყიდვას სერიოზულად აწარმოებს. ასე რომ, ჩვენი ეკონომიკა უფრო ჯანსაღია, ვიდრე ჩვენი ეკონომიკის მამები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს. როცა თუნდაც ასე ცუდად რეგულირებადი ეკონომიკა გაქვს, ბუნებრივია, ის ფაქტორები, რომლებიც ღია ეკონომიკაში უნდა ფუნქციონირებდეს, უკანა პლანზე გადადის და ადმინისტრირებას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ლარიზაცია წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი, ეს დამოკიდებულია ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალასა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდზე.