„9 მონარქი რომ დასვა საქართველში, არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ვერ შეცვლის“

„9 მონარქი რომ დასვა საქართველში, არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ვერ შეცვლის“

საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების საკითხზე ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია საქართველოს პატრიარქის შეხვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის და უწმინდესის შეხვედრა საპატრიარქოში ნახევარი საათი გაგრძელდა. პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებების კონტექსტში საუბარი იყო პატრიარქის ინიციატივაზე საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, დეტალური საუბარი არ ყოფილა, მაგრამ გაიჟღერა თემამ კონსტიტუციური მონარქიის იდეასთან დაკავშირებითაც, რომელიც სამომავლოდ, ხელისუფლებას აქვს განზრახვა, რომ საზოგადოების ფართო მასების მსჯელობის საგნად აქციოს. პატრიარქის პოზიცია იყო ის, რაზეც ისაუბრა საკვირაო ქადაგებაში, რომ იმედით უყურებს მონარქიის თემას და ფიქრობს, რომ ის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში განსაკუთრებულ როლს შეიტანს, თუ, რა თქმა უნდა, ეს იდეა საზოგადოებისთვის მისაღები გახდება. ეს იყო ძალიან ზოგადი შეხვედრა და ზოგადი საუბარი“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით პატრიარქის დამოკიდებულება პატივისცემას იმსახურებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოში მონარქიის აღგდენა სადღეისოდ ნაადრევია, მაგრამ ათი-ოცი წლის შემდეგ, საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს და საკონსტიტუციო მონარქიაზე გადასვლა მისაღები იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მონარქიის აღდგენის საკითხზე რაიმე ფორმით საუბარი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში არ ყოფილა, რადგან ინიციატივით არავიინ გამოსულა.

„რაც უწმინდესმა ბრძანა არის ჭეშმარიტება - საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი, ადგილობრივი სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კომენტარების გაკეთება“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციურ მონარქიის საკითხზე და მის მნიშვნელობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

„იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი“, - განაცხადა ილია მეორემ.

ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო მონარქია ისეთი საკითხია, რასაც სრული ეროვნული თანხმობა სჭირდება. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პატრიარქის ინიციატივა საყურადღებოა.

„მთელმა ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს გააწყვეტილება. ჩვენი პოზიცია როგორც მთავრობის, იქნება გამომდინარე ქართველი ხალხის ნებიდან. პირადად ჩემს პოზიციას არ გაგიზიარებთ. თუ პატრიარქმა ასეთი ინიციატივა თქვა, სულმ მცირე, განხილვა აუცილებელია“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოში მონარქიის აღდგენის საკითხის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ვიცე-სპიკერს. გია ვოლსკის თქმით, ის, რაც მონარქიის კარს ახასიათებს, თუნდაც დამოკიდებულება აფხაზებთან, ოსებთან, სხვა ერებთან, საქართველოსთვის პოზიტივის მომტანი იქნება, მაგრამ მისი თქმით, სამწუხაროდ, ახლო პერსპექტივაში ამის წინაპირობები არ ჩანს.

„მონარქია არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული წარსულია, არამედ არის ძალიან წარმატებული მაგალითი, რომელიც დასავლეთ ევროპაში არსებობს. ამ ქვეყნებს საკმაოდ წარმატებული განვითარება ახასიათებს როგორც ეკონომიურად, ასევე პოლიტიკურად. ამ თემასთან დაკავშირებით პირადად მე ნამდვილად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ ემოციური შინაარსიდან გამომდინარე.

ეს არის დაკავშირებული სავსებით პრაგმატულ ხედვასთან. საკონსტიტუციო მონარქიის ახლა ამოქმედება რეალურად არ მეჩვენება, რადგან თვითონ მეფის გვარი, მეფის ოჯახი, სამეფო სახლი ჯერ ისე არ არის ჩამოყალიბებული და მომზადებული, რომ რეალური კანდიდატურა წარმოადგინოს. ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ახლავე თუ პოზიტიური განწყობა დაითესება, ურიგო არ იქნება. გადავხედოთ დიდი ბრიტანეთის, დანიის, შვედეთის, ბელგიის, ნორვეგიის და სხვა ქვეყნების მაგალითს, როდესაც ერის და სხვადასხვა ეროვნებების გამაერთიანებელი არის სამეფო ოჯახი“, - აცხადებს გია ვოლსკი.

უმცირესობაში თვლიან, რომ მმართველმა გუნდმა პატრიაქრის ინიციატივა - საკონსტიტუციო მონარქიის თემა, მხოლოდ იმიტომ აიტაცა, რომ ოპოზიციამ არ ისაუბროს ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მონარქია ფუფუნებაა, რომლის შესაძლებლობა ბევრ მდიდარ ქვეყანასაც არ აქვს.

„სწორედ ამიტომ აიტაცა მმართველმა გუნდმა მონარქიის თემა, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე ამ ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი უწმინდესობა საქართველოს პატრიარქიც ნათლად ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ალბათ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მონარქია არის ძალიან ძვირი ფუფუნება, რომლის შესაძლებლობებიც არ აქვს მათ შორის, უმდიდრეს ევროპულ სახელმწიფოებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპულსაქართველოში“ ფიქრობენ, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო მონარქიის დაკანონების საკითხი აბსურდია და გარდა ამისა, გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყნისთვის სამეფო ოჯახის შენახვა მძიმე ტვირთია. მისი თქმით, ხელისუფლება ფარისევლობს და ცდილობს, რომ ეს თემა რამდენიმე დღიან ნიუსად აქციოს.

„ამ საკითხს რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორი არის პატრირქი. კობახიძემ საერთოდ ჯეკპოტი მოხსნა ამით, რაც მე მოვისმინე. არ მგონია, რომ ეს შეთანხმებული თემა იყოს, მის უწმინდესობას აქვს ეს პოზიცია უმრავლესობა კი იქცევა, როგორც ფარისეველი, ასე იფარისევლებენ, დაბერავენ ლოყებს და იტყვიან, რომ ხალხს უნდა ვკითხოთ... რამდენიმედღიანი ნიუსი ექნებათ“, - ამბობს გიგი უგულავა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების მიზანშეუწონლობაზე საუბრობენ კონსტიტუციონალიტები. ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, უმრავლესობის მზადყოფნა და შეხვედრა პატრიარქთან, ეს არის ტაქტიკური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს, გადაფაროს ის შენიშვნები, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა.

„შეგიძლიათ დამისახელოთ რომელიმე სახელმწიფო, სადაც აღსდგა მონარქია? ასეთი სახელმწიფო არ არსებობს, არსად არ აღდგენილა მონარქია. პირიქითი პროცესი კი მიდის. საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენის მცდელობა იყო რუმინეთში, მაგრამ წარუმატებლად დამთავრდა. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ახალი თემა. 1995 წელს, როდესაც კონსტიტუციის მიღება ხდებოდა და შემდგომ პერიოდშიც წამოიჭრებოდა ხოლმე ეს თემა.

მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, ღრმა რწმენისა და დიდი სიყვარულისა უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ, მოსახლეობის ინტერესებიდან და პოზიციიდან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია, რომ უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს ამ იდეას.

უმრავლესობის მზადყოფნა, რომ შეხვდეს პატრიარქს, ეს არის ტაქტიკური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს, გადაფაროს ის შენიშვნები, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა და მეორე, გაწელოს დრო, აჩვენოს, რომ აი, პოლიტიკური პლურალიზმი, ანუ, აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობაშიც არის, ისევე როგორც საარჩევნო სამართალთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, მმართველი გუნდის მხრიდან არის სწორი სვლა, რომ ყველა ვარიანტი განიხილოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა მისი უწმინდესობის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს“, - აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.

რაც შეეხება გია ვოლსკის განცხადებას, რომ ურიგო არ იქნება გადავხედოთ დიდი ბრიტანეთის, დანიის, შვედეთის, ბელგიის, ნორვეგიის და სხვა ქვეყნების მაგალითს, როდესაც ერის და სხვადასხვა ეროვნებების გამაერთიანებელი არის სამეფო ოჯახი, კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომ ვიცე-სპიკერს საწინააღმდეგო არგუმენტები მოჰყავს.

„2009-2010 წელს, მე როგორც კომისიის თავმჯდომარე ჩართული ვიყავი ამ პროცესში. მაშინაც კი ვერ იქნა გამონახული ღირსეული და ნამდვილი კანდიდატი და ითქვა, რომ კომპრომისის სახით გადავწყვიტოთო, კერძოდ - რეგენტად იყოს პატრიარქი და გაზარდოს მომავალი მონარქი. თუ ამ გზით წავედით, ანუ მონარქია აღვადგინეთ, მაშინ ახლავე უნდა შევქმნათ სარეგენტო საბჭო. თუ მომავალი მონარქი არის მცირეწლოვანი, ასეთ შემთხვევაში იქმნება სარეგენტო საბჭო. როგორც მაგალითად ესპანეთში, ფრანკო იყო მომავალი მონარქის რეგენტი.

საქართველოში ამბობდნენ, რომ პატრიარქი იყოსო, ასევე იყო საუბარი, რომ შეიქმნას სარეგენტო საბჭო, რომელშიც იქნება პრეზიდენტი, მაგრამ მაშინაც კი, ეს საკითხი დასრულდა კულუარული დონის ლაპარაკად. ამიტომ, ის, რასაც გია ვოლსკი ამბობს, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე განუხორციელებელია და ჩემი აზრით სამომავლოდაც განუხორციელებელია.

არამიზანშეწონილი არის ამ პროცესზე გადასვლა. უკაცრავად, მაგრამ კონსტიტუცია ახლიდან უნდა დაიწეროს? იმიტომ, რომ მონარქთან დაკავშირებით არსებითი ცვლილებები არის შესატანი. ამ ეტაპზე, მანამ ირაკლი კობახიძე არის თავმჯდომარე და ახალგაზრდები, რომლებიც ძირითად ბირთვს შეადგენენ პარლამენტის შემადგენლობაში, ამას არ დათანხმდებიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილმა.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ეკლესიის გადმოსახედიდან მონარქი არის გამართული სახელმწიფო სისტემა. ის, რომ მონარქი უნდა იყოს თანამედროვე, უნდა მეფობდეს და არ მართვადეს, ძაბირაძის განცხადებით ესეც სწორია და ასეთია დასავლური მონარქიები, მაგრამ მისი თქმით, არის ერთი „პატარა“ განსხვავება.

„ყველა ის ქვეყენა, სადაც დღეს არის კონსტიტუციური მონარქია, ამ მოდელამდე მივიდა ისტორიული განვითარებისა და სამეფო დინასტიის უწყვეტობის პირობებში, ისტორიულმა პროცესმა მიიყვანა ეს ხალხი აქამდე. სადაც ეს ვერ მოხერხდა, მაგალითად საფრანგეთი და გერმანია - იქ მონარქის იდეა აღარ გაჩენილა. არაფერს ვლაპარაკობ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე და ბალტიის ქვეყნებზე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მონარქის ნორმა სამამულო ომის შემდეგ გაქრა, ჩვენთან მონარქია 1801 წლიდან გაუქმდა. ანუ ორ საუკუნოვანი წყვეტა გვაქვს“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, მონარქიული სისტემა და მონარქის შენახვა, ეს არ არის პრეზიდენტი, რომელსაც ოთახებს და კვადრატულ მეტრს უთვლი. თუ მონარქია და მონარქი უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მატერიალური უზრუნველყოფა.

„გადახედეთ აბა, რა ჯდება მონარქის შენახვა? ინგლისშიც კი, საკმაოდ ძვირი ჯდება სამეფო კარის შენახვა. იმ ქვეყნებში სადაც სიმშვიდეა, ამას მონარქი კი არ უზრუნველყოფს, არამედ მთლიანად პოლიტიკური სისტემა და საზოგადოება. ბალტიისპირეთში არ ჰყავთ მონარქი და რატომ არის იქ სიმშვიდე? ჩეხეთი, სლოვაკეთი და ა.შ.?

ჩნდება პრობლემები და ისევ იწყება არასწორი მიმართულებით სვლა. სამწუხაროდ, როცა რაღაცა პრობლემები ჩნდება ინსტიტუტებთან მიმართებაში, ვიწყებთ არა მის გამოსწორებას, არამედ ვიწყებთ ახლის ძიებას, ახლა თურმე მონარქი გვინდა. კარგით რა, 9 მონარქი რომ დასვა საქართველში, არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ვერ შეცვლის. სისტემა უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

როგორც კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომც გვინდოდეს მონარქი, უბრალოდ რეალური კანდიდატი არ გვყავს. მით უფრო, საკონსტიტუციო მონარქის დამკვიდრების შემთხვევაში ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზიები შეიძლება ძალიან ბევრს გაუჩნდეს.

„ბაგრატოვანთა წარმომადგენლებში არის დაპირისპირება. იმერეთის შტო არის ცალკე. ერთი ნაწილი ამბობს, რომ იმერეთის შტო უნდა გახდეს მონარქი, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ჯერჯერობით კანდიდატი არ არსებობს. ერთი-ორჯერ დაიწყო ამაზე საუბარი და თვითონ ბაგრატოვანთა შორის იყო ძალიან დიდი დაპირისპირება, ვერ მოხერხდა შეთანხმება, ვინ უნდა ყოფილიყო ტახტის მემკვიდრე.

უფრო მეტიც, ხელოვნურადაც კი შეიქმნა საქართველოში სამეფო ოჯახი, რომელიც მერე გაყრით დასრულდა. ისტორიულ პროცესს თავისი განვითარება და კანონზომიერება აქვს. ამ კანონზომიერებებში, ხელოვნურ ჩარევებს, სიკეთე არავისთვის მოუტანია და არც ჩვენ მოგვიტანს.

კი ბატონო, ვიფიქროთ, ვიოცნებოთ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ქვეყანა მოვაწესრიგოთ, ჯერ ინსტიტუციები დავალაგოთ, ვიდრე იმაზე ვიდავოთ, შემოვიყვანოთ თუ არა საქართველოში მონარქის ინსტიტუტი. რა მონარქი უშველის იმას, თუ ბონუს სისტემა იქნება, ან - ერთპარტიული პარლამენტი? ახლა, ამ თემის ისევ წამოწევა და იმის მტკიცება, რომ საქართველოში თუ იქნება მონარქია, იქნება სიმშვიდე, არასწორია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.