აფგან მუხთარლის საქმეზე უმრავლესობის წევრები შს მინისტრს შეხვდებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ჟურნალისტის საქმეზე კონსულტაციების გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს. ბესელიას განცხადებით შს მინისტრთან შეხვედრა არ იქნება კონსპირაციული შეხვედრა, მაგრამ არც ღია იქნება და არც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
მისი თქმით, შს მინისტრთან შეხვედრის მიზანია ბევრი ისეთი ინფორმაცია მიიღონ, რაზეც შეიძლება პირდაპირ ეთერში საუბარი უხერხული იყოს, რადგან საქმე ორ ქვეყანას შორის ურთერითობასაც ეხება.
„გიორგი მღებრიშვილისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, იქნება კონკრეტული ხედვა, თუ რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა დამატებით ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი, ადამიანის უფლებების, კონსტიტუციური უფლების დაცვისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კუთხით.
ამ პროცესს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით. საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პარლამენტის როლი იქნება გარკვეული კონტროლი ჰქონდეს გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
არსებული ინფორმაციით, უმრავლესობისა და შს მინისტრის შეხვედრა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გავრცელების შემდეგ გადაწყდა, რომელშიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაადგილებაა დაფიქსირებული. „პ.ს.“-მა იმ მარშრუტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი მოიპოვა, რომლითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მისი გაუჩინარების დღეს გადაადგილდებოდა.
ერთ-ერთი დაწესებულების ჩანაწერებში, რომლებზეც, აფგან მუხთარლის მიერ აღწერილი ფაქტები უნდა ყოფილიყო ასახული, ჩანს, რომ 19:09 საათიდან დრო 19:05-ზე გადადის და სრულიად განსხვავებული კადრით იცვლება. კონფიდენციალური ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტის გადაადგილების ამსახველი კადრები ვიღაცამ განგებ ჩაანაცვლა. კონფიდენციალური წყარო ერთ-ერთი დაწესებულების ვიდეოდან მთელი კვირის მასალის გაქრობაზეც საუბრობს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტის გადაადგილების ამსახველი კადრები ვიღაცამ განგებ ჩაანაცვლა. არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ სათვალთვალო კამერაზე არის ვითარება შეცვლილი და ამას ჰქვია მტკიცებულების განადგურება.
„ერთ-ერთ სათვალთვალო კამერაზე არის ვითარება შეცვლილი და ამას ჰქვია მტკიცებულების განადგურება სისხლის სამართალში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით შესაძლებელია, სხვა მტკიცებულებებიც უკვე განადგურებული იყოს. იყო თუ არა აქ მტკიცებულებების გაყალბება, ესეც გამოძიების საკითხია.
ესეც უნდა იყოს გამოძიებული და გამოძიებამ უნდა გასცეს კითხვა პასუხი, ვინ გაიტაცა აფგან მუხთარლი და მონაწილეობდნენ თუ არა ოფიციალური სპეცსამსახურის ოფიციალური თანამშრომლები ან სხვა ოფიციალური პირები. და მეორე - ჰქონდა თუ არა მტკიცებულებების გაყალბებას ადგილი და ვის მიერ გაყალბდა ეს მტკიცებულებები“, - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.
პრემიერ-მინისტრს არასწორად მიაჩნია წინასწარი დასკვნების გაკეთება.
„გამოძიება მიმდინარეობს, უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ ჩაატარონ საჭირო პროცედურები, რომელიც დღეს მიმდინარეობს. რა ჩანაწერი იყო ნანახი, რა სამხილები არსებობს საქმეში, წინასწარი დასკვნების გაკეთება არასწორად მიმაჩნია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიცია კი მტკიცებულებების გაყალბებაში შსს-ს და სუს-ს ადანაშაულებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ფირის დამონტაჟება კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავად ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული აფგან მუხთარლის გატაცებაში.
„ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიცილებს. ფაქტია, რომ ხელისუფლების მონაწილეობით მოხდა ეს. ამიტომ, ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ ვერ შედგება ვერავითარი გამოძიება თუ სასწრაფოდ არ იქნა გათავისუფლებული სულ მცირე 3 ადამიანი, ორი ძალოვანი მინისტრი და ერთი, ბატონი ჯეჯელავა, რომელმაც ხელი შეუწყო დანაშაულის დაფარვას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში, ქართველი სამართალდამცავების ჩართულობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. პარტიის ლიდერები სწრაფი გამოძიების მიზნით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. სერგო რატიანის განმარტებით, აფგან მუხთარლის საქმე რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიოს, ამას არ ექნება ნდობის მაღალი ხარისხი, შესაბამისად დეპუტატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია კომისიის შექმნა.
„ფაქტობრივად, საქართველოს საგამოძიებო უწყებები და ძალოვანები არიან ეჭვმიტანილი სერიოზულ დანაშაულში. შესაბამისად საქართველოს პარლამენტის გარდა თეორიულადაც კი არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს აღადგენდა. ეს რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიოს, ამას არ ექნება ნდობის მაღალი ხარისხი. ამიტომ აუცილებელია კომისიის შექმნა. ეს ეხება საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ უნდა განვახორცილეოთ კონტროლი და ზედამხედველობა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
ოპონენტებს აფგან მუხთარლის საქმეში პარლამენტის ჩართულობის ფორმატთან დაკავშირებით საუბარს სთავაზობს თამარ ჩუგოშვილი. ვიცე სპიკერის განცხადებით, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ პარლამენტმა ტრადიციულ როლთან შედარებით უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას.
„პარლამენტის როლი უნდა იყოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე. დამერწმუნეთ, რომ თქვენზე უფრო მეტად ჩვენთვის არის მტკივნეული იმიტომ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ პრობლემურ საკითხზე და ჩვენც ნათლად ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ პარლამენტმა ტრადიციულ როლთან შედარებით უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას. ჩვენ შეგვიძლია ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ან უახლოეს დღეებში გვქონდეს საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს საუკეთესო ფორმატი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ჟურნალისტის საქმის გამოძიება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოხდეს. მამუკა მდინარაძე საქმის ძიებისას არც სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების კონტროლს გამორიცხავს, თუმცა არსებულ ვითარებაში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას პოპულისტურს უწოდებს.
„სამართალდამცავებს აქვთ განსაკუთრებული ვალდებულება, განსაკუთრებული ობიექტურობით და კონტროლზე აყვანით თუნდაც, თანამდებობის პირების მხრიდან, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირებზე მაქვს საუბარი, ყურადღებით განიხილონ და გამოიძიონ ეს საქმე.
საგამოძიებო ორგანოების ნამოქმედარზე თუ კონკრეტული კითხვის ნიშნები გაჩნდება, ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა კომისიების შესახებ. წინასწარ საგამოძიებო კომისიების შექმნა არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი და ამის მოთხოვნა - განსაკუთრებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეში ქართველი სამართალდამცველების მოანწილეობას გამორიცხავს შს მინისტრი. გიორგი მღებრიშვილი „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერია ამოღებული და პოლიციის ტანსაცმლიანი ადამიანის მოძრაობა არ ფიქსრიდება.
„მინდა ცალსახად გამოვრიცხო, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში შსს-ს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი. საერთოდ, როგორ ფიქრობთ, მოვლენათა ყველაზე წარმოუდგენელი განვითარების შემთხვევაშიც, კრიმინალური პოლიცია, თავისი ფორმით, იტაცებს ადამიანს დღისით-მზისით, ქალაქის ცენტრში და ამას ვერავინ ხედავს?! ამ ვერსიას თეორიულადაც კი ვერ დავუშვებ.
ამასთან ჩვენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოვიღეთ აფგან მუხთარლის მიერ ადვოკატისთვის დასახელებულ ლოკაციებზე და ყველა სავარაუდო მარშრუტზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, გამოვკითხეთ უამრავი პირი... დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პოლიციის ტანსაცმლიანი ადამიანის მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიებზე დროის მოცემულ მონაკვეთში საერთოდ არ ფიქსირდება“, - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.