რეჯეპ ტაეპ ერდოღანი ყველა ფრონტზე უტევს მოწინააღმდეგეს. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ პასუხს გასცემს აშშ-ს მისი დაცვის წევრების დაკავების ორდერის გაცემისთვის.
„ჩემი დაცვის 12 წევრზე დაკავების ორდერი გასცეს. ეს რა კანონია, თუ დაცვის წევრებს ნებადართული არ აქვთ ჩემი დაცვა აშშ-ში, მაშინ თან რატომ წავიყვანო?“ - გაოცებას ვერ ფარავს ამერიკული კანონების შემხედვარე ერდოღანი და 16 მაისის ინციდენტს იხსენებს.
მისი ინტერპრეტაციით, აშშ-ში ჩასვლისას მისი ადგილსამყოფელიდან სულ რაღაც 40-50 მეტრში „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. ამის მიუხედავად, ამერიკულმა პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა. ამის გამო ერდოღანი უფლებას იტოვებს, ამიერიდან ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური და იურიდიული მეთოდებით შეებრძოლოს.
ერდოღანის ნათქვამისგან განსხვავებით, კოლუმბიის ოლქის პოლიცია იტყობინება, რომ ერთი თვის წინ აშშ-ში ერდოღანის ვიზიტს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ვაშინგტონში თურქეთის პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელიც ერდოღანის დაცვის წევრებმა დაარბიეს. როგორც აღმოჩნდა, დარბევას თავად ერდოღანიც ადევნებდა თვალს. მოგვიანებით, პოლიციამ ერდოღანის დაცვის ორი წევრი დააკავა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლა. ჩხუბის დროს ცხრა ადამიანი დაშავდა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან ვაშინგტონთან რეალურ დაპირისპირებას ეჭვის თვალით უყურებს და ფიქრობს, რომ ერდოღანის მკვეთრი ტონი მხოლოდ ფრონდა, ანუ ვინმეს გაჯავრების სურვილი შეიძლება იყოს, ვინაიდან დღეს ერდოღანს არ აქვს ისეთი მდგომარეობა, ამერიკას ჭიდაობა დაუწყოს.
„ყველაფერს თავი დავანებოთ, ნუ ავიწყდება ერდოღანს, რომ მისი ქვეყანა მაინც ნატოს წევრია და მთელი მისი სამხედრო სტრუქტურა, შეიარაღებიდან დაწყებული, ლოჯისტიკით დამთავრებული, მიბმულია ალიანსზე. გარდა ამისა, ერდოღანს საბოლოოდ რუსეთთანაც არ აქვს დალაგებული ურთიერთობა. ამას წინათ პუტინს ვიღაც ეკითხებოდა პროვინციიდან, ჩვენ საბოლოოდ ვიძიეთ თუ არა შური თურქეთზე თვითმფრინავის ჩამოგდების გამოო? ჩვენ ხომ ვიცით, ეს კითხვები კრემლში წინასწარ იწერება და პუტინთანაა შეთანხმებული. რახან ეს კითხვა გაუშვეს, მართლა იძია თუ არა შური რუსეთმა თურქეთზე, ამითაც ჩანს, რომ თვითონ რუსეთიც მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ არის თურქეთთან ურთიერთობით. ამას ემატება ისიც, რომ თურქეთმა უარი თქვა რუსული ხორბლის შეძენაზე და მთელი რიგი დაპირისპირებებია სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. ამიტომ არა მგონია, ღრმა წინააღმდეგობაში გადაიზარდოს ერდოღანის დამოკიდებულება ვაშინგტონთან“,-აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში და მიიჩნევს, რომ ერდოღანი უბრალოდ ტრაბახობს და მისი განცხადება, თითქოს იგი პასუხს გასცემს აშშ-ს მისი დაცვის წევრების დაკავების ორდერის გამო, უფრო შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე ერდოღანის ამ განცხადებაში იმ ქვეტექსტს ხედავს, რომლის მიხედვითაც, თურქეთსა და შეერთებულ შტატებში ყველაფერი უნდა მოხდეს ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად. მათ შორის, ეს ეხება პირადი მცველების თანხლების საკითხსაც საკუთარი დაცვის ობიექტთან.
„აქ საუბარია დაცვის იმ წევრებზე, რომლებმაც დარბევაში მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ მთავარია სიმართლის გარკვევა, მართლაც იყო თუ არა ეს დარბევა, თუ ეს იყო გაუგებრობა ან უფლებამოსილების გადაჭარბება და რამდენად შეესაბამება ეს შესაბამის კანონმდებლობას. შეერთებულ შტატებს აქვს კარგად აწყობილი დემოკრატია, თურქეთსაც ძალიან საინტერესო ლიდერი ჰყავს და ისინი ამ საკითხის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებს გაარკვევენ. თურქეთ-ამერიკა-რუსეთ-აზებაიჯან-სომხეთის კონფრონტაციიდან, რასაც ზოგჯერ მიესალმებიან საქართველოში, ჩვენ ნაკლებ სარგებელს მივიღებთ. ამიტომ უმჯობესია ქვეყნებს შორის ცივილიზებული ურთიერთობის არსებობა. სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე არსებითი ზეგავლენის მოხდენა საქართველოს არ შეუძლია, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რთული სამეზობლოთი. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება, ივანიშვილი და მისი გუნდი ამ უაღრესად რთულ სამეზობლოსთან ურთიერთობებს სწორად აბალანსებს. თურქეთში ურთულესი სიტუაციაა, ბევრი რამ სხვაგვარად ლაგდება. 10-15 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ინჯირლიკის ბაზაზე გერმანელებს არ შეუშვებენ თავიანთი მოსამსახურეების მოსანახულებლადო, სახტად დარჩებოდა, მაგრამ დღეს, ფაქტობრივად, ასეა. როდესაც შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ნატოს ბაზის არსებობა ამ ტერიტორიაზე, როდესაც ევროკავშირმა თურქეთს ცალსახად უთხრა უარი გაწევრიანების პერსპექტივაზე უახლოეს პერიოდში, როდესაც თურქული დემოკრატია სპეციფიკურ მოხაზულობას იღებს, აქ უკვე ძალიან ძნელია რეალურ პერსპექტივაზე საუბარი“,-აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
მისი აზრით, ბოლო სამი საუკუნის პოლიტიკური ვექტორები რეგიონში უკვე იცვლება. თუკი მე-18-19 საუკუნეების ირან-ოსმალეთ-რუსეთის ურთიერთობებს გავიაზრებთ და ამას ირანისა და რუსეთის, ასევე, თურქეთისა და რუსეთის დღევანდელ მოკავშირეობას შევუდარებთ, დავრწმუნდებით, რომ დღეს წარმოუდგენლად ახალი გეოსტრატეგიული ვითარებაა. არადა, საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი და მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო ფაქტორზე. ცალსახად სწორად მოვძებნეთ პარტნიორი შეერთებული შტატების სახით, მაგრამ მოვლენათა გარკვეული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, ჩვენ სხვა სახისა და სხვა ინტენსიობის ურთიერთობები დაგვჭირდება თურქეთთან და რუსეთთან, რადგან შეერთებულ შტატებს სხვა ბევრი გლობალური გეოპოლიტიკური პრობლემა აქვს და შესაძლოა, კავკასია არ ჩაითვალოს წინააღმდეგობათა კვანძის გახსნის ადგილად.
ამიტომ ვაჟა ბერიძის აზრით, საქართველოს ბრძნული საგარეო პოლიტიკური ურთიერთობა მართებს და არა კონფრონტაცია, რისკენაც მოგვიწოდებენ ზოგიერთები მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, თუნდაც აზერბაიჯანთან მიმართებით. ჩვენ უნდა ვუგულშემატკივროთ დემოკრატიას არა მარტო თბილისში, არამედ თურქეთშიც, აზერბაიჯანშიც, სომხეთსა და რუსეთშიც. ჩვენ ვერ ვიქნებით დემოკრატიის ოაზისი, თუკი ამ ქვეყნებში დემოკრატია ვერ განვითარდება. ამიტომ აზერბაიჯანული დემოკრატიისთვის ბრძოლის ავანგარდში ყოფნა მოზომილად გვმართებს. ბოლოს და ბოლოს, აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიონირია, საიდანაც გაზსა და ნავთობს ვიღებთ დეფიციტის შესავსებად.