Depeche Mode დროებით გაერთიანდა

Depeche Mode დროებით გაერთიანდა

რამდენიმე დღის წინ ბრიტანული ჯგუფი “Depeche Mode”-ს კლავიშებზე დამკვრელმა მარტინ გორმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მუსიკოსმა ჯგუფის ერთ-ერთ დამაარსებელ, ვინს კლარკთან ერთად მონაწილეობა მიიღო ახალი ტექნო-დისკის ჩაწერაში. მუსიკოსებს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ.

 

“მოულოდნელად ვინს კლარკისაგან წერილი მივიღე, სადაც მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა: “ახალ ტექნო-ალბომზე მუშაობას ვიწყებ. თუ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება გსურს აუცილებლად დამიკავშირდი. გპირდები, რომ სრულ შემოქმედებით თავისუფლებას მოგანიჭებ”. რასაკვირველია ვინსის შემოთავაზებას დავთანხმდი და ამჟამად სტუდიაში ერთად ვმუშაობთ” – განაცხადა მარტინ გორმა.

 

ვინს კლარკი “Depeche Mode”-ს კლავიშებზე დამკვრელი იყო. 1981 წელს ჯგუფი მიატოვა და საკუთარი მუსიკალური კარიერა ჯგუფებში “Yazoo” და “Erasure”-ში გააგრძელა. ორი ათეული წელია ძველ კოლეგებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. მაგრამ იყო ერთი გამონაკლისიც. 2010 წელს “Depeche Mode”-ს დანარჩენ წევრებთან ერთად რემიქსების ალბომის “Remixes 2: 81-11” ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.

 

ჯგუფი “Depeche Mode” ინგლისის ქალაქ ბაზილდონში 1980 წელს ჩამოყალიბდა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: დეივ გაანი (ვოკალი), მარტინ გორი (ვოკალი, კლავიშები), ენდი ფლეტჩერი (კლავიშები) და ვინს კლარკი (კლავიშები). კლარკმა ჯგუფი 1981 წელს დატოვა და მისი ადგილი ალან უაილდერმა დაიკავა.

 

2006 წელს ჯგუფმა დაიმსახურა MTV Europe Music Awards-ის მთავარი ჯილდო ნომინაციაში “წლის საუკეთესო ჯგუფი”. სხვადასხვა დროს “Depeche Mode”-ს გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ცალი  ალბომი.