ტრამპის ადმინისტრაციამ ობამას პრეზიდენტობის დროს მიღებული წესი გააუქმა, რომელიც მილიონობით არალეგალს, რომლის შვილიც ამერიკაში იყო დაბადებული, ქვეყანაში დარჩენის უფლებას აძლევდა.
2014 წელს მიღებული კანონი მიზნად ისახავდა იმ ბავშვების ოჯახების დახმარებას, რომლებსაც დეპორტაციის საფრთხე ემუქრებოდათ. სავარაუდოდ, ობამას კანონი 4 მილიონ ადამიანს შეეხებოდა.
შეეხება თუ არა დონალდ ტრამპის მორიგი აკრძალვა ქართველი მიგრანტების შვილებს, რომლებიც ამერიკაში არიან დაბადებულნი?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ტრამპის ეს განცხადება უშუალოდ ქართველებს არ შეეხება, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, თუკი პრინციპულად მოხდება ტრამპის განკარგულებების იმპლემენტაცია, ანუ ცხოვრებაში გატარება, მაშინ ეს ამერიკაში დაბადებულ ქართველებზეც აისახება.
„ამერიკაში ბევრი არალეგალის შვილი იბადება. ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, ისინი ამერიკის მოქალაქეები არიან. ამერიკაში დაბადებული ყველა ბავშვი ავტომატურად ამერიკის მოქალაქე ხდება, თუკი მის მშობელს ასე სურს. შეიძლება, ქართველ ან რუს დიპლომატს ამერიკაში ბავშვი გაუჩნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად ამერიკის მოქალაქეა, ეს მშობლის სურვილზეა დამოკიდებული. ამიტომ არალეგალთა შვილებს ჯერ ვერ გამოყრიან, რადგან ამერიკის კონსტიტუციაშია ჩაწერილი ეს და, რომ გამოყარონ, მაშინ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ. მე ვიცი ქართველების ერთი ოჯახი, რომელმაც სამი შვილი გააჩინა ამერიკაში, სამივე ამერიკის მოქალაქეა და სამივე ბავშვი ღებულობს იქაურ დახმარებას. მთელი ოჯახი ცხოვრობს ამ სამი პატარა ბავშვის ხარჯზე, იმხელა დახმარებას იღებენ ისინი“, -აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
მისივე თქმით, ტრამპის განკარგულებებმა არ უნდა შეგვაშინოს, რადგან ეს არ არის კონგრესის მიერ მიღებული აქტები. ტრამპის განკარგულებებს ათასი ინსტანცია, სასამართლო აქვს გასავლელი. მაგალითად, ვაშინგტონის სასამართლომ ტრამპის ორ აქტს შეუჩერა მოქმედება, სან-ფრანცისკოშიც ასევე მოიქცნენ. ამიტომ ეს განკარგულებები ჯერ მხოლოდ ქაღალდზეა დარჩენილი.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ტრამპმა თავი მართლაც გაიგიჟა და ბოლომდე მიიყვანა ეს პროცესი, ბუნებრივია, ქართველებსაც მოუწევთ დაბრუნება. მით უმეტეს, იქ არალეგალი ქართველები ბლომად არიან. მათი რიცხვი ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ბევრნი არიან“.
მიგრაციის საკითხებში ექსპერტ ნანა ნაზაროვას თქმით, რამდენი ქართველი იბადება ამერიკაში, ამის სტატისტიკა ქართულ მხარეს არ აქვს, რადგან ესენი არიან არადოკუმენტირებული მიგრანტები. მთლიანობაში, ამერიკაში ბევრი ქართველი არ უნდა იბადებოდეს, რადგან ემიგრაციაში მყოფ ქართველებს უმძიმესი სამუშაო გრაფიკი აქვთ და ხშირად ოჯახის შესაქმნელად არ სცალიათ.
ექსპერტის სიტყვით, არალეგალებსა და არადოკუმენტირებულ მიგრანტებს შორის მკვეთრი განსხვავებაა. ის ადამიანი, ვინც ამერიკის საზღვარზე ოფიციალურად გადავიდა პასპორტში ჩაკრული ვიზით და მერე ბევრად მეტი ხნით დარჩა იმ ქვეყანაში, არარეგისტრირებულ, არადოკუმენტირებულ მიგრანტად ითვლება, რაც კრიმინალური დანაშაული არ არის და მხოლოდ ადმინისტრაციული დანაშაულია, ხოლო ის ადამიანი, ვინც ამერიკაში უვიზოდ, დამალულად შევიდა მთების, ტყეების გავლით (და არა საზღვარზე), უკვე არალეგალ მიგრანტად ჩაითვლება. ასეთი არალეგალები ძირითადად მექსიკელები არიან. ისინი ამერიკაში საზღვრის გადალახვის გარეშე არალეგალურად შედიან და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ამიტომ უნდა გავარკვიოთ, ტრამპის ადმინისტრაციის აკრძალვა არალეგალურ მიგრანტებს შეეხება, თუ არადოკუმენტირებულ მიგრანტებს? ჩვენები ძალზე ცოტანი იქნებიან, ვინც ამერიკაში შესვლას არალეგალურად გარისკავდა. ჩვენი ხალხი ძირითადად არადოკუმენტირებულ მიგრანტებს მიეკუთვნება. ამის სტატისტიკა, კვლევები არ არსებობს და ყველაფერი გადმოცემითა და ნაამბობით ვიცით. არ მინდა, ვთქვა, რომ ამერიკაში რასობრივი განსხვავებაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოდან ჩასულები გარეგნულად მაინცდამაინც არ ჩანან, ჩვენები მაინც თეთრები არიან და ვიზუალურად დიდად არ განსხვავდებიან ამერიკელებისგან. ამავეს ვერ ვიტყვით მექსიკელებზე“, - აცხადებს ნანა ნაზაროვა For.ge-სთან საუბარში და ეჭვობს, ამერიკაში საქართველოდან წასულ მიგრანტებს ბევრი შვილი გასჩენოდათ.
მისი დაკვირვებით, ემიგრაციაში სამუშაოდ ძირითადად ქალები მიდიან, რათა ოჯახებს გამოუგზავნონ ფული, მათი შვილები კი საქართველოში არიან დარჩენლნი. რაც შეეხება უცხოეთში წასულ დაუოჯახებელ ახალგაზრდებს, ნანა ნაზაროვა აცხადებს, რომ ემიგრაციაში ისეთი მძიმე სამუშაო რეჟიმია, ოჯახის შექმნაზე არც ფიქრობენ. ამიტომაცაა ჩვენთან სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა და საზღვარგარეთ წასული ახალგაზრდები არ ქორწინდებიან, ბავშვები არ ჰყავთ, ხოლო, როცა საქართველოში ბრუნდებიან, უკვე ასაკში არიან, რაც სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემებს იწვევს საქართველოში.